„ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებლისა და ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით, დეკემბრის მიწურულს, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 097-ს მიაღწევს, უარეს შემთხვევაში, 11 ათასს გაუტოლდება. ანუ, ამ მონაცემებით, მომდევნო ორთვე-ნახევარში, კოვიდს მინიმუმ 760 და მაქსიმუმ 1670 ადამიანი ემსხვერპლება.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ორი თვის წინ, აგვისტოში, როდესაც ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი სწორედ იმდენი გვქონდა, რამდენიც დღეს, 13 ოქტომბერს გვაქვს - 4800-ზე მეტი, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, დიდი ალბათობით, მომდევნო დღეებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, საქართველოში კოვიდით ყოველდღიურად 70-80 ადამიანი კვდებოდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციისგან განსხვავებით, რეალური შედეგი კიდევ უფრო პესიმისტური და მძიმე აღმოჩნდეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულოა, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში პირბადეს მოქალაქეთა მხოლოდ 48% ატარებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ეპიდვითარებას და ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
თვალსაჩინოებისთვის, თუ რატომ არის პირბადის მოხმარება COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ისევ საქართველოს მონაცემები. პირბადის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში გვქონდა მიმდინარე წლის მარტ-აპრილში და ის 64-72%-ს აღწევდა. წელს, სწორედ ამ პერიოდში გვქონდა ყოველდღიური ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 400-700 შემთხვევა.
„ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი გაორმაგდება და 95%-მდე აიწევს ნიღბის ტარების მაჩვენებელი, მაშინ 2022 წლის პირველი იანვრისთვის, საქართველოში კოვიდით დაახლოებით 600-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვლება. დღიური ინფიცირების მაჩვენებელი კი დეკემბრის მიწურულს, შესაძლოა, 300-მდე დავიდეს.
რაც შეეხება ვაქცინაციას, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინდიკატორია, 13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მთელი მოსახლეობის მხოლოდ 22%.
უკანასკნელი ორი კვირაა, ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 3000-დან 7000-მდე მერყეობს. მათ შორის, მოქალაქეთა უმეტესობა, ვაქცინაციის მეორე დოზით იცრება. პირველი დოზით ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კი დაახლოებით 700-1500-ია, რაც უკიდურესად დაბალი რიცხვია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, იმისათვის, რომ ქვეყანას წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% სრულად აეცრა, დღეში მინიმუმ 25-30 000 დოზა ვაქცინა უნდა გაეკეთებინა. 13 ოქტომბრის მონაცემებით კი, საქართველოში სრულად, ანუ ორი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 31%. ანუ ზუსტად 7 თვეში, საქართველომ მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 31% აცრა. ეროვნული გეგმის შესასრულებლად ქვეყანამ ამდენივე მოქალაქე უნდა აცრას მომდევნო ორთვე-ნახევარში.
დღეს ვაქცინაცია საქართველოში არავისთვის არ არის სავალდებულო. მათ შორის, არც მედპერსონალისთვის. იყო მხოლოდ დათქმა, რომ 15 სექტემბრიდან, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ე.წ. ესენციური ჯგუფები (მედპერსონალი, პედაგოგები, მძღოლები, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები) სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებოდნენ. სხვა შემთხვევაში, მათ საკუთარი ხარჯებით მოუწევდათ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო პისიარ ტესტის გაკეთება: „თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადოს. სახელმწიფომ უფასოდ მიაწოდა ვაქცინა. კეთილი ინებონ და აიცრან“, - თქვა ჯერ კიდევ აგვისტოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში 13 ოქტომბერს გვითხრეს, დათქმა, რომ 15 სექტემბრიდან არავაქცინირებული ესენციური ჯგუფები თავისი ხარჯით ჩაიტარებდნენ სავალდებულო პისიარ ტესტებს, პირველ ნოემბრამდე გადავადდა.
იგეგმება თუ არა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის გახდეს სავალდებულო?
არა! მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ქვეყანა ახალ, მეხუთე ტალღას შეუდგა, ამ საკითხს ხელისუფლება და გადაწყვეტილების მიმღები პირები არც კი განიხილავენ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე გვეუბნება, რომ ეს თემა, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას:
„ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი იგეგმება. აუცილებელი ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება. არც იმუნიზაციის საბჭოზე, არც საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა ეს თემა, რომ ქვეყანამ რომელიმე პროფესიისთვის ვაქცინაცია მანდატორული გახადოს. შეიძლება რაიმე შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ასეა“.
ირღვევა თუ არა კანონი და ადამიანის უფლებები სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნით?
ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ თავად გადაწყვეტილების მიმღებ პირებსაც. მათ შორის, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, რომელიც თვლის, რომ ვაქცინაციის ვალდებულება ადამიანის (პაციენტის) უფლებებში უხეში ჩარევაა. ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება პანდემიის პერიოდში არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს განცხადებები, ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, 5 ოქტომბერს გაკეთდა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამავე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია, სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას.
კანონის მეხუთე მუხლის თანახმადვე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, სწორედ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლს იშველიებს, როდესაც ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის ვალდებულების დაწესება არ არღვევს კანონს და უფლებებს.
რაც შეეხება თამარ გაბუნიას, ის იშველიებს კანონს „პაციენტის უფლებების შესახებ“, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება.
დისკრიმინაცია და პირად ცხოვრებაში ჩარევა - ეს არის ორი მთავარი არგუმენტი, რომლებსაც სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები დისკუსიისას იშველიებენ და ამბობენ, რომ ე.წ. მანდატორული ვაქცინაცია თუ არავაქცინირებულთათვის გარკვეული მოთხოვნების დაწესება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი, მერაბ ქართველიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს რამდენიმე მთავარ ასპექტს, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება აპრიორი დისკრიმინაციად და უფლებების დარღვევად. პირველ რიგში, მისი თქმით, ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც შეიძლება დააწვეს ჯანდაცვის სექტორს არავაქცინირებული ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში:
„დისკრიმინაციაა თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების არსებითად უთანასწორო პირობებში ჩაყენება. აქ კი ისმის კითხვა, რამდენად მძიმედ შეიძლება დააწვეს არავაქცინირებული პირი ჯანდაცვის სისტემას? მაშინ, როცა არაერთი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ არავაქცინირებული პირებისგან განსხვავებით, ვაქცინირებული პირები ნაკლებად ინფიცირდებიან და ინფიცირების შემთხვევაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ რთულდება, შესაბამისად, ისინი არ ტვირთავენ რეანიმაციებს, მათ სამკურნალოდ არ იხარჯება დიდი თანხა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აცრილი და აუცრელი პირი არსებითად თანასწორ მდგომარეობაში არ არიან და ამიტომ ვერ ვისაუბრებთ დისკრიმინაციაზე“.
რაც შეეხება პირად ცხოვრებაში ჩარევას, რაზეც განსაკუთრებულად აქტიური დისკუსია და მსჯელობა მიდის, მერაბ ქართველიშვილს ამ შემთხვევაში მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამას.
ჩეხეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მედიცინისთვის ცნობილი გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბავშვების სავალდებულო აცრას. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვთა აცრის საკითხის სენსიტიურობა განპირობებულია არა მარტო იმ პირთა შეხედულებებით, რომლებიც ვაქცინაციას არ ეთანხმებიან, არამედ საზოგადოებრივი სოლიდარობის ღირებულებითაც. ბავშვთა სავალდებულო აცრის მიზანია საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვა, განსაკუთრებით მათი, ვინც გარკვეული დაავადებების მიმართ მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას ეთხოვა, გაეწია მინიმალური რისკი აცრის სახით. ასევე, ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები ეროვნული ხელისუფლების დისკრეციის ფარგლებში ხვდება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია უკეთ განსაზღვროს პრიორიტეტები და საზოგადოებრივი საჭიროებები.
მერაბ ქართველიშვილს მაგალითად მოჰყავს ასევე კონკრეტულად კოვიდვაქცინაციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ევროპულ სასამართლოში და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დაეკმაყოფილებინა სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნა. საქმე ეხება, საფრანგეთის წინააღმდეგ სახანძრო სამსახურის თანამშრომლების განაცხადს და, ასევე, საბერძნეთის წინააღმდეგ 30 სამედიცინო მედმუშაკის განაცხადს. ორივე შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა განცხადებები დაარეგისტრირა:
„ეს ადამიანები განცხადებებში მიუთითებდნენ სიცოცხლის უფლების დარღვევასა და პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. სტრასბურგის სასამართლომ მათ უთხრა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით, არ აჩერებს, თუმცა, ამ საქმეს განიხილავს და არის თუ არა სიცოცხლის უფლების დარღვევა და პირად ცხოვრებაში ჩარევა სავალდებულო კოვიდვაქცინაცია, ამას დაადგენს. ანუ, მყისიერი საფრთხე, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობას მიადგება ისეთი ზიანი, რომელიც არ გამოსწორდება, სტრასბურგის სასამართლომ, იმ მომენტში, ვერ დაინახა“.
მერაბ ქართველიშვილის თქმით, ვაქცინაციისა და პანდემიის კონტექსტში საინტერესოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - თუ რა ალტერნატივის წინაშე დგება ამ სიტუაციაში საქართველო:
„რა ალტერნატივა გვაქვს ხოლმე? ეს არის მთლიანად, ქვეყნის ჩაკეტვა, რაც ახდენს გავლენას არაერთ უფლებაზე, მათ შორის, გადაადგილების, შეკრების, განათლების უფლებაზე. რა თქმა უნდა, კოვიდპასპორტის შემოღება შეიძლება განვიხილოთ პირად ცხოვრებაში ჩარევად, თუმცა, ამ შემთხვევაში, სახეზეა ლეგიტიმური საჯარო მიზანი - ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენა“.
მსოფლიო, სავალდებულო აცრა და შეზღუდვები არავაქცინირებულთათვის
მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ უკვე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის, მაგალითად, მედპერსონალისთვის, სათნოების სახლების თანამშრომლებისთვის, პედაგოგებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის.
გარდა ამისა, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს გარკვეულ შეზღუდვებს იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი. მაგალითად, არავაქცინირებული პირი ვერ შევა რესტორანში, კაფეში, კინოში, თეატრში, სტადიონზე, რიგ შემთხვევაში, ვერ იმგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუკი ისინი არ წარადგენენ პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს, ან უახლოეს პერიოდში გადატანილი ვირუსის ცნობას.
ასეთი წესი მოქმედებს, მაგალითად, ავსტრიაში. იმისათვის, რომ მოქალაქე შევიდეს რესტორანში, თეატრში, სტადიონზე, სილამაზის სალონში, საცურაო აუზზე, სავარჯიშო დარბაზში და ა.შ., მან უნდა წარადგინოს ამ სამიდან რომელიმე ცნობა: სრულად ვაქცინაციის ცნობა, პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა იმის შესახებ, რომ COVID-19 ცოტა ხნის წინ გადაიტანა. ამ ტიპის დოკუმენტი უნდა წარადგინოს ყველამ, 12 წლის ასაკიდან. ვენაში, 6 წლის ასაკიდან.
ოქტომბრიდან, დიდ ბრიტანეთში სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარება სათნოების სახლების პერსონალი. სექტემბრის ბოლოდან ღამის კლუბებისა და სხვა მსგავსი სივრცეების სტუმრები ვალდებულნი არიან, წარადგინონ სრულად ვაქცინაციის ცნობა.
კანადა ფედერალურ უწყებებში დასაქმებულ არავაქცინირებულ თანამშრომლებს ე.წ. უხელფასო შვებულებაში უშვებს. მათ აქვთ ვალდებულება, რომ 29 ოქტომბრამდე წარადგინონ სრული ვაქცინაციის ცნობა. მატარებლის, თვითმფრინავისა და საზღვაო ტრანსპორტის მგზავრებმა, 30 ოქტომბრიდან, მგზავრობისას სრული ვაქცინაციის ცნობა უნდა წარადგინონ. 13 სექტემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულოა არაესენციური ბიზნესის, მაგალითად, რესტორნებისა და კინოთეატრების თანამშრომლებისთვის.
სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარება საფრანგეთში მომუშავე მედპერსონალი და სათნოების სახლების თანამშრომლები. ამ სფეროში დასაქმებული 3000-მდე ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს კოვიდვაქცინის გაკეთებაზე.
საბერძნეთში, სექტემბრიდან ექვემდებარება სავალდებულო ვაქცინაციას მედპერსონალი. მანამდე, ივლისიდან, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა სათნოების სახლებში დასაქმებული პირებისთვის. საბერძნეთში შემოღებული ახალი წესების თანახმად, მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში.
უნგრეთში სავალდებულოა ვაქცინაცია მედპერსონალისთვის.
15 ოქტომბრიდან, იტალია ყველა დასაქმებულ პირს მოსთხოვს წარადგინოს ან ვაქცინაციის ცნობა, ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ. ბრძანების თანახმად, პირს, რომელიც უარს განაცხადებს ცნობის წარდგენაზე, უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ, თუმცა, მას სამსახურიდან არ დაითხოვენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჰოლანდიაში, 14 სექტემბრიდან, რესტორანში, ბარში, კულტურულ და სხვა გასართობ ღონისძიებებზე დასასწრებად ე.წ. კოვიდსაშვის წარდგენა მოგიწევთ.
საუდის არაბეთში, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ყველა პირი სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარება. ვაქცინაციის ცნობის წარდგენა მოეთხოვება ყველა იმ პირს, რომელიც კერძო, საჯარო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შედის.
შვეიცარიაში რესტორანში, ბარში, ფიტნესკლუბში შესასვლელად კოვიდსტატუსის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულოა. სერტიფიკატი შეიძლება მოიცავდეს სამ დოკუმენტს: სრული ვაქცინაციის ცნობას, პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს ან ცნობას ვირუსის გადატანის შესახებ.
კინოთეატრში, თეატრსა და კონცერტზე დასასწრებად, იმ პირებს, ვინც არ არის ორი დოზით აცრილი, თურქეთი ავალდებულებს, წარადგინოს პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.
აშშ-ის ფედერალური უწყებების ამ დრომდე აუცრელი თანამშრომლები კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად უნდა აიცრან 22 ნოემბრამდე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით, ფედერალურმა დაწესებულებებმა ოპერატიულად უნდა იმოქმედონ, რათა თანამშრომლები აიცრან რაც შეიძლება სწრაფად და არა უგვიანეს 22 ნოემბრისა.
13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 4837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 9,79% შეადგინა. ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს 1053 პაციენტი. 250 ინფიცირებული რეანიმაციაში გადის მკურნალობას.