„ექიმისადმი უნდობლობას კიდევ უფრო რომ აჩენენ მაგას ვერ ხვდებიან?”
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გამიზნულად ანტივაქსერულ კამპანიას აწარმოებენ“
„როგორ გააკონტროლებენ ვინ რამდენი გადმოიბირა?!”
„სამარცხვინო შემოთავაზება! არა მგონია რომელიმე ჩემს კოლეგას მოეწონოს ეს შემოთავაზება. რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. შეიძლება მინდა უფრო დიდი ხელფასი, მაგრამ ამ ფორმით არავითარ შემთხვევაში!”
და ა.შ
- ასე გააკრიტიკეს ფეისბუკზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ექიმების წახალისებას ეხება. 60 წელს გადაცილებული ადამიანის დარწმუნების და ორჯერადად აცრის შემთხვევაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 ლარიდან ექიმები და ექთნები 8-8 ლარს მიიღებენ (თითო აცრაზე 4 ლარი).
საქართველოში 60 წელს გადაცილებული 796 345 მოქალაქე ცხოვრობს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ჯერ კიდევ აუცრელია. თუმცა აცრების ტემპი და კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ამ ჯგუფზე არ ვრცელდება, კოვიდსიტუაცია ქვეყანაში ყოველდღე უარესდება. ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, 4 775 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა გუშინ ინფიცირების 1530 ახალი შემთხვევა იყო. (მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ცოტა ტესტი კეთდება და დადასტურებული შემთხვევის მაჩვენებელი ისედაც დაბალია ხოლმე, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ დღეს მიღებული მაჩვენებელი ამ ფონზეც დიდადაა გაზრდილი.)
როცა ეპიდემიოლოგები უკვე მე-5 ტალღის დაწყების ნიშნებზე საუბრობენ, არათუ იმატებს აცრის მსურველთა რიცხვი, არამედ საგრძნობლად მცირდება.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლოს, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირება იგეგმებოდა, ამისთვის კი ყოველდღიურად 30 000-მდე მოქალაქე უნდა აცრილიყო. 11 ოქტომბერს კი მთელ საქართველოში პირველი დოზით მხოლოდ 1703 ადამიანი აიცრა.
ერთ დღეში რატომ იმატა ნახტომისებურად ინფიცირების რიცხვმა და რატომ არის ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპი?
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ინფიცირების უეცარი მატების მიზეზებს გამოიკვლევენ, ხოლო ვაქცინაციას რაც შეეხება, პასუხი უკვე არაერთხელ თქმულა - „ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა, ახლა სხვა რესურსები და ძალისხმევაა საჭირო“.
რას ფიქრობენ თავად ექიმები?
ეთერ ლაბაძე პირველადი ჯანდაცვის ექიმია, მრავალი წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა, 2400 პაციენტი ჰყავს, რომლებსაც დამატებითი 8 ლარის გარეშე, 650 ლარად (ოჯახის ექიმის ხელფასი) ემსახურება, ამბობს, ვისაც ნაკლები პაციენტი ჰყავს, ხშირად მათი ანაზღაურება 200-300 ლარიაო.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ექიმებს და ექთნებს პროგრამის მიხედვით თანხა თითო აცრილზე 8-8 ლარით მოემატებათ, ეთერი ამბობს, რომ მისთვის ეს წამახალისებელი არ არის.
„ჩემ პაციენტებს საუბრისას ისედაც ვუხსნი ყველაფერს და ისედაც იცრებიან, ჩემგან მოტივირებული რომ მივიდეს, მე იმაში 8 ლარი უნდა ავიღო? მიუღებელია, მერე სიაში უნდა მოვინიშნო, რომ დავრეკე? არ ვიცი, ალბათ დაგვავალებენ“.
8 ლარი დიდად არც ირმა რობაქიძეს ახალისებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ექიმად მუშაობს. დიდი სოფელია, 4000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ვაქცინაციას ვერ იწყებენ, ამბულატორიაში წყალი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროდან ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ, უთხრა, რომ მზად არის კოვიდსაწინააღმდეგო აცრების გასაკეთებლად მას შემდეგ, რაც პრობლემები გამოსწორდებოდა, ჯერ არავინ შეხმიანებიათ.
„მართალი გითხრათ, რომ გავიგე, მაგას ჩემთვის მოტივაცია არ მოუმატებია, ისედაც არაფერს ვაკლებ. მუდმივად ველაპარაკები პაციენტებს და ვუხსნი, ვიცი, რა დაავადებაც არის, და როგორი აუცილებელია აცრა, განსაკუთრებით რისკჯგუფების, ბევრმა დამიჯერა, ზოგს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და პირველ აცრაზე გავყევი, რომ მეტად მშვიდად ყოფილიყვნენ. თანხა არავის აწყენს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გამო კიდევ უფრო მეტად ვერ მოვინდომებ და არც ის მინდა, პაციენტმა იფიქროს, რომ 8 ლარისთვის ვაკეთებ. მაგას აჯობებს ექიმებისთვის ხელფასების მომატება“, - ამბობს ირმა რობაქიძე.
მისი თქმით, რეგიონში ამცრელი პუნქტები ბოლო პერიოდში დაემატა, უახლოესი სოფელი შრომადან 4 კილომეტრში, შეკვეთილშია, ოზურგეთში, ფოთში და ა.შ. ახლა უფრო მეტი გადაუწყვეტელი ადამიანი დარჩა, რომლებიც კიდევ ფიქრობენ ვაქცინის ავკარგიანობაზე, მიუხედავად ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობისა და ნდობისა, ამ ანტივაქსერული ინფორმაციების გამო აცრის საკითხს მაინც ეჭვქვეშ აყენებენო, - ამბობს.
ჯანდაცვის ექსპერტი ნინო კიკნაძე ფიქრობს, რომ სამინისტროს ახალი ინიციატივა „ანგრევს სამედიცინო ეთიკის ნორმას, რადგან წახალისების მცდელობაა იმის, რაც ისედაც ექიმის ვალდებულებაა“. ნინოს თქმით, საინფორმაციო კამპანია კარდაკარ პრინციპით უნდა წარიმართოს, განსაკუთრებით რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში.
„სწორი ინფორმაცია არ აქვთ ვაქცინაციის შესახებ. მითები უნდა დაინგრეს და საერთოდ არანაირი კამპანია არ იმართება ამ მიმართულებით. 8 ლარის გადახდა იმაში, რაც მათი მოვალეობაა, არაეთიკური მგონია, რადგან ექიმს თუ გააზრებული აქვს ვაქცინის მნიშვნელობა, ისედაც უნდა უხსნიდეს ხალხს, სხვადასხვა ეპიდემიის დროს როგორ დაამარცხეს აცრით ვირუსი“, - ამბობს ნინო კიკნაძე.
“როგორ პასუხობს კრიტიკას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე“
„ეს სქემა არის შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების სქემა, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში გამოიყენება, აპრობირებულია და მართალი გითხრათ, ძალიან უხერხულია ის ცინიზმი და დესტრუქციული დამოკიდებულება, რაც ბოლო ხანს ამ სქემასთან დაკავშირებით გაჟღერდა.
ჩვენ იგივე სქემა გვაქვს ჰეპატიტის პროგრამაზე, თავდაპირველად ადამიანს უტარდება კონსულტაცია, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს ტესტირება, შემდეგ კეთდება ტესტი და ორივე სერვისი ანაზღაურებადია”.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ სქემის დანერგვას აპირებენ ბევრი სხვა მიმართულებითაც და ეს არის ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომისთვის, რომელსაც ექიმი და ექთანი დილიდან საღამომდე ეწევიან პაციენტთან.
„ეს არის დიდი შრომა. უნდა დაუკავშირდეს პაციენტს, აუხსნას, გაიაროს პოტენციური რისკები, რაც კოვიდს უკავშირდება, ამ სამუშაოში რომ დამატებითი ანაზღაურება აიღოს ექიმმა და ექთანმა, ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ასეთი ქილიკის საგანი და რატომ უნდა გამოიწვიოს ვინმეს უნდობლობა. კონსულტაცია პაციენტს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ თანხას იღებს ექიმი დამდგარ შედეგში, რომ მეტად მოტივირებული იყოს“.
სოფელ შრომას ექიმი ანაზღაურების წინააღმდეგი კი არ არის, ამ ფორმით ანაზღაურება არ მოსწონს. ირმა რობაქიძე ამბობს, რომ აჯობებს ექიმებს ხელფასი მოუმატონ, ამგვარი სქემა კი შეიძლება პაციენტისთვის ეჭვის საბაბი გახდეს.
“პაციენტმა უნდა იფიქროს, რომ ფულის გამო ვაქებ ვაქცინას?”
„ვაქცინის ქება არ არის ამ კონსულტაციის ნაწილი, ეს არ არის საპრომოციო სამსახური, ჩვენ ამას ვეძახით საგანმანათლებლო საკონსულტაციო ვიზიტს, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას, მასთან ერთად იმის დადგენას, თუ რა უშლის ან უწყობს ხელს ვაქცინის გაკეთებას. საუბარი უნდა იყოს ვაქცინაციის სარგებელზე და შესაძლო გვერდით მოვლენებზე.
ეს რომ იყოს რომელიმე ერთი ფარმაცევტული პროდუქტის პრომოციაზე, კი ბატონო, ეს არ იქნებოდა ეთიკური. ექიმი დატვირთულია, ექიმმა დრო რომ გამოყოს, ეს ღირს გარკვეული ფასი, ამიტომ სახელმწიფო პროგრამისთვის იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული ხანდაზმულის აცრა, რომ ექიმი და ექთანი როცა დახარჯავს დროს, გადაიხადოს ეს საფასური, კოვიდის პროგრამის ფარგლებში. 20 ლარი კი არის საშუალოდ კონსულტაციის ფასი, ამიტომ განაწილდა თანხები ასე”, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ფონური საგანმანათლებლო კამპანია უკვე ვეღარ იზიდავს ადამიანებს და პირისპირ კომუნიკაციაზეა გადასვლა საჭირო. შესაბამისად, სამინისტროს გეგმით სოფლის ექიმები კარდაკარ ივლიან ახსნა-განმარტებებით.
გაბუნიას თქმით, რეგიონების მიხედვით 60 წელს გადაცილებულთა აცრის მაჩვენებელი განსხვავებულია, სამიზნე 60%-ს ზოგ რეგიონში გადააჭარბეს, ზოგან კი მინიმალურია მათი რიცხვი:
- ბათუმი 1 დოზით 108%
- ხელვაჩაური 12%
- საჩხერე 112%
- ტყიბული 28%
- წყალტუბო 13%
- ხარაგაული 23%
„არ მგონია, რომ ყველა პროვაქსერი ბათუმში ცხოვრობდეს და ანტივაქსერი ხელვაჩაურში. მიზანია, რომ რეგიონებში აცრების რაოდენობა ერთმანეთს მივუახლოოთ“, - ამბობს თამარ გაბუნია.
15 ოქტომბრიდან რეგიონებში „მარათონი დაიწყება“, ამცრელი მანქანები ივლიან და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასაცრელად მობილიზებულ მოსახლეობას თბილისიდან ჩასული ბრიგადები აცრიან.
იმისთვის, რომ ვაქცინაცია მეტად სასურველი ყოფილიყო, იყო და არის ლატარია „აიცერი და მოიგე“, სადაც 5000-მდე აცრილმა შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა ოდენობის თანხა მოიგო. თუმცა აცრილთა სტატისტიკას კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ არც ლატარიაში მოგება გამხდარა საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი მოტივაცია.