ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ იცის კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ჯერ კიდევ აქვს იმედი, „რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება”.
პარალელურად, უკვე ფასდება ზიანი და სარგებელი, რაც „ენკას“ საქართველოდან გასვლით შეიძლება დადგეს.
ინვესტორი კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევით და ფორსმაჟორით ხსნის. პოლიტიკურ ფორსმაჟორად, ხელშეკრულების მიხედვით, სხვა რამეებთან ერთად, მიიჩნევა „ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან “პროექტის” ოპერირებას ან ზოგადად “პროექტს” და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს ჯამში ნებისმიერი ექსვთვიანი პერიოდის განმავლობაში” „რიონის ხეობის მცველების” პროტესტი კარვებში 330 დღეა გრძელდება.
ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ფორსმაჟორისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია, კომპანიას ზარალი აუნაზღაუროს. ამ დროის მონაცემებით, „ენკას” რიონის ხეობაში ნაყიდი აქვს არაერთი მიწის ნაკვეთი, დაწყებული აქვს გზებისა და გვირაბების მშენებლობა, გადახდილი აქვს საფლავებიდან მიცვალებულების გადასვენების ხარჯები. ეს ყველაფერი, როგორც დამდგარი ზარალი, სახელმწიფოს გადასახდელი იქნება. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა სხვადასხვაგვარად გამოითვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპზე შეწყდა გარიგება.
„ენკა” რიონის ხეობას წინასამშენებლო ეტაპზე ტოვებს. პროცესის ამ წერტილში კომპანიას შეუძლია სახელმწიფოს მოსთხოვოს თავისი კუთვნილი მიწების და სხვა გადაცემადი აქტივების შეძენა სამართლიან საბაზრო ფასად და მთავრობა ვალდებულია, ის შეიძინოს.
2020 წელს მთავრობამ „ენკას” 121 ნაკვეთი, 325 ჰექტარი [მათ შორის, 296 ჰექტარი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია] გადასცა. იმის მიუხედავად, რომ „ენკამ” ამ მიწებში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა, მას შეუძლია, სახელმწიფოს ეს მიწა უკან საბაზრო ფასად მიჰყიდოს.
ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესი ასეთია:
- პირველივე პრაქტიკული შესაძლებლობისთანავე და ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყვეტის თარიღიდან არაუგვიანეს 60 დღეში, „ენკამ” საქართველოს მთავრობას უნდა გადაუგზავნოს ინვოისი, რომელშიც კომპანიისთვის გადასახდელი თანხა იქნება ასახული.
- საქართველოს მთავრობას 15 დღე აქვს იმისთვის, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, „ენკას” მოთხოვნილი თანხის კალკულაცია გადაამოწმებინოს აუდიტორებს.
- აუდიტორმა 30 დღის განმავლობაში უნდა მოამზადოს დასკვნა, რამდენად სამართლიანია „ენკას” მოთხოვნა - დასკვნის მომზადებისთვის საჭირო თანხას მხარეები თანაბრად ინაწილებენ.
- აუდიტორების დასკვნას მხოლოდ „მბოჭავი ძალა” აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიტორი მოქმედებს როგორც ექსპერტი და არა როგორც არბიტრი.
- საქართველოს მთავრობამ თანხა ინვიოსის მიღების შემდეგ 30-დან 180 დღეში უნდა გადაიხადოს.
- გამოსყიდვის თანხებს საქართველოს მთავრობა იხდის აშშ დოლარით.
ხელშეკრულების მიხედვით, თუ მხარეები 60 დღის განმავლობაში ვერ მორიგდებიან, არბიტრაჟს უნდა მიმართონ.
ხელშეკრულებაში წერია ისიც, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის მისი არსებობაც, კონფიდენციალური უნდა იყოს, ანუ არბიტრაჟი შეიძლება ისე გაიმართოს, ვერც გავიგოთ.
რადიო თავისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აქვს შეფასებული „ენკას“ ზარალი და რამდენად რეალურია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დავა არბიტრაჟში მოხვდეს, თუმცა კომპანია მედიასთან დამატებით განცხადებებს ჯერ არ აკეთებს.
კონკრეტულად რა თანხა ექნება საქართველოს მთავრობას გადასახდელი კომპანიისთვის, ამ ეტაპზე რთული გამოსათვლელია. სხვადასხვა გათვლაზე დაფუძნებით სახელდება სხვადასხვა ოდენობა - 150 მილიონიდან მილიარდ 700 მილიონამდე. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპისთვის „ენკას“ დახარჯული აქვს, სულ მცირე, 100 მილიონი მაინც და ამ თანხის უკან წაღებას ის აუცილებლად შეეცდება.
მთავრობას სხვა ხარჯებიც ექნება ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი გაუგებრობების დასამთავრებლად.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს მედიაციით პროექტის დოკუმენტაციას ახლაც სწავლობენ საერთაშორისო ექსპერტები. მედიაციის პროცესი უფასოა, თუმცა დასკვნის საფასურს საქართველოს მთავრობა იხდის.
მხოლოდ ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შესწავლა ქვეყანას $ 100 000 დაუჯდება. მედიაციის პროცესს მიღმა იუსტიციის სამინისტრო 70 800 დოლარს იხდის ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად, რომელიც თავად ერთხელ უკვე შესწავლილი აქვს, მის გაფორმებამდე.
საქართველოს ასევე აქვს ვალდებულება, შეიმუშაოს ენერგოუსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც იმედით უყურებს ყველა, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ნამახვანჰესის მომხრეც და მოწინააღმდეგეც. მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი სწორედ ამ დოკუმენტის იმედადაა. ეს სტრატეგია უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ მომავალში სახელმწიფომ ნამახვანჰესის მსგავსი სადავო პროექტები აღარ დაიწყოს.
„ეს ხელშეკრულება იყო კაბალური და მე მგონი, ამას ყველა აღიარებს. ასეთი ხელშეკრულებებით ასეთი პროექტების განხორციელება არ შეიძლება არა მარტო იმიტომ, რომ ენერგეტიკის სფეროსთვის, ეკონომიკისთვის იყო დამაზიანებელი, იმიტომაც, რომ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ის პრაქტიკა, რაც ზოგადად არსებობს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, უნდა დასრულდეს და ეს ხელშეკრულება კარგია, რომ საწყის ეტაპზე გაწყდა. მშენებლობა ჯერ დაწყებული არ იყო, დაწყებული იყო მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები”, - ამბობს დავით ჭიპაშვილი. ის არ იზიარებს შიშს იმის შესახებ, რომ „ენკას” წასვლის შემდეგ საფრთხე შეექმნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას ან მომდევნო ინვესტორი, თუკი ქვეყანა ასეთს იშოვის, კიდევ უფრო ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით შემოვა.
„იმ ზიანისთვის, რაც ხელშეკრულების გაწყვეტას მოჰყვება, პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, ეკონომიკის მინისტრიდან დაწყებული, ყველა იმ პირმა, ვინც ხელს აწერდა საჯარო უწყებებიდან ამ ხელშეკრულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავის სხვას აღარასოდეს გაუჩნდეთ მსგავს მაქინაციებში მონაწილეობის სურვილი”, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.
„ენკასა“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება 2019 წლის აპრილშია ხელმოწერილი - მას ხელს მთავრობის სახელით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აწერს, რომლის გადადგომაც „რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროტესტის საწყისი ეტაპიდან.
მიწების „ენკასთვის“ გადაცემის სამთავრობო განკარგულება კი ოპოზიციაში წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დროს არის გამოცემული, 2019 წლის შემოდგომაზე.
მედიაციის მიზანი, გარდა ნამახვანჰესის დოკუმენტაციის რევიზიის და სტრატეგიის შექმნისა, რიონის ხეობაში დაძაბული ვითარების განმუხტვაც იყო. ეს პროცესი, როგორც ჩანს, არაკომფორტული იყო როგორც „რიონის ხეობის მცველებისთვის”, ისევე კომპანია „ენკასთვის” - აქტივისტებმა მედიაციაში მონაწილეობაზე უარი 17 სექტემბერს თქვეს, „ენკა” კი არცერთ შეხვედრას არ დასწრებია. დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მისთვის „ენკას” არგამოცხადება პირველივე შეხვედრაზე იმის სიგნალი იყო, რომ კომპანია უარს იტყოდა ჰესის აშენებაზე.
„მე ბოლომდე იმედს არ ვკარგავ, მგონია, რომ ნამახვანჰესის პროექტის გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და დაუმთავრებლად მანიპულაციების საგანი არ იყოს ჰესების მშენებლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს და გავიგოთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სპეციალისტების კვალიფიციური მოსაზრებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, დასკვნაში ნათქვამი იქნება, რომ პროექტს ჰქონდა რიგი ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა, მაგრამ თავად პროექტი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი - მე ასე წარმომიდგენია”, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
მისთვის მნიშვნელოვანია ისიც, როგორ მიიყვანა ქვეყანამ ინვესტორი წასვლის გადაწყვეტილებამდე. საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის ასაშენებლად თავად გამოაცხადა ტენდერი, თავად აარჩია 20-ზე მეტი კომპანიიდან „ენკა”, როგორც საუკეთესო პრეტენდენტი, გასცა მშენებლობის ნებართვა, კომპანიამ დაიწყო ხეობაში სამუშაოები და მთავრობამ ვერ შეძლო მის მიერ ინიცირებული პროექტის და მის მიერ არჩეული ინვესტორის დაცვა.
„ვიღაცა დაჯგუფება, მხედრიონის მაგვარი, არ აძლევს კომპანიას მშენებლობის საშუალებას. მიდიან მანქანები, უბლოკავენ გზას. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მისცეს ინვესტორს პროექტის განხორციელების საშუალება, რა თქმა უნდა, მთავრობა. კანონი უნდა კანონობდეს. თუ აქვს მშენებლობის უფლება, მაშინ უნდა ააშენებინო. მიზეზი, რატომ ვერ მოხერხდა ეს, შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის, ამომრჩევლის ხმების დაკარგვა წინასაარჩევნო პერიოდში”, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი რიონის ხეობაში თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს. 2021 წლის 9 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ნამახვანჰესი არსებული პროექტით არ აშენდებოდა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ინვესტორთან პროექტის დახვეწაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე - ეს ჩემს დროს მოხდა”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ამ დღეს.
2019 წლის მარტში, როცა მთავრობამ ჰესის მშენებელ კომპანიად „ენკა” შეარჩია, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და დღეს მოქმედი ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობდა: „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში”.