Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი: პირველად ითქვა, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს


რიონის ხეობის მცველები მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილები არიან. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა თქვა, პირველად დაიშვა შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს.

"დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ეს პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთხელ ნათქვამი შეიძლება არ დამეჯერა... ჩვენი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ აუცილებელია ყველა ტრაქტორი შეჩერდეს, რაც იქ არის - ეს დაკავშირებულია გზასთან, ხიდთან თუ რაღაცასთან. ამდენი ხანი რასაც ერქვა მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის გზა, ჩვენთვის არის ძალიან პრინციპული", - თქვა მან.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ამ საკითხზე დაფიქრდებიან.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG