„ჩვენ შინაარსში არ ვერევით“, - ამბობს სარეკლამო კომპანია „ალმა“. “„დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმჯელებს“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მეოთხე დღეა არ წყდება მსჯელობა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩენილ ბილბორდებზე, ე.წ. „სისხლიან ბანერებზე“ ანუ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებმაც ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბილბორდების ადგილი დაიკავეს და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად იკლებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რიცხვი.
“არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!” – ბილბორდს ფონად „სისხლის ლაქები“ აქვს. ამ ფონზე კი გამოსახულნი არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში გადასული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერი, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე.
რას აცხადებენ „ალმაში“?
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, 20 სექტემბერს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა სარეკლამო კომპანია „ალმამ“. მათ ამ ფორმით გადაწყვიტეს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, უფრო ზუსტად კი ძალიან ზოგადი პასუხის გაცემა.
კომპანიის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ „სისხლიანი ბანერების“ შინაარსს შეეხება და არაფერს სხვას. კომპანია არაფერს ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმდინარე წლის 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ვადებზე. მაგალითად, იმაზე, თუ რამდენი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ქალაქში გამოფენილი ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ბილბორდები? არც ბანერების დამკვეთის შესახებაა ნათქვამი განცხადებაში, არც იმის თაობაზე, თუ რამდენი ხნით დაიქირავა დამკვეთმა ბილბორდები და ა.შ.
კომპანია, მხოლოდ და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ბილბორდის შინაარსი მიუღებელია, ისინი დამკვეთის მოთხოვნებს ყოველთვის ასრულებენ:
„ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ "ალმამ" დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცხადია, რადიო თავისუფლება ამ განცხადების გამოქვეყნებამდე და მისი გამოქვეყნების შემდეგაც ცდილობდა კომპანიასთან, მათ შორის, კომპანიის დირექტორთან, გიორგი ტრაპაიძესთან დაკავშირებას, რათა ბანერების შესახებ დამატებითი კითხვები დაგვესვა, მაგრამ მცდელობა მასთან გასაუბრებისა, უშედეგო აღმოჩნდა.
„ალმა“ გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2013 წლის ოქტომბრამდე კომპანია ცნობილი იყო „ალმა პლიუსის“ სახელით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, კომპანიის რეალური მფლობელები, ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ (სოსო) ფხაკაძე (50% წილი) არიან - ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ვისოლის“, "სმარტის" „დანკინ დონატსისა“ და „ვენდისის“ მფლობელები.
TI-ის ინფორმაციითვე, „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 7.9 მლნ ლარის.
ვისი ბანერების შინაარსი არ მოეწონა „ალმას“ და უარი თქვა ბილბორდების გაქირავებაზე?
სამაგიეროდ, რადიო თავისუფლება ელაპარაკა ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას „თანასწორობის მოძრაობას“, რომლებმაც 2019 წელს კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ სწორედ იმიტომ შეიტანეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ სარეკლამო კომპანიამ მათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ბილბორდების გაკვრაზე უარი უთხრა, ფაქტობრივად, ბანერების შინაარსში ჩაერია და ბილბორდები არ მიაქირავა.
დაახლოებით ერთწლიანი მსჯელობის შემდეგ, სასამართლომ „ალმას“ მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.
ეს შემთხვევა კი იმის საპირისპიროა, რის შესახებაც 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ალმა“ ამტკიცებს, რომ კომპანია არასდროს ერევა დამკვეთების ბანერების შინაარსში.
მიხეილ მეფარიშვილი „თანასწორობის მოძრაობის“ კომუნიკაციების მენეჯერი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიამ ბილბორდების მიქირავებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები კომპანიის აზრით, გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას:
„ბანერები მეტროს რამდენიმე სადგურზე და ავტობუსის გაჩერებებზე უნდა გაგვეკრა. თავდაპირველად, შევთანხმდით, ხელშეკრულების დეტალებიც შეთანხმებული იყო, გვირჩიეს, რომელ სადგურებში ჯობდა პლაკატების გაკვრა, საინტერესო ისაა, რომ იცოდნენ, რა თემატიკის ბანერები უნდა გაგვეკრა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილიც გადარიცხული გვქონდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბანერები გადავუგზავნეთ, უარი გვითხრეს და შეთანხმებაც ჩაიშალა. მათი უარის მთავარი მოტივი იყო ის, რომ შესაძლოა, ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს დაეზიანებინათ ბილბორდები და გარდა ამისა, საფრთხე შეექმნათ მგზავრებისთვის. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა დისკრიმინაცია“.
„თანასწორობის მოძრაობა“ არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ კომპანია „ალმასგან“ ბილბორდების განთავსებაზე უარი მიიღო. მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი, სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმოწერას „ალმას“ წარმომადგენელთან. 2019 წელს, აგვისტოში, მოძრაობის წარმომადგენლებს ყაზბეგის გამზირზე ერთი თვით სურდათ ბილბორდის დაქირავება, რომლის მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო „სირცხვილია“, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების ფოტოს ფონზე. სალომე ბარკერი წერს, რომ როგორც კი „ალმას“ თანამშრომელმა ბანერის შინაარსის შემცველი ფოტო მიიღო, მასთან მიმოწერა შეწყვიტა. სალომე ბარკერის თქმითვე, „ალმამ“ უარი უთხრა მას ბანერების გამოქვეყნებაზე 2018 წელსაც:
„2018 წელს ვცადეთ ბილბორდის დაქირავება ალმასგან, სამი ცალი გვინდოდა, თავგასებში მოვიფიქრეთ, ფულიც შევაგროვეთ, დიზაინიც გავაკეთეთ, სარალიძის საქმეს ეხებოდა მაშინ ჩვენი ბილბორდები. მეილ მიმოწერის მერე ოფისში შეხვედრაზე მისვლა მთხოვეს და “ქართულ-ჯიგრულად” გამიიასნეს რო ეგეთი მესიჯები (ქალაქის ცენტრში მომხდარი მკვლელობა, დამნაშავე სად არის?) არეულობა და რაღაცები არ აწყობთ, ხო ვხვთები. მაშინ ჯერ კიდევ ცოტა ბანძი დაბნეული პიროვნება ვიყავი და უბრალოდ ერთი სული მქონდა გამოვქცეულიყავი იქიდან. 2019 წლის ივლის-აგვისტოშიც მიცდია ალმას ბილბორდის დაქირავება, ასევე თავგასებში დავგეგმეთ, ჩვენივე აქციის ბილბორდი გვინდოდა, წარწერით - სირცხვილია. ვდებ სრულ მიმოწერას ვინმე ლაშასთან, რომელიც ძალიან სწრაფად და საქმიანად მეკონტაქტებოდა ზუსტად იმ წამამდე, სანამ უშუალოდ ბილბორდის ფოტო გავუგზავნე“.
ვინ არის „სისხლიანი ბანერების“ იდეის ავტორი და დამკვეთი?
საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, თელავსა და გორში გამოფენილი ბილბორდების იდეის ავტორად, მედიაში სახელდება ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე. საჯარო რეესტრის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეცაა. მის სახელზე ორი შპს-ა რეგისტრირებული, შპს. ინვესტ პლიუსი და შპს. ზუმი. ორივე კომპანიის რეგისტრაციის მისამართად ქუთაისია მითითებული.
რადიო თავისუფლებამ დაკავშირება სცადა მიხეილ გაბრიაძესთან, თუმცა, ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ორი დღის წინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ისათვის მიცემულ მოკლე სატელეფონო კომენტარში კი ადასტურებს, რომ ქალაქებში ბანერების განთავსება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მისი და მისი მეგობრების იდეა და ინიციატივაა. მისი საქმიანობის სფეროდ მშენებლობას ასახელებს:
„მე აპოლიტიკური ვარ, მაგრამ გახსოვდეთ ხალხს და ახალგაზრდებს, რომ ისინი არ უნდა დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოს მართვაში და რა არის ამაში ცუდი? ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრი და გადაწყვეტილებაა“.
რატომ მიმართა „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსა და აუდიტის სამსახურს?
18 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“, ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ბანერების განთავსებით დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის ორი მუხლი.
20 სექტემბერს კი „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
ნინო რიჟამაძე, ორგანიზაციის იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და აუდიტის სამსახურმა, უახლოეს დღეებში უნდა იმჯელონ როგორც საარჩევნო კოდექსის დარღვევის საკითხზე, ისე უნდა დადგინდეს და გასაჯაროვდეს ბანერების დაფინანსების წყარო და რაოდენობა:
„სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებას თავისი წესი აქვს საარჩევნო კამპანიის დროს. კანონი ითხოვს, რომ მასზე უნდა იყოს დატანილი ტირაჟი, შემსრულებელი, დამკვეთი და ა.შ. ამას ითხოვს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი. ანონიმური ფორმით ამ ტიპის ბანერების გამოქვეყნება, კოდექსის დარღვევაა. ასევე შინაარსთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა, შუღლისა და მტრობის გაღვივება. იმ ფონზე, რომ ახლა განსაკუთრებით დაძაბულია საარჩევნო გარემო, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც კოლეგიურ ორგანოს, ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის სამართლებრივად გაეცა პასუხი, იზიარებს თუ არა, რომ ეს ბანერები არის სიძულვილის და ძალადობის წამხალისებელი და ამდენად, საარჩევნო კოდექსის დარღვევა“.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ანონიმურად განთავსებული სიძულვილის შემცველი ენის ბანერების საკითხი განიხილოს კომისიის სხდომის ფორმატში, იმსჯელოს და თბილისის შესაბამის სამსახურებს დაავალოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით განთავსებული ბანერების ჩამოხსნა.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურისადმი მიმართვას, როგორც ნინო რიჟამაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი მიმართვის მიზანია ბანერების საფასურის რაოდენობისა და მისი წარმომავლობის გარკვევა:
„ფიზიკურ პირს აქვს უფლება, რომ გაიღოს შემოწირულობა არა უმეტეს, 60 ათასი ლარისა, ხოლო იურიდიულ პირს, არა უმეტეს 120 ათასი ლარისა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა გამოითხოვოს დოკუმენტები და შეისწავლოს, რა იყო ამ დაკვეთის ოდენობა და ვინ იყო დამკვეთი. ძალიან საინტერესოა, რა კვალიფიკაციას მისცემს ამ დაკვეთას აუდიტის სამსახური“.
ვაქცინაციის ბანერების ნაცვლად სიძულვილის შემცველი ბანერები - რას ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?
ვაქცინაციის პოპულარიზაციის ბანერების განთავსების შესახებ ხელშეკრულება კომპანია „ალმასა“ და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 14 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მასშტაბით 14 ბილბორდი უნდა განთავსებულიყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 15 147 ლარი.
ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა ვადით უნდა განთავსებულიყო ბილბორდები ქალაქში. ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ის განსაზღვრულია 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
კომპანია „ალმას“ ერთ-ერთი თანამშრომელი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეუბნება, რომ „ხელშეკრულება როგორც ახსოვს, თუ არ ცდება, იყო სამთვიანი“:
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს სამი თვის წინ გაუვიდა ბილბორდების განთავსების ვადა. იყო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც დასრულდა. კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და არ ჩამოხსნა დასრულებული სარეკლამო ბანერები, საიდანაც შემოსავალს რეალურად არ იღებდა. ეს ყველაფერი პროგრამაში აისახა როგორც თავისუფალი სივრცე. შემოვიდა მეორე შეკვეთა და თავისუფალ სივრცეზე გაეკრა ახალი სარეკლამო ბანერი“, - ამბობს კომპანიის თანამშრომელი.
20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წერილით მიმართა კომპანია „ალმას“ და მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების აღდგენა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვით, ბანერების განთავსების ტერიტორიის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მომხდარა:
„ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად“.
ამირან გამყრელიძის თქმითვე, ვინაიდან უკანასკნელი დღეებია შეინიშნება ვაქცინაციის პროცესის კლების ტენდენცია, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებას.
სიძულვილის ბანერები - წარსულის გამოცდილება
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისსა და სხვა ქალაქებში, სიძულვილის შემცველი ბანერები თუ პლაკატები იკვრება.
მსგავსი შინაარსის ბანერები პირველად თბილისში საპრეზიდენტო არჩევნებისას, 2018 წელს გამოჩნდა. წლევანდელი ბანერებისგან განსხვავებით, მაშინ, ბანერზე მხოლოდ ორ გზავნილს ვხვდებოდით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“, ბანერზე კი აღბეჭდილნი იყვნენ, მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მეგის ქარდავა, ზურაბ ადეიშვილის და ასევე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელი დირექტორი, ნიკა გვარამია.
ამ ბანერების გაკვრაზე მაშინ პასუხისმგებლობა აიღო წინანდლის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, რომელმაც მის მიერ ბანერებისთვის გახარჯული თანხის დეკლარირება მოახდინა, როგორც არაფულადი შემოწირულობა მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და რამაც ჯამში შეადგინა 51 833 ლარი.
მსგავსი შინაარსის პლაკატები თბილისში, მეორედ რამდენიმე თვის წინ, 24 ივლისს გამოჩნდა. მცირე ზომის პლაკატებზე, რომლებსაც შეხვდებოდით სხვადასხვა კონსტრუქციაზე, მათ შორის, ქალაქის ნაგვის ურნებზე, სადარბაზოებსა თუ ლიფტებში, გარდა პოლიტიკოსებისა, აღბეჭდილი იყო სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი - გიორგი თაბაგარი, ასევე მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, „ტვ პირველის” მენეჯერი ვატო წერეთელი და ამავე არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე. მათ ფონზე კი ცისარტყელა იყო გადაჭიმული.
მომდევნო დღეს, 25 ივლისს, მერიის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გამოვლინდა ორი კანონდამრღვევი პირი და მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.