საიტ duma.vote-ს ზურგს უმაგრებდა მიხაილ ხოდორკოვსკი, დევნილობაში მცხოვრები ნავთობმაგნატი, რომელიც აკრიტიკებს კრემლს, აფინანსებს და მხარს უჭერს ოპოზიციის აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.
ერთი შეხედვით, დახურულ ვებსაიტს არ გააჩნდა არც კრემლის საწინააღმდეგო პოლიტიკური გზავნილი, და არც ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდება.
„ჩვენ არ მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ ამგვარად თუ იმგვარად“, ეწერა საიტზე, „ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას, რათა თქვენი არჩევანი შეგნებულად გააკეთოთ“.
საიტის მიზანი, როგორც იქ ეწერა, იყო - დაეხმაროს ამომრჩეველს, გაიგოს რომელი კანდიდატი ემხრობა 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის დარჩენას.
შეკითხვა, დარჩება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, გაისმის 17-19 სექტემბრის არჩევნებამდეც და აქტუალური იქნება რუსეთის პოლიტიკისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში.
დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, შარშან მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, პუტინს მოუხსნა უფლებამოსილების ვადის შეზღუდვა და მისცა შესაძლებლობა კვლავ იყაროს კენჭი 2024-სა და 2030 წლებში.
პუტინი თვითონ არ ამბობს, ესწრაფვის თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას.
თუ ის მოისურვებს, ან კრემლი შეეცდება აღმასრულებელი ხელისუფლების იმგვარ შეცვლას, რომ შეინარჩუნოს პუტინი, როგორც მთავარი პოლიტიკური ლიდერი, პრეზიდენტობის გარეშე, მას დასჭირდება სათათბირო, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.
duma.vote-ი ამტკიცებს, რომ ვადების შეზღუდვის გაუქმება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი იყო.
„მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების არაკონსტიტუციური გაგრძელება, რის გამოც საჭირო გახდა ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლა, პუტინს საშუალებას აძლევს, დარჩეს 2030 და 2036 წლამდეც კი“.
საიტის აკრძალვისას ინტერნეტის მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, მოიხმო კანონი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაიხუროს ვებსაიტები, ონლაინ მედიასაშუალებები და ბეჭდვითი საშუალებები, თუ ისინი ითვლებიან „მასობრივი არეულობის და ექსტრემისტული საქმიანობის“ პროპაგანდის წყაროდ. კანონი ასევე ანიჭებს მარეგულირებელ ორგანოს უფლებას, ცენზურა დაუწესოს ინფორმაციას და წყაროს, რომელსაც ის თვითონ ჩათვლის არასაიმედოდ.
არჩევნების წინ ხელისუფლებამ სამიზნეში ამოიღო მასმედიის მრავალი საშუალება და საინფორმაციო წყაროები.
მათ შორის არის საიტები, რომლებიც უკავშირდება საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კორუფციასთან მებრძოლ ალექსეი ნავალნის, „ჭკვიანი კენჭისყრის“ ინიციატივის ავტორს.
ამ ინიციატივის მიზანი იყო, შეეგულიანებინა რუსეთის ამომრჩევლები, ხმა მიეცათ იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ შანსი აჯობონ მმართველი პარტიის“ – „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებს.
ნავალნის მოკავშირეებმა წელს შექმნეს ეს აპლიკაცია, რომელიც ამომრჩევლებთან მუშაობას აადვილებდა.
მაგრამ ოფიციალურმა პირებმა ცდა არ დააკლეს, აეკრძალათ ყველა ვებსაიტი, რომლებიც „ჭკვიანი კენჭისყრის“ აპლიკაციას მოიხმარდა და ტექნოლოგიურ გოლიათებს, Apple-ს და Google-ს, ასევე რუსეთის საძიებო სისტემა Яндекс-ს, მოსთხოვეს, მოეხსნათ ის თავიანთი ონლაინმაღაზიებიდან.
ხელისუფლება, ასევე, ცდილობდა დაებლოკა ადგილობრივი სერვერები, რომლებიც ამ აპლიკაციის ყიდვას აიოლებდა და დევნიდნენ მათ, ვინც ამუშავებდა „ვირტუალურ კერძო ქსელებს“, – VPN-ს, რომლებიც მომხმარებლის ვინაობის დაფარვის და შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ამ კვირაში მარეგულირებელმა უწყებამ ისიც კი სცადა, ვებსაიტების უსაფრთხოების დაცვის მომწოდებლები დაებლოკა, რათა გზა გადაეკეტა „ჭკვიანი კენჭისყრის“ აპლიკაციაზე წვდომისთვის.
ასევე აკრძალეს ან პროკურატურის ინტერესების სამიზნე გახდა არაერთი პროექტი, რომელიც არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან.
„როსკომნადზორის“ მიერ აგვისტოში Open Media-ს და MBK Media-ს საინფორმაციო საიტების ბლოკირების შემდეგ, ისინი დაიხურა. შეწყვიტა მუშაობა ასევე უფლებადამცავმა ჯგუფმა, „ღია ბარათის უფლებების დაცვამ“.
ორი აქტივისტი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ხოდორკოვსკის პროექტებთან, პასუხისგებაში მისცეს. საინფორმაციო საიტების რამდენიმე რეპორტიორი შეიყვანეს „უცხოეთის აგენტების“ სიაში რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
„რა უნდა ითქვას?! ეს თავის თავზე მეტყველებს“, - მოსწერა რადიო თავისუფლებას იმეილით ხოდორკოვსკის პრესმდივანმა, მარია ლოგანმა. „თუ აქტივისტი ხართ, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ან უბრალოდ ვინმე, ვინც აკრიტიკებს იმას, თუ როგორ მართავს ქვეყანას კრემლი, თქვენ გაქვთ არჩევანი, ან დევნილი გახდეთ, ან ციხეში მოხვდეთ და ან იცხოვროთ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ჯაშუში და გამყიდველი ხართ. დაშინების ტაქტიკა მუშაობს“.
„მაგრამ ბევრი ახერხებს მასთან ადაპტაციის გზების გამონახვას ამ რთულ ვითარებაში და აგრძელებენ თაღლითების რეჟიმთან ბრძოლას“, წერს მარია ლოგანი.