3 თვეში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, საგრძნობლად გაიზარდა ფულადი ჯარიმები. ნასვამი მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება) მძღოლს ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორები პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი იყვნენ. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის მონაცემებით, ავტოავარიებში საქართველოში 460 ადამიანია დაღუპული, 7 ათასამდე კი დაშავებული, მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი იყო.
„გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონზე 130 კაცია, საქართველოში კი მილიონ კაცზე 400-ზე მეტი დაღუპული მოდის. რომ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, აღმოვაჩინეთ, რომ შედეგი ყველგან კანონის გამკაცრებით მიაღწიეს“, - განმარტავს ლევან იოსელიანი.
თუ ავიღებთ შსს სტატისტიკას, ბოლო სამი თვის განმავლობაში 1656 საგზაო შემთხვევიდან 46 ადამიანი დაშავდა და 2 დაიღუპა იმის გამო, რომ საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა.
„ფაქტია, რომ ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის კუთხით საქართველოში კანონმდებლობა დასახვეწი იყო. ეს სერიოზული პრობლემაა. ბევრ ქვეყანაში მსგავსი საქციელი კრიმინალს უთანაბრდება, შეიძლება მანქანა სამი წლითაც ჩამოართვან“, - ამბობს გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.
5 წლის წინ თბილისში პირველად გაჩნდა კერძო სერვისი, რომელიც მომხმარებლებს ფხიზელი მძღოლით მომსახურებას სთავაზობდა. კომპანიის დირექტორი ჯუმბერ ხუხია ამბობს, რომ მათ დღეში მხოლოდ 3-6 გამოძახება თუ აქვთ.
„პანდემიის დროს კიდევ უფრო მოიკლო ქეიფებმა, მაგრამ ზოგადად დღეში 4 გამოძახება შემოდის, უფრო საღამოსკენ. მე ხომ ვერ დავაძალებ, რომ დალევ, დამირეკე, წაგიყვან-მეთქი“, - ამბობს ის.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მიუთითებს, რომ კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად აუცილებლად უნდა დაიხვეწოს მონიტორინგის მექანიზმიც, რომ შეცდომის ან პოლიციელების მხრიდან გადაცდომის შემთხვევაში მძღოლის ინტერესები არ შეილახოს.
„კანონის გამკაცრება ნამდვილად გვჭირდებოდა. კარგად ვიცით, რაც ხდება ქუჩებში, მაგრამ მეორე მხრივ, არაერთხელ მოუმართავთ იმის გამო, რომ ტესტმა არასწორი შედეგი აჩვენა... არის რისკი, რომ ესეც გამოიყენონ, როგორც ნარკოტიკის ჩადება, როგორც იარაღის ჩადება, მაგრამ ამის გამო კანონის გამკაცრებას ვერ გავექცევით. დეტექტორი უნდა იყოს გამართული და პოლიციელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩართული სამხრე კამერა, რადგან დავის შემთხვევაში სწორედ ამ ვიდეოჩანაწერს ვიყენებთ ხოლმე სიმართლის დასადგენად“, - განმარტავს ნესტან ლონდარიძე.
თავის მხრივ ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ადმინისტრაციული საპატიმრო ცალკე მოწყობილი დაწესებულებაა, სხვა ციხეებისგან განსხვავებით იქ მსუბუქი რეჟიმი მოქმედებს, ამიტომ რისკიც ნაკლებია.
„ეს ადამიანს ნასამართლეობად არც ეთვლება... უბრალოდ, სანქცია მხოლოდ ფულადი ჯარიმა რომ იყო, ვნახე შემთხვევები, როდესაც ხალხს 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი. ანუ 20-ჯერ რომ მთვრალი დაჯდები საჭესთან და მერეც იგივეს გააკეთებ. ვიღაცისთვის მხოლოდ ჯარიმა შემაკავებელი ფაქტორი არ არის“, - ამბობს ლევან იოსელიანი.
ჩამონათვალში ნახეთ დეტალურ ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა:
- მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისას, მძღოლი, რომელსაც ამავე დროს არ ჰქონდა მართვის უფლება 2000 ლარით დაჯარიმდება. თუ კი იგივეს გაიმეორებს - 3000 ლარით, რასაც 1-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაემატება;
- თუკი მძღოლი მანქანას ნასვამი მართავდა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იგი 2000 ლარით დაჯარიმდება და 3 წლით შეუჩერდება მართვის უფლება.
- თუკი ნასვამმა მძღოლმა დააზიანა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, გზა, საგზაო ან სხვა ნაგებობა, ან ადამიანს მიაყენა სხელის მსუბუქი დაზიანება და ამავე დროს მას არ ჰქონდა მართვის უფლება, მას ელოდება 3000 ლარიანი ჯარიმა და 10-დან 15 დღემდე პატიმრობა.
- ალკოჰოლური სიმთვრალისას მართვა, როდესაც მძღოლს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, იწვევს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების 3 წლით. თუ ასეთი რამ განმეორდება, ჯარიმა 3500 ლარამდე გაიზრდება, რასაც თან 1-დან 15 დღემდე პატიმრობაც ემატება.
- თუ კი ავტომობილის მფლობელმა, თავისი მანქანის მართვის უფლება მისცა ადამინს, რომელიც იცის, რომ ნასვამია, დაჯარიმდება 1500 ლარით.
- მანქანის მფლობელი, რომელმაც იცოდა, რომ სამართავად მანქანას აძლევდა მძღოლს, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება დაჯარიმდება 2000 ლარით. თუ იგივეს გაიმეორებს - 2500 ლარით.
- სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლში ეთანოლის შემცველობის მიხედვით, პირველ ჯერზე: არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილე (მთელის მეათასედი ნაწილი, აღინიშნება ‰ სიმბოლოთი) - 6 თვით შეჩერება; 0,7 პრომილეზე მეტი - 1 წლით შეჩერება; სიმთვრალის დადგენისთვის თავის არიდება - 1 წლით შეჩერება. განმეორებით შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება 2000 ლარით და პატიმრობით 5-დან 15 დღემდე. მართვის უფლება ჩამოერთმევა 1 წლით.
- მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით.
- მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარით.
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ ექნებათ იმ მძღოლებს, რომლებიც ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.