Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურსაკულოვი - კიდევ რას ედავებიან მკვლელობაში ბრალდებულ „ოცნების“ აქტივისტს?


ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს, პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წარუდგენს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებული სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს, ქალის მკვლელობიდან 40 დღის თავზე დააკავეს. რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, არაფერი თქმულა მკვლელობის მოტივზე. არც მკვლელობის გარემოებებზე. არც იმაზე, დაკავებული მარტო მოქმედებდა თუ შესაძლოა, ჰყავდა თანამზრახველებიც.

ითქვა მხოლოდ ის, რომ "აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა".

შსს-ს განცხადებით, დანაშაულის ადგილიდან ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღიც - დანა.

გამოძიებას არაფერი უთქვამს არც იმაზე, რომ მკვლელობაში ბრალდებული კაცი წარსულში ნასამართლევია. როგორც შსს-ში აუხსნეს რადიო თავისუფლებას, მისი „ნასამართლობა უკვე გაქარწყლებულია“ დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის გამო და ამის საგანგებოდ აღნიშვნა აღარ იყო საჭირო.

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმე 8 ტომისგან შედგება. საქმე უკვე გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს. ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან დაიწყო მასალების შესწავლა, თუმცა, საქმე მოცულობითია და დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს:

სოფიო გოგლიჩიძე, ადვოკატი
სოფიო გოგლიჩიძე, ადვოკატი

„ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით მასალას გავეცანი. ამ ეტაპზე რასაც გავეცანი, საქმის მასალებში არც მკვლელობის მოტივი და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ვინაიდან მას ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, მისთვის ეს დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელია“.

მურსაკულოვს მოქალაქე ცემაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ მურსაკულოვმა რამდენიმე თვის წინ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. ინფორმაცია ამის შესახებ 8 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.

ფეისბუკმომხმარებელი ანი გაგუა წერს, რომ მის მეგობარს რაფაელ მურსაკულოვი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი მთაწმინდაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„პოლიციის შუშის კარზე კაკუნის და იმის მიუხედავად, რომ მათ იცოდნენ ვინ იყო დამნაშავე, საქმე თაროზე შემოიდო. დღეს ჩემმა მეგობარმა ტელევიზორში ნახა იმ ორიდან ერთ-ერთი - ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ. მაშინ რომ ტ..ი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო“.

ანი გაგუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი მეგობრის თანხმობით გაავრცელა. გვეუბნება იმასაც, რომ მისი მეგობარი კვლავ აპირებს მიმართოს გამოძიებას, რათა პასუხისგებაში მიეცეს მეორე პირიც, რომელიც მას რაფაელ მურსაკულოვთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. რაც შეეხება თავად დაზარალებულს, როგორც ანი გაგუა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად აცნობიერებს საკითხის სიმძაფრეს და მნიშვნელობას, ამ ეტაპზე, თავს იკავებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან.

რადიო თავისუფლება შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაემოწმებინა ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ, მთაწმინდაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ და იმის თაობაზე, მიმდინარეობდა თუ არა კიდევ ერთი გამოძიება რაფაელ მურსაკულოვის წინააღმდეგ მოქალაქის ცემის ფაქტზე. შსს-ში გვეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია პირად მონაცემებს შეიცავს და შესაბამისად, მას ვერ მოგვაწვდიან.

მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ აქტივისტი

გარდა კანონთან კონფლიქტში ყოფნისა, როგორც ირკვევა, რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ აქტივისტი, კოორდინატორი და მთაწმინდის ოლქში, საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელიც იყო. ტელეკომპანია TV პირველის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიელი პედაგოგის სიკვდილიდან სამ კვირაში, 23 აგვისტოს, რაფაელ მურსაკულოვმა საარჩევნო კომისია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა, მურსაკულოვს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად კვლავ „Qartuli Ocneba“ აქვს მითითებული.

რაფაელ მურსაკულოვის სოციალური ქსელის შესწავლისას ჩანს, რომ 33 წლის ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული 2019 წელს მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების კამპანიაში. კერძოდ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელში მის მიერ 9 მაისს გამოქვეყნებული ფოტოებიც.

ლადო კახაძე და მის უკან რაფაელ მურსაკულოვი
ლადო კახაძე და მის უკან რაფაელ მურსაკულოვი

ამავე პერიოდის ფოტოებზე ჩანს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუაც. “celebrating success”, - ასე ჰქვია ფოტოს, რომელიც 2019 წლის 9 ივნისსაა გადაღებული და რომელსაც რაფაელ მურსაკულოვი აქვეყნებს.

ირაკლი ზარქუა ამ ფოტოს 8 სექტემბერს, საღამოს, სოციალურ ქსელში, აგრესიული, გაღიზიანებული ტონით გამოეხმაურა:

„დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას...

ახლა კარგად მომისმინეთ!

“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.

თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.

აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია.

ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას“.

რაფაელ მურსაკულოვის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს ეხმაურება ქალაქის მერი კახა კალაძეც, რომელიც აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულს ხელისუფლება მფარველობდა იმის გამო, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო:

კახა კალაძე
კახა კალაძე

„თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“

მფარველობდა თუ არა მურსაკულოვს „ქართული ოცნება“? -რას ფიქრობს ოპოზიცია

თუკი რაფაელ მურსაკულოვი რამდენიმე თვის წინ მართლაც გაუსწორდა ფიზიკურად ახალგაზრდა კაცს და მიუხედავად საჩივრისა, პოლიციამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში, „ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის პოლიტიკასთან“.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური კლიმატი, როდესაც ასეთ პირს ხელი დააფარა პოლიციამ, იმიტომ, რომ ასეთია პოლიტიკური დაკვეთა და ასეთი დანაშაულებების იგნორირება ხდება მაშინაც კი, როცა ჩვენებები არსებობს, ეს იქნება შემზარავი მაგალითი იმ შედეგებისა, რაც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ ისედაც მოგვიტანა სხვა მხრივ“.

შემაშფოთებელ ინფორმაციას უწოდებს პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული პირი, რამდენიმე თვის წინ უკვე იყო შემჩნეული სავარაუდო ძალადობაში და მაშინ მის მიმართ არ განხორციელდა მართლმსაჯულება.

ოპოზიციონერი დეპუტატის სიტყვებით, რთულია პარტიამ აკონტროლოს მის წევრთა ქცევა, თუმცა, "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, ბრალდებული არის "ქართული ოცნების" ერთ- ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ჩართული პირი უბნის დონეზე. პარტია არის იმდენად დიდი და რთული სტრუქტურა, რომ ასეთი ფაქტებისგან შეიძლება არც ერთი პარტია არ იყოს დაზღვეული, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, მისმა პარტიულმა კუთვნილებამ ერთი წამით არ უნდა დააბრკოლოს მართლმსაჯულების სრული სამართლიანობით და სიმკაცრით განხორციელება, თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება ძალიან მძიმე ახალი ტვირთი, რომელიც დაეკიდება მმართველი პარტიის თავზე. ამავე დროს, შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს ეს პირი ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ არ განხორციელდა მართლმსაჯულება. ეს ცალკე გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს. შეიძლება ყოველთვის პარტიამ ვერ გააკონტროლოს მისი წევრების მოქმედება და პრევენცია ვერ მოახდინოს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნას დანახული, სწორედ მისმა პარტიულმა სტატუსმა ხომ არ შეუქმნა ამ ადამიანს განცდა, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელად ჩადენა შეეძლო“.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა უცხოელმა მეგობარმა, რომლის თქმითაც, შანაი ბრუკის ტელეფონიდან შევიდა ზარი, რა დროსაც ისმოდა, რომ ის სავარაუდო თავდამსხმელს უყვიროდა. იმ მომენტში ქალი მთაწმინდაზე იმყოფებოდა. შანაი ბრუკის სამძებრო ღონისძიებებში გარდა სამართალდამცავებისა, მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულნი მოქალაქეებიც.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

შანაი ბრუკი საქართველოში წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. ის ინგლისური ენის პედაგოგი იყო.

XS
SM
MD
LG