კორუფციისა და სახელმწიფო მოხელეების ფლანგვის გახმაურებული მხილებები, ენაკვიმატი კომენტარებით - ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ალექსეი ნავალნი გახდა ასეთი მძლავრი პოლიტიკური ძალა და საფრთხე კრემლისთვის.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ასეთივე მნიშვნელოვანი მიზეზი: მისი ჭკვიანი კენჭისყრა (Smart Voting) კამპანია - მცდელობა, რომლის მიზანია, შეამსუბუქოს კრემლის მოკავშირე პარტია „ერთიანი რუსეთის“ გავლენა საკანონმდებლო ორგანოებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამიტომაც - მთელ ფედერაციაში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე - ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია ჭკვიან კენჭისყრასთან.
„ისინი ნამდვილად იბრძვიან ჭკვიანი კენჭისყრის წინააღმდეგ“, - უთხრა აბას გალიამოვმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა Current Time- ს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭკვიანი კენჭისყრა არის ყველაზე საშიში ნავალნის პროექტებს შორის, ყოველ შემთხვევაში, ახლა“, - თქვა მან.
ჭკვიანი კენჭისყრის მაღალი ტექნოლოგია
17-19 სექტემბრის არჩევნები გადამწყვეტია არა მხოლოდ „ერთიანი რუსეთის“ ძალაუფლების გამყარებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის, ასევე, საკვანძოა ნებისმიერი კონსტიტუციური მანევრისთვის, რომელიც კრემლმა შეიძლება განახორციელოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა მეხუთე ვადით იყაროს კენჭი.
კრემლის პრობლემა იმაშია, რომ სულ მცირე, გასული წლის შემდეგ, გამოკითხვებში „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.
ოპოზიციამ, ნავალნის მეთაურობით, აჩვენა უპრეცედენტო ეფექტურობა - ჭკვიანი კენჭისყრის ტაქტიკის გამოყენებით, რათა დაეცვა ასობით ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, 2018, 2019 და 2020 წლებში.
გასულ წლებში ეს მცდელობა უფრო PR კამპანიას ჰგავდა, რომელსაც ხელს უწყობდნენ ნავალნი და მისი მოკავშირეები.
წელს, ეროვნული დუმის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჭკვიანი კენჭისყრა მაღალტექნოლოგიური გახდა - გაეშვა გადმოსაწერი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, ყველაზე მეტად, რომელ კანდიდატს შეუძლია მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხება, პარტიული კუთვნილების ან იდეოლოგიის მიუხედავად და მოუწოდებს ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ამ კანდიდატს.
ნავალნის სტრატეგებმა არ აირჩიეს მარტივი გზა - „ხმა-მიეცი-ამ-კანდიდატის-იმიტომ-ჩვენ-გეუბნებით“, არამედ ჭკვიანი კენჭისყრა გარდაქმნეს დახვეწილ ალგორითმად, რომელიც ითვალისწინებს, კონკრეტული რეგიონში კენჭისყრის ისტორიას და სხვა კამპანიებს, ინტერვიუებს ადგილობრივ პოლიტიკურ ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან.
უფრო მეტიც, ჭკვიანი კენჭისყრის მიერ გამოვლენილი ალტერნატიული კანდიდატები შეიძლება არ იყვნენ „ლიბერალები“ ან თუნდაც ოპოზიციური კანდიდატები. ზოგჯერ ისინი დაკავშირებულნი არიან კომუნისტურ პარტიასთან, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან ან სამართლიან რუსეთთან.
„ჩვენ ყველას გვინდა, რაც შეიძლება მალე ვნახოთ მომავლის ულამაზესი რუსეთი, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ“, - ნათქვამია Smart Voting-ის ვებსაიტზე. „ეს არ მოხდება ერთ ღამეში... ჭკვიანი კენჭისყრა გვეხმარება პირველი ნაბიჯის გადადგმაში, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჭეშმარიტი კონკურენციის აღდგენისკენ“.
თავის ვებსაიტზე Smart Voting ირწმუნება, რომ 2019 წელს მან მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი რუსეთის“ კანონმდებლების რაოდენობა 38-დან 25-მდე შეამცირა.
სხვა საკითხებთან ერთად, სისტემამ დაასრულა ოპოზიციის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ - რასავ ბევრი კრემლის მანიპულაციად მიიჩნევს.
„ბოლო კამპანიის მთავარი დასკვნა მარტივია: ამომრჩეველი უნდა დარეგისტრირდეს Smart Voting ვებსაიტზე და ხმა მისცეს მისი რეკომენდაციების შესაბამისად“, - დაწერა ფეისბუკზე გასული სექტემბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ილია იაშინმა, აქტივისტმა, ერთ-ერთმა მრავალ გამოჩენილ ოპოზიციურ ფიგურას შორის, რომელთაც მთავრობამ აუკრძალა დუმის ადგილისთვის კენჭისყრა.
„თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჭკვიანურად, მომავალ წელს „ერთიანი რუსეთი“ დაკარგავს უმრავლესობას ფედერალურ პარლამენტში“, - ფიქრობს იაშინი.
ჭკვიანი კენჭისყრა მიჩნეულია განსაკუთრებით მძლავრ იარაღად დუმის მანდატების ნახევრისთვის ბრძოლაში, რომლებიც ერთმანდატიან რაიონებზე მოდის.
2016 წლის დუმის არჩევნებში „ერთიან რუსეთს“ მიენიჭა ასეთი ადგილების 90 პროცენტზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხმების 40%-ზე ცოტა მეტი მიიღო, სადავო ოფიციალური მონაცემებით.
„ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს გაანადგუროს [ჭკვიანი კენჭისყრის] ინფრასტრუქტურა ან რაც შეიძლება გაართულოს მასზე წვდომა“, - თქვა სტანისლავ ანდრეიჩუკმა, არჩევნების მონიტორინგის არასამთავრობო ორგანიზაცია Golos-ის თანათავმჯდომარემ, რომელიც გამოაცხადეს „უცხოელ აგენტად“ რუსეთში.
მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი თებერვლიდან ციხეშია, აგვისტოში მისმა გუნდმა გამოუშვა გადმოსაწერი აპლიკაცია, რომელიც ხალხს დაეხმარება გაერკვნენ, თუ როგორ უნდა მისცენ ჭკვიანი ხმა.
აპლიკაციას ჰქვია, უბრალოდ, ნავალნი.
მთავრობის ინტერნეტ მარეგულირებელმა, როსკომნაძორმა, დაავალა Apple-სა და Google-ს წაშალონ Navalny აპლიკაცია თავიანთი პლატფორმებიდან. ჯერჯერობით, ორი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უარს ამბობს. მათ პოტენციურად უზარმაზარი ჯარიმები ემუქრებათ.
ნავალნის მხარდამჭერების განცხადებით, როსკომნაძორი ასევე ცდილობს დაბლოკოს რუსი მომხმარებლები პროგრამის გადმოტვირთვისგან.
Globalcheck, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს ყოფილ საბჭოთა კავშირში ინტერნეტ რესურსების ხელმისაწვდომობას, ამბობს, რომ ხელმისაწვდომობა პროგრამის ამოქმედების შემდეგ 50 პროცენტით დაეცა და მას შემდეგ მერყეობს 50-დან 70 პროცენტამდე.
ზოგიერთი მომხმარებელი, ასევე, აცხადებს, რომ მათ ვერ გამოიყენეს აპლიკაცია ვირტუალური კერძო ქსელითაც (VPN) კი.
„იყო ბრძანება, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ამომრჩეველმა არ გაიგოს ჭკვიანი კენჭისყრის რეკომენდაციების შესახებ და ხელი შეეშალოს მათი ხმების კონსოლიდაციას“, - განაცხადა ნავალნის პროექტის მენეჯერმა ლეონიდ ვოლკოვმა.
„მკაცრი მოწოდება“
ამ გაზაფხულზე ნავალნის ორგანიზაციამ - ანტიკორუფციულმა ფონდმა - გამოავლინა, რომ მისი კომპიუტერული სერვერები გატეხილი იყო და რომ ფონდის მხარდამჭერი ასობით ათასი ადამიანის მონაცემები მოიპარეს.
Current Time-ის მაისში ჩატარებული გამოძიების თანახმად, ციფრულმა ნაკვალევმა აჩვენა, რომ დაჰაკვა, რომლითაც ნავალნის დაახლოებით 529,000 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია გაიჟონა, როგორც ჩანს, განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ადამიანების მიერ.
ზაფხულის განმავლობაში პოლიციამ გააძლიერა რეიდები და დაკითხვები მთელ რუსეთში; ბევრს სპეციფიკურად ნავალნის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.
აგვისტოს ბოლოსთვის, უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს თანახმად, პოლიციამ მოინახულა 1 400-ზე მეტი ადამიანი სულ მცირე 11 რეგიონში, რომლებმაც ნავალნის მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ორგანიზაციის იურისტის, ელენა მაკაროვას თქმით, დაკითხულებს მოსთხოვეს განმარტება, რატომ შესწირეს თანხა ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს, რომელიც აკრძალულია ქვეყანაში როგორც „ექსტრემისტული“ ორგანიზაცია.
მათ ასევე ჰკითხეს, თუ რატომ გადმოწერეს ნავალნის ჭკვიანი კენჭისყრის პროგრამა ან რატომ მოაწერეს ხელი ნავალნის პატიმრობის საწინააღმდეგო პეტიციას.
„თავიდან ხუმრობა გვეგონა“, - თქვა მან. „ყველა შემოსული მოხსენება ერთმანეთის ასლი იყო. ისინი უბრალოდ კი არ ჰგავდნენ ერთმანეთს, არამედ იდენტური იყვნენ“.
OVD-Info-ს ინფორმაციით, პოლიციელების სამიზნე რუსებს „მკაცრად მოუწოდეს“, შეევსოთ სამართლებრივი საჩივარი ნავალნისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ თითქოს მათ არ დაიცვეს პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზები.
მინიმუმ ერთ ადამიანს პირდაპირ უთხრეს, რომ თუ იგი უარს იტყოდა ნავალნის წინააღმდეგ საჩივრის დაწერაზე, მას გადაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში და დატოვებდნენ იქ, სანამ არ გადაიფიქრებდა, ამბობს მაკაროვამ.
BBC - „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) დაახლოებულ“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით - 1 სექტემბერს იტყობინებოდა, რომ ბრძანება პუტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გაიცა და მას ასრულებდნენ FSB-ის კონტროლირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები.
ნამდვილი ჭკვიანი კენჭისყრა, ყალბი ჭკვიანი კენჭისყრა
Smart Voting-ის ვებსაიტისა და აპლიკაციის დაბლოკვის მცდელობების და პოლიციის დაშინების გარდა, ვოლკოვის თქმით, ინტერნეტი სავსეა „უთვალავი ყალბი ჭკვიანი კენჭისყრის საიტებითა“ და აპლიკაციებით.
„სოციალურ მედიაში დაიწყო ყალბი უზარმაზარი, ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია, რათა ხალხი დაიბნეს სხვადასხვა რეკომენდაციებით და ვერ განასხვავოს ნამდვილი ყალბისგან“, - თქვა ვოლკოვმა.
მთავრობასთან დაკავშირებული ან მისი მხარდაჭერილი მრავალი მედიასაშუალება ასევე თავს ესხმის კამპანიას.
„ჭკვიანი კენჭისყრა არის მანიპულაციური და დესტრუქციული ტაქტიკა, რომლის მთავარი მიზანია რუსული მმართველობის სისტემის განადგურება“, - წერს ერთ-ერთი ციმბირული გამოცემა.
ნავალნის ჭკვიანი კენჭისყრის აპლიკაციის ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე, სამხრეთ სტავროპოლის რეგიონში, უცნობმა მატყლის სავაჭრო ფირმამ სამი თანამშრომლით, დაარეგისტრირა „ჭკვიანი კენჭისყრა“, როგორც მისი სასაქონლო ნიშანი.
1 სექტემბერს კომპანიამ შეიტანა სარჩელი Google-ის წინააღმდეგ და დაჟინებით მოითხოვა, რომ კომპანიამ დაბლოკოს ფრაზის ყველა „უკანონო“ გამოყენება.
გალიამოვი, მოსკოველი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჭკვიანი კენჭისყრის გარშემო აქტიურობა მიუთითებს კრემლის შეშფოთების დონეზე.
მისი თქმით, ქვეყნის თითოეულ საარჩევნო ოლქში, ალბათ, არის ორი ან სამი კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციური ამომრჩევლები დაუჭერენ მხარს.
„თუ თითოეული მათგანი აიღებს გონივრულ პროცენტს, მაშინ არც ერთი მათგანი არ მიიღებს „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატზე მეტს, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსი უჭერს მხარს“, - ამბობს გალიამოვმა.
მისივე თქმით, „ამგვარი რეფოკუსირება არის ხელისუფლების მთავარი იმედი“ და „ამიტომაც არის ჭკვიანი კენჭისყრა მათი მთავარი მტერი“.