ჭიაკოკონა - დიდი კოცონი - ინთებოდა შეშის ნაჭრებით ან ფიჩხით. ახალგაზრდები და ბავშვები ამ კოცონზე აუცილებლად უნდა გადამხტარიყვნენ - რაც უფრო მაღალ ცეცხლს გადაახტებოდი, მით უფრო უხვი იქნებოდა მოსავალი.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჭიაკოკონასგან დარჩენილი ნაცარი და ნახშირი. მას ინახავდნენ, წყალში ურევდნენ და შემდეგ ვენახში, ბოსტანში გაჰქონდათ. იქაურობას მიასხურებდნენ, რომ ჭიებისგან დაეცვათ. ამ წყლით თავსაც იბანდნენ, სჯეროდათ, რომ ასე თმას ბოლოჭამიები არ გაუჩნდებოდა“, - გვიამბობს ეთნოგრაფი ქეთევან ალავერდაშვილი.
მისი თქმით, ახლა უკვე რთულია, ჭიაკოკონობაზე რამე ზეპირი გადმოცემა ჩაწერო - ადამიანები, რომლებსაც ეს ისტორიები ახსოვდათ, სამოცდაათიან წლებშიც კი იშვიათობას წარმოადგენდნენ. მართალია, კოცონს ხშირად ახლაც ანთებენ, მაგრამ არა საკრალური მნიშვნელობით, არამედ გასართობად.
არადა, ჭიაკოკონობის ტრადიცია, ისევე როგორც ცეცხლთან დაკავშირებული ბევრი სხვა რიტუალი, წარმართული ეპოქიდან მოდის და, ამასთანავე, ქრისტიანობასთანაც ასოცირდება, განსაკუთრებით, თუ ვნების ოთხშაბათის ჭიაკოკონობაზე ვსაუბრობთ. ამ დღეს იუდამ ქრისტე გასცა. ჭიაკოკონასთან ასოცირდება ჩირაღდნები, რომლითაც მაცხოვრის შესაპყრობად მივიდნენ, კოცონი, რომელთანაც გაცემის ღამეს პეტრე იჯდა...
ჭიაკოკონობა ღამეს იხსენიებდნენ მიცვალებულებსაც, ამზადებდნენ საკურთხს, აცხობდნენ სარიტუალო პურებს და საფლავზე გაჰქონდათ. ქეთევან ალავერდაშვილი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მარიამობის წინა საღამოს ხდებოდა, რადგანაც 28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია.
გოდრით მოტანილი ცეცხლი
ცეცხლთან დაკავშირებით ეთნოგრაფები კიდევ ერთ საინტერესო რიტუალზე ჰყვებიან. ხევსურეთში, მარიამწმინდობას, რომელიც აღდგომის წინა დღეს იწყება და ორი დღე გასტანს, ხევსურები მოწნულ გოდორს თივით ავსებდნენ და თავს მოუკრავდნენ. შემდეგ ღამეს გაათენებდნენ და უკვე ალიონზე ცეცხლწაკიდებულ გოდორს ციცაბოზე დააგორებდნენ.
„თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ“
„წადით აქედან, თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ“, - ამ სიტყვებით ყრიდნენ ჭიაკოკონა ღამეს ადამიანები კუდიანებს. საქართველოში არის რამდენიმე ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად ავსულები იკრიბებიან. ყველაზე ხშირად ასახელებენ იალბუზს, საიდანაც - ასევე გადმოცემის თანახმად - ვახტანგ გორგასალმა „ეშმაკები განდევნა“. კუდიანების შესაკრებ ადგილად სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მთა და ადგილია მიჩნეული, მათ შორის, ტაბაკონის მთა სამეგრელოში, აქ ავსულებს ვნების კვირას აქვთ თავყრილობა.
როგორები არიან ავსულები?
ის შეიძლება მახინჯიც იყოს და ძალიან ლამაზიც. ქართულ მითოლოგიაში კუდიანები ხშირად „გვევლინებიან“ გარეულ ცხოველებზე ამხედრებულები, მაგალითად, მგელზე ან ტახზე. შეუძლიათ ფრენა და სხვადასხვა საგნით გადაადგილება. შეუძლიათ სხვა არსებად გადაქცევაც. ჰყავთ ხელმძღვანელი, როკაპი დედაკაცი, რომელიც მათ დავალებებს აძლევს და შემდეგ პასუხს სთხოვს.
„რუსულ და ევროპულ მითოლოგიაში ავსულები ხშირად დაფრინავენ დიდი ქვასანაყით. ქართულში ქვასანაყი არა, მაგრამ გვხდება საწნახელი. კუდიანებისგან თავის დასაცავად იცოდნენ ბავშვებისთვის თმაში სანთლის ჩაწებება. კიდევ ჭიაკოკონობა ღამეს ეკალს და მწარე ბალს დაკიდებდნენ ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლებოდა ავსული შემოსულიყო, მაგალითად, ფანჯარასთან ან საკვამურთან“, - ამბობს ქეთევან ალავერდაშვილი.
წინასწარმეტყველება გზაჯვარედინზე
ეთნოგრაფი ნინო ღამბაშიძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი რიტუალი, რომელიც ავსულებთან არის დაკავშირებული, მათი მიყურადებაა. ითვლებოდა, რომ ადამიანებს კუდიანებისგან ბევრი რამის გაგება შეეძლოთ, თუკი თავად ჩუმად იქნებოდნენ.
„ამ რიტუალის შესასრულებლად მამაკაცი გზაჯვარედინზე გამოდის, თავის გარშემო წრეს შემოხაზავს და ამ წრეში ჩამდგარი აყურადებს. წრეს დამცავი თვისება აქვს. მამაკაცის ახლოს იკრიბებიან ავსულები, კუდიანები. ისინი საუბრობენ, ვის რა ბედი ეწევა წლის განმავლობაში, ვინ გარდაიცვლება, ვინ - არა, ვის საგვარეულოში არის კუდიანი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს შემდეგ მამაკაცი დანარჩენებს უყვება“, - ამბობს ნინო ღამბაშიძე.
გადმოცემის თანახმად, სოფელში კუდიანები ხშირად ადამიანებს შორისაც ცხოვრობდნენ. მათ შეიძლება სხვადასხვა მისტიკური ნიჭიც ჰქონოდათ. „კუდიანის“ გამოაშკარავება სოფელს ძნელად, მაგრამ ხანდახან მაინც გამოსდიოდა, თუმცა შუა საუკუნეების ევროპისგან განსხვავებით, ამას მის დასასჯელად არ აკეთებდნენ. გამოაშკარავების ერთ-ერთი საშუალება იყო ნიშნის დადება, მაგალითად, თუ ჭიაკოკონობა ღამეს, ან რომელიმე სხვა დროს ადამიანი ავსულის სხეულზე რამე კვალს დატოვებდა, ვთქვათ, მუგუზლით დაწვავდა, ეს ნიშანი მას ადამიანად ქცევის მერეც დარჩებოდა.