Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვალების მაჩვენებლის პიკიდან პიკამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აგვისტოს


„თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს“, - დადგა თუ არა სარიტუალო მომსახურების კრიზისი?

„არის დღეები, როცა თბილისში, კატაფალკის პოვნა ძნელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისში მოქმედი ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურებისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, სასახლეებსა და, ზოგადად, სარიტუალო მომსახურებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შესაბამისად, გარკვეულ დღეებში, შესაძლოა, გარდაცვლილის ოჯახს კატაფალკის დროულად მოძიების პრობლემაც კი შეექმნას.

ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი, სარიტუალო მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას, ცხადია, პირველ რიგში, კოვიდით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კოვიდით გარდაცვალების პროტოკოლის თანახმად, მიცვალებული მაქსიმუმ 72 საათში უნდა დაიკრძალოს, შესაბამისად, კოვიდით გარდაცვალების რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა იმავე ან მეორე დღეს დაკრძალვაზე, რის გამოც გარდაცვლილის ოჯახის წევრს უწევს რამდენიმე საათში მოაგვაროს დაკრძალვის რიტუალისათვის საჭირო ყველა დეტალი, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს.

სარიტუალო მომსახურების კომპანიისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი, მაგალითად, მხოლოდ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე ხანს სტაბილურად შენარჩუნდება დღეში 60-80 გარდაცვლილზე, არ არის გამორიცხული, შეიქმნას ჩასასვენებლების პრობლემაც. მისი თქმით, თბილისში არსებულ 20-მდე საამქროში, ჯამში, ყოველდღიურად მაქსიმუმ 40-50 კუბო მზადდება. თბილისი ამარაგებს ჩასასვენებლებით რეგიონების ნაწილსაც.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

18-19 წლის ტერორისტები?

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების ბრალდებით დაკავებულ ხუთ პანკისელ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

სხდომა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მედიისა და საზოგადოებისთვის დახურა, ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების მოტივით. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე კლდიაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები, რომ არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

პანკისის ხეობის ხუთი მკვიდრი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 24 აგვისტოს. დაკავებულთაგან სამი, „რეგინფოს“ ინფორმაციით, 18 წლისაა, ერთი - 19. სუს-ის ვერსიით, ისინი გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

მეხუთე ბრალდებული 48 წლის უსუფ ცათიაშვილია. გამოძიების მტკიცებით, ცათიაშვილი ღიად ამბობდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია და სწორედ მან გააწევრიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში დანარჩენი ბრალდებულები. მათ შორის ერთ-ერთი ცათიაშვილის ბიძაშვილის შვილია.

„ბრალდებულები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების ახალი პიკი დაფიქსირდა - 79 ადამიანი ერთ დღეში. გარდაცვლილთა შორის იყო 26 წლის ახალნამშობიარები ქალიც. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მოხდა. მელოგინე ქალი ფილტვის მძიმე დაზიანებით შეიყვანეს კლინიკაში. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. გარდაცვლილი ქალი კორონავირუსზე აცრილი არ ყოფილა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დასაზუსტებელია კოვიდინფიცირებულ ორსულთა ზუსტი რაოდენობა. თუმცა დადასტურებულია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამი, რომელიც ახლა ცირკულირებს, გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა ორსულებისთვის, ვიდრე თავდაპირველი ორიგინალური შტამი, ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბარში განაცხადა იმის საპასუხოდ, თუ რატომაა გაზრდილი ორსულთა ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 11,6%.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ორმაგი ტერაქტი ქაბულის აეროპორტში - არიან გარდაცვლილები

ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან. Associated Press-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ავღანეთის 60 მოქალაქე და 12 ამერიკელი სამხედრო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ მათ ტელეგრამის საშუალებით გაავრცელეს.

ქაბულის აეროპორტიდან ათასობით ადამიანი ცდილობს გაქცევას, რის გამოც იქ აფეთქების მომენტში ხალხმრავლობა იყო. ხელისუფლება ხელში დაჯგუფება თალიბანმა თვის დასაწყისში ჩაიგდო. ამის შემდეგ ქაბულის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად ცდილობს ქვეყნის დატოვებას.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

„იმედი“ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე

ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ პარტია „ევროპულ საქართველოს“ უარი უთხრა წინასაარჩევნო პოლიტიული რეკლამის განთავსებაზე „სიძულვილის ენის შემცველი“ შინაარსის გამო.

„პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„უარს სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, რაც „იმედს“ თავის წერილში არ განუმარტავს“, - ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ტელეკომპანიის უარს.

როგორც ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, ეს არ არის იურიდიული დასაბუთება და საკანონმდებლო ტერმინი, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული „სიძულვილის ენის“ დეფინიცია.

წაიკითხე მეტი.

"აღიარების" ილუზიისა და უძრაობის 13 წელი ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღნიშნავენ რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან მე-13 წლისთავს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცხინვალში უკვე ჩატარდა „საზეიმო ავტოგარბენი სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დროშებით და პატრიოტული სიმღერებით“, საღამოს კი, ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გაიმართება. სოხუმში ყვავილებით შეამკეს 90-იან წლებში, „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ დაღუპულების და პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას მემორიალები.

ადგილობრივი ლიდერების ოფიციალური განცხადებებით, 26 აგვისტოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საერთაშორისო აღიარების“ დღე აღინიშნება, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო დამოუკიდებლობა“ ბუნებაში არ არსებობს.

რუსეთის შემდეგ, მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ნაბიჯი თითქოს ვანუატუმ და ტუვალუმაც გადადგეს, მაგრამ მათ საბოლოოდ - აღიარება უკან წაიღეს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს თავის გასატანად დიდი არჩევანი არა აქვთ. სხვადასხვა წყაროს ცნობით:

  • რუსეთის ფედერაციამ 2020-2022 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებისთვის 7 მილიარდი რუბლი (98 მილიონი დოლარი) გამოყო;
  • 2021 წელს აფხაზეთის დაფინანსება - დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა; ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა - დაახლოებით 25 მილიონი დოლარის.

ცხინვალშიც და სოხუმშიც კარგად იციან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მომავალი ძირითადად რუსეთის კმაყოფილებაზეა დამოკიდებული.

რა გეგმები აქვს რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

აჰმად მასუდი - ლეგენდარული ავღანელი საველე მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი - ამბობს, რომ მისი ათასობით მეომარი აპირებს, წინ აღუდგეს თალიბანის მმართველობას. ისინი ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობაში არიან გამაგრებული. ეს მთიანი მხარე ავღანეთის ერთადერთი რეგიონია, რომელიც არ დაუკავებიათ რადიკალ ისლამისტებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG