Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს“, - დადგა თუ არა სარიტუალო მომსახურების კრიზისი?


„არის დღეები, როცა თბილისში, კატაფალკის პოვნა ძნელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისში მოქმედი ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურებისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, სასახლეებსა და ზოგადად, სარიტუალო მომსახურებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შესაბამისად, გარკვეულ დღეებში, შესაძლოა, გარდაცვლილის ოჯახს კატაფალკის დროულად მოძიების პრობლემაც კი შეექმნას.

სარიტუალო მომსახურების წარმომადგენლებს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ჭირისუფალს თბილისში კატაფალკის მოძიება გაუჭირდა. სარიტუალო მომსახურების კომპანიაში მათ უთხრეს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეეძლოთ მანქანის გამოყოფა და მიცვალებულს შორ მანძილზე ვერ წაასვენებდნენ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი, ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი, სარიტუალო მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას, ცხადია, პირველ რიგში, კოვიდით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კოვიდით გარდაცვალების პროტოკოლის თანახმად, მიცვალებული მაქსიმ 72 საათში უნდა დაიკრძალოს, შესაბამისად, კოვიდით გარდაცვალების რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა იმავე დღეს ან მეორე დღეს დაკრძალვაზე, რის გამოც გარდაცვლილის ოჯახის წევრს უწევს რამდენიმე საათში მოაგვაროს დაკრძალვის რიტუალისათვის საჭირო ყველა დეტალი, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. მისივე თქმით, თუკი აქამდე ზოგადად, ტრადიციის თანახმად, გასვენების ცერემონიალი კვირის მხოლოდ ოთხ დღეს იმართებოდა, კოვიდით გარდაცვალებამ ეს წესიც შეცვალა:

„ვიცით, რომ როგორც წესი, საქართველოში, გასვენების დღეებად ითვლებოდა სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა, ახლა უკვე კვირის ყველა დღეებში კრძალავენ მიცვალებულს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ სიცხეში, დახურული სასახლით კლინიკიდან წამოყვანილ მიცვალებულს 72 საათი სახლში ვერ გააჩერებ. კლინიკა კოვიდით გარდაცვლილის ოჯახს ეუბნება, დროზე წაიყვანე გარდაცვლილი და დაკრძალე. ოჯახს გარდაცვლილს ატანს დახურული სასახლით, ეუბნებიან, რომ სასახლე არ გახსნან. ამ სიცხეში, მიცვალებული ე.წ. მაცივარში თუ არ გადაასვენე, პანაშვიდს ვერ გადაიხდი, გამორიცხულია. ამიტომ მიცვალებული დროზე უნდა დაიკრძალოს. შესაბამისად, მოთხოვნა კატაფალკებზეც და ჩასასვენებლებზეც გაზრდილია და შესაძლოა, ზოგ დღეებში პრობლემაც კი გაჩნდეს ხოლმე. თან მხოლოდ კოვიდით ხომ არ იღუპებიან ადამიანები. კოვიდით გარდაცვლილებს სხვა მიცვალებულებიც ემატებიან“.

სარიტუალო მომსახურების კომპანიისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი, მაგალითად, მხოლოდ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე ხანს სტაბილურად შენარჩუნდება დღეში 60-80 გარდაცვლილზე, არ არის გამორიცხული, შეიქმნას ჩასასვენებლების პრობლემაც. მისი თქმით, თბილისში არსებულ 20-მდე საამქროში, ჯამში, ყოველდღიურად მაქსიმუმ 40-50 კუბო მზადდება. თბილისი ამარაგებს ჩასასვენებლებით რეგიონების ნაწილსაც:

„თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს თან თუ ამ ადამიანების დაკრძალვა თუ ერთ დღეს მოგვიწევს. გამორიცხულია. შეიქმნება როგორც კატაფალკის მომსახურების, ისე სასახლის დამზადების პრობლემაც. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან გაჭირდება“.

კიდევ ერთი დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც თავად არ ფლობს კატაფალკას და შესაბამისად, სარიტუალო მომსახურებისას ავტომობილს ქირაობს, რადიო თავისუფლევას უებნება, რომ უკანასკნელი ორი კვირაა, ყოველდღიურად რამდენიმე ბიუროსთან უწევს დაკავშირება იმისათვის, რომ სასურველი დროისათვის თავისუფალი კატაფალკა იპოვოს:

„ადრე ასე ნამდვილად არ იყო. ხანდახან, შესაძლოა, დღეები გასულიყო ისე, რომ დამკრძალავ ბიუროს კატაფალკა არ გაექირავებინა, რადგან მოთხოვნა არ იყო. ბოლო 10-14 დღეა, სრულიად შეცვლილია სიტუაცია. ამ სისტემაში დასაქმებულების უმეტესობა, სამწუხაროდ, ამას აღნიშნავს“.

რადიო თავისუფლება ესაუბრა შპს „ჰერმესის“ დირექტორის მოადგილეს ტექნიკურ დარგში, თემურ ბარელიძესაც. „ჰერმესი“ თბილისში არსებული სასაფლაოების მართვას და მოქალაქეებისათვის სარიტუალო მომსახურებას უზრუნველყოფს. თემურ ბარელიძის თქმით, მუნიციპალურ სასაფლაოებზე, ამ ეტაპზე, პრობლემები არ შექმნილა და ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დროული მომსახურება გაუწიონ გარდაცვლილების ოჯახებს:

„პანდემიის გამოცხადების დღიდან დავიწყეთ ზრუნვა იმისათვის, რომ შეგვეძინა სპეციალური ინვენტარი, სპეციალური უნიფორმები ტექ-მუშაკებისთვის, სარიტუალო აგენტებისთვის. ვცდილობდით, რომ ჩვენი მუშა-ხელი მაქსიმალურად დაგვეცვა ინფიცირებისაგან, რადგან ასეთ პერიოდში, თითოეული მუშაკის დაინფიცირება და თუნდაც დროებით გამოკლება, ნამდვილად არ არის სასურველი. დავიმატეთ ასევე მანქანები. 2020 წლამდე, სანამ კოვიდი შემოვიდოდა და გარდაცვალების რიცხვი ასეთ მასშტაბებს შეიძენდა, დაკრძალვები ცხადია, რეალურად ნაკლები იყო. რაკი ჩვენ მხოლოდ თბილისს ვემსახურებით, თბილისის მაჩვენებლიდან გამომდინარე ვილაპარაკებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ყოველდღიური დაკრძალვების კატასტროფული ზრდა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისშიც მნიშვნელოვნად მოიმატა ყოველდღიურად დაკრძალვების რიცხვმა. მაგალითად, თუკი მხოლოდ მუხათგვერდის სასაფლაოზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუკი გასულ თვეებში, ამ სასაფლაოზე თვის განმავლობაში იკრძალებოდა დაახლოებით 130 ადამიანი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ აქ თვის განმავლობაში იკრძალება 140 ადამიანი. არ ვიცით, რამდენად არის ეს მხოლოდ კოვიდით გამოწვეული ზრდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. სამწუხაროდ, როდესაც დღეში 60 და 79 ადამიანი იღუპება მარტო კოვიდით, ცხადია, რომ სარიტუალო მომსახურების მოთხოვნაზეც ზრდა იქნება. დღესდღეობით, ვცდილობთ, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა ჩვენი მომსახურების ხარისხზე არ აისახოს“.

თემურ ბარელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვალების მატებასთან ერთად, შეიცვალა როგორც დაკრძალვის დღეების ტრადიცია, ისე საათებიც:

„კლინიკები კოვიდით გარდაცვლილის ჭირისუფალს სთხოვს, რომ მიცვალებული იმავე დღეს გაიყვანონ. ხშირად ისე ხდება, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან, ამიტომ მიცვალებულს სახლში ვერ მიიყვანენ და მათი დაკრძალვა რამდენიმე საათში უნდა მოხდეს. ამიტომ შესაძლოა ჭირისუფალი, მაგალითად, დაგვიკავშირდეს შუა დღის პირველ საათზე და გვითხრას, რომ მიცვალებული იმავე დღეს უნდა დაკრძალოს. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ ასეთ დროსაც არ გვქონდეს შეფერხება და ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი ჭირისუფლის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ გავართულოთ. ვცდილობთ, რომ რამდენიმე საათში მოვახერხოთ მიცვალებულის დაკრძალვა. ვერ ვაძლევთ თავს იმის უფლებას, რომ ასეთ დროს ჭირისუფალს უარი ვუთხრათ“.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კოვიდის გავრცელებამდე, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ყოველწლიურად 46 ათასიდან 48 ათასამდე ადამიანი კვდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. თუკი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ჯამში, 8059 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც მარტო კოვიდით გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად 30-40-ს შეადგენდა, 2019 წლის ამავე პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოში 4 233-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი იყო 2 505 პაციენტი.

26 აგვისტოს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი, გარდაცვალების 79 შემთხვევა დაფიქსირდა და კოვიდით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა. მხოლოდ აგვისტოს პირველ 25 დღეში, COVID19-მა 1208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG