Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გაიხსნება პირველი საველე ჰოსპიტალი - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 აგვისტოს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დიღომში ოლიმპიურ სოფელში გუშინ პირველი საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო, სადაც პანდემიის მორიგ პიკზე პაციენტებს მიიღებენ. დღეს გახდება ცნობილი, როდიდან ამუშავდება საველე ჰოსპიტალი, რა ტექნიკით აღიჭურვება და ვინ ჩაიბარებს პაციენტების ჯანმრთელობას დელტა შტამის პიკზე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 4314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 35 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 14 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 12.66%;
  • ბოლო 7 დღის - 11.03%;
  • ბოლო 14 დღის - 10,38 %.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ვითარება ავღანეთში: საგარეო უწყება ქართველების ევაკუაციას ცდილობს

ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის ალყაშია. ქვეყნიდან უკვე გაიქცა პრეზიდენტი აშრაფ ღანი. მან თავი ტაჯიკეთს შეაფარა.

ამ ვითარებაში საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქაბულიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის ევაკუაციას ცდილობს. სამინისტროს ცნობით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები უწყებას დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, მათი ავღანეთიდან გამოყვანის პროცესში ჩაერთვნენ.

„ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თავისი მოქალაქეები ქაბულიდან გაჰყავთ სხვა ქვეყნებსაც. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15 აგვისტოს განაცხადეს, რომ დიპლომატები აშშ-ის საელჩოდან ვერტმფრენებით მიჰყავთ აეროპორტში.

წაიკითხე მეტი.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის სიაში არიან:

  • ქუთაისი - ხატია დეკანოიძე
  • მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი
  • რუსთავი - დავით კირკიტაძე
  • თელავი - გიორგი ბოტკოველი
  • მარტვილი - თემურ ჯანაშია
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე
  • ქობულეთი - ბონდო თედორაძე
  • ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე
  • ქედა - რამინ ბერიძე
  • შუახევი - როინ ზოიძე
  • ხულო - გოგიტა სოლომონიძე
  • ვანი - ბადრი მებურიშვილი
  • ზესტაფონი - ბაქარ ხიდაკაძე
  • სამტრედია - მამუკა ბიბილეიშვილი
  • ადიგენი - მარეხი დათაშვილი
  • ასპინძა - გიორგი გიორგაძე
  • საგარეჯო - დავით ჯავახიშვილი
  • ახმეტა - ზურაბ ოტიაშვილი
  • გურჯაანი - სერგი კაკალაშვილი
  • დედოფლისწყარო - თამაზ კოჭლამაზაშვილი
  • სიღნაღი - ზაზა პაპუაშვილი
  • დმანისი - გიორგი ტატუაშვილი
  • თეთრიწყარო - ვანო მაღალაშვილი
  • გორი - ვასილ მახარაშვილი
  • ხაშური - იოსებ ბუაძე
  • კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი
  • ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი
  • ხობი - ბესო შენგელია
  • ზუგდიდი - აქ მერობის კანდიდატად პარტიამ დაასახელა ანზორ მელია, ნიკა მელიას მამა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება

16 აგვისტოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის გარდამავალ ნორმებს უნდა შეეხოს. ანუ, ეს იქნება დროებითი ცვლილება, რაც მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში იმოქმედებს. ცვლილებები პროექტის მიხედვით:

  • მომდევნო ორ არჩევნებზე პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს.
  • საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. გადაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დაემატება.
  • ფრაქციას ვეღარ შექმნის ოთხზე ნაკლები დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი.
  • ცვლილებებს ხელს აწერს 91 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, პარტია „მოქალაქეებიდან“, „გირჩიდან“, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ლელოდან“.

საყოველთაო განხილვის მეორე ნაწილი 17 აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 724-ს მიაღწია

ჰაიტის სამოქალაქო თავდაცვის უწყების ცნობით, 14 აგვისტოს მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 724-ს მიაღწია, დაშავებულია მინიმუმ 2800. სააგენტოს თანახმად, სასიკვდილო შემთხვევების უმრავლესობა მოხდა ქვეყნის სამხრეთში. მაშველებმა და ადგილზე მყოფმა სხვა პირებმა მრავალი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოახერხეს საცხოვრებელი სახლების, სასტუმროებისა და ეკლესიების ნანგრევებიდან.

ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქალაქ ჟერემის ცენტრს. ქალაქში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ძირითადად ერთსართულიან სახლებში.

მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა ქალაქ ლე კაიეშიც, სადაც მრავალსართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა.

პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ერთთვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წაიკითხე მეტი.

რამდენად შორია აცრამდე მისასვლელი გზა

საქართველოში დღეიდან იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი) ვაქცინაციის მსურველებისთვის სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნა.

იმის გამო, რომ მოძრაობის მარშრუტი საზოგადოებისთვის წინასწარ არავის წარუდგენია, ბევრისთვის ჯერ ისევ უცნობია, როგორ მიაღწიოს ამცრელ პუნქტამდე. ასევე უცნობია აცრის მსურველების ბედი იმ რეგიონებში, სადაც სპეციალური ტრანსპორტი არ ივლის.

აუცრელობის პრობლემა არახალია სოფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ამცრელი პუნქტებიც გახსნილია და მსურველებიც არიან, მოქალაქეები ვერ იცრებიან, ან იცრება ის, ვისაც ფული აქვს და ვაქცინაცია ძალიან უნდა.

„ჩემს დას სთხოვენ სოფელში დარეგისტრირებაში დახმარებას და მხოლოდ საჩხერესა და ზუგდიდს სთავაზობს, რომელიც იმდენად შორია ჩვენგან, [სოფლის მაცხოვრებლებს] იმის სახსრებიც არ გააჩნიათ, იქამდე ჩავიდნენ. გგონიათ, მართლა ყველა ანტივაქსერია? საშუალება არ არსებობს, რომ აიცრან, თორემ არ არის ყველა დებილი და მხოლოდ ჩვენ, აცრილები, კაი ტიპები“, - წერს სოციალურ ქსელში სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ფეისბუკმომხმარებელი ხატია კირთაძე.

რამდენად გაართულა უტრანსპორტობამ მოქალაქეებისთვის აცრის პუნქტამდე მისვლა? წაიკითხე ვრცლად ანი ბურდულის სტატიაში.

ავღანეთი - ქაბული, 15 აგვისტო. ფოტოზე ჩანს, როგორ ჯდება ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. ასე გადაჰყავდათ ქაბულის აეროპორტში საელჩოს თანამშრომლები. ბაიდენის ადმინისტრაციამ საელჩოს ევაკუაციისთვის 5 ათასი სამხედრო გამოყო.

"ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოჰყავთ, აშკარაა არასწორი მართვა", - აღნიშნავს შინაგანი მედიცინისა და ზოგადი მედიცინის დახელოვნების ექიმი იაგო ფრანგიშვილი. სწორედ მას დავუკავშირდით გერმანიაში და ვკითხეთ, რატომ შეიძლებოდა გაზრდილიყო კოვიდსიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში? რას აკეთებენ არასწორად მისი კოლეგები და რატომაა აუცილებელი ყველა პაციენტთან ინდივიდუალური და არასტანდარტული მიდგომა, როცა საქმე ეხება ისეთ საშიშ ვირუსს, როგორიც კოვიდია?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG