მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდნენ, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს შემოიჭრა და ამ დღეს დაიღუპნენ როგორც სამხედროები, ასევე პოლიციელები.
„დღეს ძალიან მძიმე დღეა საქართველოსთვის, ომი 7 აგვისტოს დაიწყო და არა 8 აგვისტოს, როგორც ამბობენ. 7 აგვისტოს ჩვენ უკვე გვყავდა დაღუპულები, როგორც სამხედროები, ასევე პოლიციელები. თქვენ იცით, რომ ომის დროს 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი, ჯამში 408 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ. ეს ძალიან სამწუხარო დღეა და, მეორე მხრივ, ეს არის საამაყო დღეც. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ დღეს ქართულად ვლაპარაკობთ და არა რუსულად”, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტია აცხადებს, რომ რუსეთთან ომის პროცესი არ დასრულებულა და საქართველოში არჩევნების გზით უნდა მოხდეს რუსეთის მიმართ ლოიალური საქართველოს ხელისუფლების შეცვლა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე 7 აგვისტოს მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები.
,,ჩვენ დღეს მოვედით და პატივი მივაგეთ ადამიანებს, რომლებთანაც ვალში ვართ ადამიანურად. მათ გაიღეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე იმისათვის, რომ ყველანი ვყოფილიყავით კარგად. ეს იყო ბრძოლის ერთი ნაწილი. ეს ბრძოლა არ დასრულებულა და ნამდვილად მჯერა, რომ ამ ადამიანების ხსოვნისთვის ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქართველის ვალდებულებაა საქართველო იყოს ერთიანი, მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე”, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ. პაატა მანჯგალაძემ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი 7 აგვისტოს ყვავილებით შეამკეს ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ყველა, ვინც თვლის, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ „საქართველო რუსეთს დაესხა თავს საკუთარ ტერიტორიაზე“.
საკუთარ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავს საქართველოში 7-8 აგვისტოს აღნიშნავენ.
ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ერთი ნაწილი ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს თვლის. მათი განმარტებით, რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა და ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს სახელმწიფომ წინააღმდეგობის გაწევა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა წლების პრაქტიკით, აგვისტოს ომის წლისთავს ტრადიციულად 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. განსხვავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიდგომა.
საგარეო უწყებამ 7 აგვისტოს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. ტექსტში ხაზგასმულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ.
„ცამეტი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“, - აცხადებს საგარეო უწყება.
განცხადებები არ გამოქვეყნებულა მთავრობის, პარლამენტისა თუ საქართველოს პრეზიდენტის სახელით.
ომის დაწყებიდან მე-13 წლისთავის აღსანიშნავად, 7 აგვისტოს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ამ დღისთვის საგანგებო განცხადებები გაავრცელეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებმაც.