შს სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მკვლელი სავარაუდოდ უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ფოტორობოტი პოლიციამ შანეი ბრუკის მეგობრებსაც ანახა. დაუზუსტებელი ცნობებით, ექსპერტიზა დასრულებულია და ცხედრის ავსტრალიაში გადასვენება უახლოესი მომავლისთვის იგეგმება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერ ისევ საქართველოშია მოკლულის ძმა. უცხოეთის მედია ფართოდ აშუქებს შანეი ბრუკის მეგობარი მამაკაცის მუქარას. კამბოჯაში მცხოვრები ლიბანელი დიჯეი მოუდი ელ-საიედი (Moudy El Sayed) მკვლელის პოვნისა და გარდაუვალი განადგურების პირობას დებს.
- ვინ არის მოუდი ელ-საიედი და რა კავშირი ჰქონდა მას მოკლულ ქალთან?
- რა ვიცით ამ დროისთვის მთაწმინდაზე მოკლული ახალგაზრდა ქალისა და მისი შემზარავი ისტორიის შესახებ?
ახალგაზრდა ლიბანელმა კაცმა, შანეი ბრუკ ედვარდსთან ერთად გადაღებული ფოტოთი, სიყვარულის აფიშირებითა და შურისძიების მუქარით, სოციალურ ქსელებში ყურადღება რამდენიმე დღის წინ მიიპყრო. მისი გზავნილებით დაინტერესდა მედიაც.
კაცი წერდა, რომ:
- მკვლელს „ზუსტად ისეთივე წამება“ ელის, როგორც მან შანეი აწამა;
- ცხოვრებაში ამიერიდან ერთადერთი მისია ექნება და ეს არის „იმ პირის მოძებნა და მოკვლა, ვინც მკვლელობა ჩაიდინა“;
- „სამართალი აღსრულდება“ და ამ მისიას შეასრულებს, „ამის გამო მთელი ცხოვრება ციხის გისოსებშიც“ რომ გაატაროს;
- „სამართალი იზეიმებს, ჩემო სიყვარულო... ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებს“.
მოუდი ელ-საიედი მუსიკალურ წრეებში საკმაოდ კარგად ცნობილი დიჯეია და პანდემიამდე, ელექტრონული მუსიკით გატაცებული აუდიტორია მას არც აზიის ქვეყნებში აკლდა და არც ევროპაში. ის ხშირად სტუმრობდა, მაგალითად, შვეიცარიასა და პორტუგალიას.
ინტერნეტში გავრცელებული ცნობებით, მოუდი ელ-საიედი მარკეტინგის სპეციალისტია, გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით არის დაკავებული და ამ პროფილის კერძო კომპანიასაც უნდა ფლობდეს.
ამ ეტაპზე მის ფეისბუკგვერდთან წვდომა უკვე შეზღუდულია და აღარც მუქარის შემცველი პოსტები ჩანს. ამჟამად მას საჯაროდ უდევს ერთადერთი პოსტი, რომლის ადრესატი „ცხოვრების სიყვარულად“ მოხსენიებული ავსტრალიელი ქალია.
„მე მხოლოდ შენ მაკლიხარ ყოველი დღის ყოველ წუთს. შენ ჩემგან სინამდვილეში არასოდეს წახვალ - სამუდამოდ იქნები ჩემს გულში“, - წერს კაცი.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ელ-საიედმა შანეი ბრუკი კამბოჯაში გაიცნო, სადაც დიჯეი ამ დრომდე ცხოვრობს.
2016 წლის შემდეგ, როცა ინგლისურის პედაგოგმა მშობლიური ავსტრალია დატოვა, გარკვეული პერიოდი სწორედ კამბოჯის სამეფოში ცხოვრობდა. მანამდე, ახალგაზრდა ქალი ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა სამხრეთ ამერიკაშიც, კოლუმბიის რესპუბლიკაში.
მოუდი ელ-საიედის სიტყვებზე დაყრდნობით სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალება იუწყება, რომ ორი წლის წინ, ვიდრე შანეი ბრუკი საქართველოში ჩამოვიდოდა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა; ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ „საკუთარ თავში კვლავ დიდი სიყვარულის აღმოჩენის“ შემდეგ შერიგდნენ და მომავალს ისევ ერთმანეთს უკავშირებდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ოჯახის შექმნასა და საქართველოში ცხოვრებას გეგმავდნენ. კაცმა ქალთან თბილისში ჩამოსვლა პანდემიის გამო ვერ მოახერხა. ასევე, სწორედ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება იმის ასახსნელადაც, თუ რატომ ვერ ჩამოვიდა ის თბილისში ქალის მკვლელობის შემდეგ.
თუმცა ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ მოუდი ელ-საეიდის ნაამბობია.
თავად შანეი ბრუკის ფეისბუკგვერდზე თუ ინსტაგრამზე საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეში, მათი ერთად გადაღებული ფოტოები არ იძებნება.
გამოძიება გრძელდება
31 წლის ავსტრალიელი ქალი თბილისში 30 ივლისს დაიკარგა და 31 ივლისს მისი ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.
თავდაპირველად განგაში ატეხა მისმა აშშ-ში მცხოვრებმა მეგობარმა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ესაუბრებოდა. რამდენიმე წუთში მეგობრის ტელეფონზე კვლავ შევიდა ზარი, თუმცა ამჯერად მას მხოლოდ შანეი ბრუკის ყვირილი ესმოდა და აშკარა იყო, რომ ქალი თავდამსხმელის მოგერიებას ცდილობდა.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო;
- ცხედრის პოვნის შემდეგ, ბრალდება შეიცვალა და გამოძიება უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.
შს სამინისტრო დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. 6 აგვისტოს უწყებაში გვითხრეს, რომ ბრალდების კვალიფიკაცია აღარ შეცვლილა და „საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“.
ჯერ ბოლომდე დაუზუსტებელი ინფორმაციით:
- დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, შედგენილია ფოტორობოტი და სავარაუდო მკვლელი საქართველოს მოქალაქეა;
- უკვე დასრულებულია ცხედრის ექსპერტიზა და სამშობლოში მისი გადასვენება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
- შანეი ბრუკის მეგობრებისგან შევიტყეთ, რომ ოჯახი გადასვენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოდ დატოვებას ამჯობინებს.
შანეი ბრუკის უახლოესი მეგობრები შეკითხვებს ძველებურად აღარ პასუხობენ. ერთ-ერთმა მხოლოდ ის ფაქტი დაგვიდასტურა, რომ ჯერ ისევ საქართველოში იმყოფება მოკლულის ძმა.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება, რომ მომხდარიდან მალევე თბილისში გაემგზავრა თურქეთში მოქმედი ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენელი „საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციისთვის“.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავსტრალიის მთავრობამ დაღუპულის ოჯახს „უღრმესი მწუხარებით“ მიუსამძიმრა და აცნობა, რომ საქმეს საქართველოს ხელისუფლება იძიებს.
ავსტრალიის მედიასაშუალებები წერენ იმის შესახებ, რომ ასეთი სასტიკი მკვლელობა უჩვეულოა თბილისისთვის და ფაქტი შოკისმომგვრელია საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში შანეი ბრუკის საუკეთესო მეგობარი ამბობს, რომ საქართველოში ამ ფაქტს ლამის „ეროვნულ სირცხვილად“ თვლიან.
"ბედნიერი ქალი"
შანეი ბრუკ ედვარდსი ინგლისური ენის პედაგოგად თბილისში, „საერთაშორისო სახლში“ მუშაობდა.
როგორც რადიო თავისუფლებამ შეიტყო, ამ ეტაპზე გამოკითხულია ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელი. გამოძიება ინტერესდებოდა, მაგალითად - ხომ არაფერი სმენიათ შესაძლო კონფლიქტებისა და საეჭვო დეტალების შესახებ, ვთქვათ, მისი პირადი ცხოვრებიდან.
საეჭვო არავინ არაფერი იცის.
თუმცა ზუსტად იციან, რომ შანეი „წყნარი, მშვიდი, ძალიან კეთილი და ბედნიერი გოგო“ იყო და, თურმე, ძალიან ემადლიერებოდა იმ მეგობრებს, ვინც მას საქართველოში ჩამოსვლა ურჩია. „ეს რა სამოთხეში გამომიშვით, თავგადასავლები და ბედნიერება თუ გინდათ იპოვოთ, ყველაფერი აქ, საქართველოში არისო“, - ასეთი იყო მისი შთაბეჭდილებები.
თუკი ფეისბუკისა და ინსტაგრამის კომენტარებს გადავხედავთ, მოგზაურობით გატაცებული შანეი ბრუკი ასევე მუდამ ბედნიერ, მხიარულ და გულისხმიერ ადამიანად ახსოვთ ყველგან - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მას მადლიერებით იხსენებენ მეგობრები, მოწაფეები თუ სულ ერთხელ შეხვედრილი ადამიანები. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ამბავი ერთი კვირის განმავლობაში თანდათან ყველას მისწვდა. სოციალურ ქსელებში დაიწერა ათასობით კომენტარი.
წერენ, რომ შანეის მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის მიზანი ჰქონდა, პრობლემებს არასოდეს არიდებდა თვალს და ამას აქტიურობითაც ადასტურებდა. იხსენებენ, რომ:
- შანეი მოხალისედ მუშაობდა ავსტრალიაში, მელბურნში - უსახლკარო ადამიანებთან, თავშესაფრებში.
- ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა და მუდამ ზრუნავდა უსახლკარო ცხოველების გადარჩენისთვის.
მეგობრები ჰყვებიან, რომ თბილისში, მის პატარა ნაქირავებ ბინაში 5 კატა ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად კარს მიმდგარმა ქუჩის კატამ ოთხი კნუტი გააჩინა.
შანეი ზრუნავდა მათი ვაქცინაციისთვის და ყველა საჭირო პროცედურისთვის. მიკედლებული დედა კატისთვის მას „თათები“ დაურქმევია.