Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განაგებენ პრორუსები ქართულენოვან „ტელეგრამს“


მოძრაობა "ალტ-ინფოს" ლიდერ ზურაბ მახარაძის არხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქართულენოვან ტელეგრამზე
მოძრაობა "ალტ-ინფოს" ლიდერ ზურაბ მახარაძის არხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქართულენოვან ტელეგრამზე

მესიჯების აპლიკაცია და სოციალური ქსელი „ტელეგრამი“ დღეს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ძირითად პლატფორმად ითვლება. გამონაკლისი არც საქართველოა - პლატფორმაზე პრორუსი პოლიტიკოსები და აქტივისტები ჭარბობენ.

„ტელეგრამი“ რამდენიმე კვირაა, რაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა - მას შემდეგ, რაც საფრანგეთში დააკავეს მისი ექსცენტრული დამფუძნებელი, პაველ დუროვი.

აპლიკაცია, რომელსაც ჯამში 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, განსაკუთრებით გავლენიანია რუსულენოვან სივრცეში, თუმცა ირკვევა, რომ ინფორმაციის მისაღებად „ტელეგრამის“ მოხმარება გაზრდილია საქართველოშიც. „ტელეგრამზე“ ქართველი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის პიკი 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრას ემთხვევა.

მაშინ მოვლენების ელვისებურ განვითარებას ყველაზე ადვილად „ტელეგრამარხებმა“ აუღეს ალღო - მათ გამომწერებს სიახლეები შეტყობინებების სახით მისდიოდათ და ასე ადევნებდნენ თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

Google Trends-ის მონაცემებით, რომელიც ამა თუ იმ ფრაზის გუგლში მოძებნის სიხშირეს ადგენს, ირკვევა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვირაში საქართველოში „ტელეგრამის“ მიმართ ინტერესი ერთბაშად გასამმაგდა, მომდევნო ორწელიწად-ნახევარში კი ტრენდი აღმავალი დარჩა. თუმცა, როგორც ჩანს, ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ საქართველოში რუსი ემიგრანტების ნაკადი გაიზარდა - „გუგლის“ მონაცემებით, „ტელეგრამის“ მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

ტელეგრამზე პრორუსული აქტორები ჭარბობენ

ფეისბუკისგან, ინსტაგრამისგან და უკვე ტიკტოკისგან განსხვავებით, „ტელეგრამზე“ პოპულარული ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას ვერ მოძებნით. თუმცა გამონაკლისებიცაა - ეს ონლაინსივრცე კარგად აითვისეს პრორუსულმა ჯგუფებმა. მათ შორის, პირველ რიგში, „ალტ-ინფოა“, რომლის ლიდერებსაც „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის“ გამო აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა.

ქართულენოვანი პოლიტიკური „კონტენტი“ ტელეგრამზე 2022 წლის თებერვლამდე კარგა ხნით ადრე, 2019-2020 წლებიდან გამოჩნდა, უთხრა რადიო თავისუფლებას „ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული კრიმინალისტური კვლევების ლაბორატორიის მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა.

ქართული პრორუსული ჯგუფების ტელეგრამზე „მიგრაცია“ ფეისბუკის მიერ მათი ანგარიშების გაუქმებას დაემთხვა. ეთო ბუზიაშვილის თქმით, მათი „კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევა“ ფეისბუკის პოლიტიკას არ შეესაბამებოდა და ასეთ ჯგუფებს მოუწიათ ნაკლებად მკაცრ პლატფორმაზე გადასვლა.

„ნულთან ახლოს არის ის ზომები, რასაც "ტელეგრამი" ატარებს ცუდი აქტორების მიმართ“, - ამბობს ეთო ბუზიაშვილი.

მართლაც, „ტელეგრამი“ ნებისმიერი სახის კონტენტის, ანუ შინაარსის მასალის მიმართ რბილი მიდგომითაა ცნობილი. სწორედ ამიტომაა, რომ ეს პლატფორმა დეზინფორმაციისა და პორნოგრაფიის გავრცელებისთვის, ისევე, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ნოყიერი ნიადაგია და ეს გახდა დუროვის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძველიც.

დღევანდელი მონაცემებით, ეს პრორუსული ჯგუფები დომინირებენ ქართულ „ტელეგრამზე“. მათ ყველაზე პოპულარულ არხებს 10 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს - ეს ტელეგრამარხებია:

  • მსოფლიო პოლიტიკა (12 946 გამოწერი)
  • ალტ-ინფო (11 168 გამომწერი)
  • Alt-Info News (10 830 გამომწერი)

თავისი პირადი არხები აქვთ „ალტ-ინფოს“ ცალკეულ ლიდერებსაც - ზურა მახარაძეს, ბექა ვარდოსანიძესა და შოთა მარტინენკოს. მახარაძეს და ვარდოსანიძეს ოთხი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავთ, მარტინენკოს კი - ორი ათასზე მეტი. ზურაბ მახარაძე ერთ-ერთია, ვინც აშშ-ის უახლესი სანქციების სიაში მოხვდა.

ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“, ისევე როგორც სხვა ჯგუფების ტელეგრამარხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ისე, რომ ისინი კოორდინირებულად ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას.

"ალტ-ინფოს" ლიდერები "ტელეგრამზე" კოორდინირებულად ავრცელებენ მსგავს გზავნილებს
"ალტ-ინფოს" ლიდერები "ტელეგრამზე" კოორდინირებულად ავრცელებენ მსგავს გზავნილებს

მაგალითად, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ტელეგრამარხები 2022 წლიდან მოყოლებული აწარმოებენ „ანტიმაიდნის“ კოორდინირებულ კამპანიას. მათი გავრცელებული შეთქმულების თეორიის მიხედვით, საქართველოში პროდასავლური გადატრიალება იგეგმება, რაც ამ კამპანიამ უნდა აღკვეთოს.

დემოკრატიის კრინიმინალისტური ცენტრის კვლევის თანახმად, „ალტ-ინფოს“ მიერ „ანტიმაიდნის“ კამპანია განსაკუთრებით აქტიურდება, როცა საქართველოში პროდასავლური გამოსვლებია - პირველად ასე იყო 2022 წლის ივნისის ბოლოს, როცა საქართველომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე უარი მიიღო, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა; იგივე მოხდა 2023 წლის მარტში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირველად წარმოადგინა „აგენტების კანონი“ (კვლევა ჩატარებულია იქამდე, სანამ კანონი განახლებული რედაქციით იქნებოდა მიღებული).

„საქართველოში "ტელეგრამი" არ არის ათვისებული კარგად და ამიტომ არის, რომ რიცხობრივად პრორუსული აქტორები ჭარბობენ“, - ამბობს ეთო ბუზიაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

„ოქტომბრის რევოლუცია“

მკვლევრები იმაზეც საუბრობენ, რომ პრორუსული ჯგუფების მიერ ქართულენოვან „ტელეგრამზე“ დომინაცია პირდაპირ მოსკოვს უკავშირდება.

ეთო ბუზიაშვილს მაგალითად მოჰყავს ოკუპირებულ ყირიმში დაფუძნებული ტელეგრამარხი „ნიუს-ფრონტი“, რომელიც რამდენიმე ენაზე პოსტავს, მათ შორის იყო ქართულადაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „ნიუს-ფრონტის“ მიღმა რუსული სადაზვერვო უწყება, ეფ-ეს-ბე დგას.

ტელეგრამარხი "იქნება თუ არა მაიდანი" არ მალავდა, რომ კრემლთან დაკავშირებულ "ნიუს-ფრონტს" ეკუთვნოდა
ტელეგრამარხი "იქნება თუ არა მაიდანი" არ მალავდა, რომ კრემლთან დაკავშირებულ "ნიუს-ფრონტს" ეკუთვნოდა

ქართულენოვან ტელეგრამარხს, „იქნება თუ არა ევრომაიდანი“, რომელიც ახლა აღარ იძებნება, აღწერაშივე ეწერა, რომ ის „ნიუს-ფრონტს“ ეკუთვნოდა. სახელიდანვე გამომდინარეობს, რომ არხი გამომწერებს იმისი მსგავსი გზავნილებით კვებავდა, რასაც „ალტ-ინფო“ ავრცელებს - თითქოს, საქართველოში პროდასავლური პროტესტის ამოცანა „მაიდნის მოწყობა“ და ქვეყნის დესტაბილიზაციაა.

ეთო ბუზიაშვილი - ციფრული კრიმინალისტური კვლევების ლაბორატორია
please wait

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

უახლესი გზავნილი კი ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ეხება - არხი გამომწერებს წინასწარ აფრთხილებს შესაძლო „გადატრიალების მცდელობის“ შესახებ.

„დიდი ხანია ბაზა მზადდება, რომ [პროტესტი] თუ მოხდება, ეს იქნება არა ქართველი ხალხის, არამედ ამერიკელების მართული მცირე ჯგუფის გამოსვლა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ბუზიაშვილი.

თავის მხრივ, ეს გზავნილი კრემლის ოფიციალურ ხაზსაც ემთხვევა - სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გეგმავს ოქტომბერში აშშ სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ აშშ-ს იმავეში სდებს ბრალს საქართველოს ხელისუფლებაც. ამერიკელები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და უარყოფენ მსგავსი გეგმის არსებობას.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა

აგვისტოს ბოლოს, საფრანგეთში პაველ დუროვის დაკავებამ ხელახლა ამოატივტივა ის შეკითხვები, რაც „ტელეგრამს“ უკავშირდება. თანაც, იმ მასალის სიმძიმესთან, რისი გავრცელებაც „ტელეგრამზე“ ფაქტობრივად უპრობლემოდ შეიძლება, რუსული დეზინფორმაცია ხშირად ახლოსაც ვერ მივა. საუბარია, მაგალითად, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე.

დუროვის დაკავება კი ზოგიერთმა გავლენიანმა ადამიანმა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასა - მათ შორის იყვნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც.

იევჰენ პოპოვი - ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:57 0:00

დეზინფორმაციის მკვლევრები საქართველოში ამ შეხედულებას არ იზიარებენ. უკვე დიდი ხანია, რაც „ტელეგრამი“ ირწმუნება, რომ მავნე მასალას სათანადოდ უმკლავდებიან. ამის საპირისპიროდ, წლიდან წლამდე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ პორნოგრაფიის, ნარკოტიკებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის „ტელეგრამი“ კვლავ ნაყოფიერი პლატფორმაა.

„ტელეგრამის შემთხვევაში საქმე უპასუხისმგებლობასთან გვაქვს. როცა ანონიმურ გვერდს ქმნი და იმას ავრცელებ, რაც მოგესურვება, ამას სიტყვის თავისუფლება არ ჰქვია. ამას ჰქვია მცდარი ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იევჰენ პოპოვი, ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტი უკრაინიდან.

აიღებს „ტელეგრამი“ პასუხისმგებლობას? ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული გამოძიებაზე, რომელიც ახლა საფრანგეთში მიმდინარეობს პაველ დუროვის, პლატფორმის დამაარსებლის წინააღმდეგ. პაველ დუროვს ჯამში 12 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის - ბავშვთა პორნოგრაფიის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG