Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი აამოქმედა შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან


საილუსტრაციო ფოტო. გერმანელი პოლიციელი ავსტრიასთან საზღვარზე, სადაც სპეციალური კონტროლი 2023 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს.
საილუსტრაციო ფოტო. გერმანელი პოლიციელი ავსტრიასთან საზღვარზე, სადაც სპეციალური კონტროლი 2023 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს.

დღეიდან, 16 სექტემბრიდან, გერმანიამ კონტროლი დააწესა სახმელეთო საზღვრებზე შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან. ექვსი თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციის სპეციალურ კონტროლქვეშ იქნება საზღვრები დანიასთან, ნიდერლანდთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და საფრანგეთთან.

გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად მიიღო და სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიას ოფიციალურად აცნობა.

გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი ერთი წლის წინ აამოქმედა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან სახმელეთო საზღვრებზეც.

იმის გამო, რომ გერმანია შენგენის ზონის ცენტრში მდებარეობს, დამატებითმა კონტროლმა შესაძლოა, შეაფერხოს ხალხის და ტვირთების გადაადგილება, რაც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეფასებით, გერმანიის მიერ მიღებული ზომები არღვევს შენგენის პრინციპს, რომელიც შიდა საზღვრებზე პერსონალური კონტროლის და რიგების გარეშე მიმოსვლას ითვალისწინებს.

ევროკომისია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ემხრობა წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის შიდა საზღვრების დროებით კონტროლს.

თავის მხრივ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ სასაზღვრო კონტროლი აუცილებელია, რათა გერმანიამ შეზღუდოს არალეგალური მიგრანტების რიცხვი და შეამციროს ზეწოლა თავშესაფრის მიღების გადატვირთულ სისტემაზე.

სასაზღვრო კონტროლის ამოქმედების შემდეგ გერმანიის პოლიციას უფლება აქვს, პირი ქვეყანაში არ შეუშვას. თუ ის თავშესაფარს ითხოვს, შესაბამისი შემოწმების პროცედურა იწყება.

2023 წლის ოქტომბრიდან, როცა გერმანიამ კონტროლი დააწესა სახმელეთო საზღვრებზე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან, გერმანიაში არ შეუშვეს 30 ათასზე მეტი უცხოელი. ეს რეჟიმი ავსტრიასთან 11 ნოემბრამდე მოქმედებს, ხოლო შვეიცარიასთან, ჩეხეთსა და პოლონეთთან - 15 დეკემბრამდე. გერმანიის მთავრობა ვადის გაგრძელებას აპირებს.

გერმანული მაუწყებელი DW პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა სურდა 34 ათას მიგრანტს. ნახევარი საზღვარზევე გააჩერეს, დანარჩენების მიმართ კი თავშესაფრის მისაღებად დადგენილი პროცედურები მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG