უკანონო მოსმენები და თვალთვალი ისევ განხილვის თემაა - ამზადებს თუ არა სუს-ი ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილისთვის?
1 აგვისტოს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუს-ის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.
ჩანაწერების უმეტესობა სავარაუდოდ 2020 წელსაა გაკეთებული და თუკი ისინი ავთენტურია, გამოდის, რომ სუს-ი უთვალთვალებს ყველას: პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, სასულიერო პირებს, დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მსახიობებს.
გუშინ რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში წაკითხულ ჩანაწერებში საკუთარი სატელეფონო საუბრები ამოიცნო. ესენი არიან:
- რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე. მას 1 წლის წინ, წყარო დაუცველი სატელეფონო ხაზით დაუკავშირდა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების ნეპოტიზმის შესახებ მოუყვა.
- „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო გელაშვილი. მანაც დაადასტურა, რომ ნამდვილად შედგა მასსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნათია პავლიაშვილს შორის რუტინული სატელეფონო საუბარი. ჟურნალისტს აინტერესებდა, მიმართა თუ არა პარლამენტმა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით.
- ანგარიშში მოხვედრილი სატელეფონო საუბრის რეალურობა დაადასტურეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემაც. გასაჯაროებული მასალების მიხედვით, ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ და ერთობლივი მიმართვის გავრცელებაზე თანხმდებიან.
გუშინ სუს-ში ჯერ თქვეს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ და კითხვებს არ უპასუხეს, შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას მიერ წაკითხული ანგარიშები დეზინფორმაციაა და ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და აღვივებს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
რა გავიგეთ გამოქვეყნებული ტექსტებიდან? წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.
ბრძოლა „ანულირებული“ შეთანხმებისთვის
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელიც „ანულირებულად“ 28 ივლისს გამოაცხადა.
შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აირიდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. „ოცნება“ აცხადებს, რომ აღარ არსებობს წინასწარი გარანტიები 2%-იანი ბარიერისა თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მიზანი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები 2 აგვისტოს თავის სასახლეში დაიბარა.
ზურაბიშვილი სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სასახლეში ცალ-ცალკე მასპინძლობდა. პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა შეხვედრა დატოვა მკაფიო შთაბეჭდილებით, რომ პრეზიდენტი მათთან საუბრით „საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას“ ცდილობდა.
თუმცა დღის ბოლოს, პრეზიდენტმა საზოგადოებას არა აზრი და პოზიცია, არამედ, ჯერჯერობით, მხოლოდ შეხვედრების ამსახველი ფოტოები შესთავაზა.
შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, როგორც პრეზიდენტისგან შეიტყო, „ოცნების“ გადაწყვეტილებამ შარლ მიშელი „გაოგნებული“ დატოვა.
რას პასუხობს „ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს? რით შეიძლება დასრულდეს პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე ახლებური ძალით იჩინა თავი? ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
IRI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; გახარიას პარტია - 9%
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პარტიას: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და "საქართველოსთვის" ეყოლებოდათ. კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, პარტიების პირველი ხუთეული ასეთია (პირველი არჩევანი):
- ქართული ოცნება - 26%;
- ნაციონალური მოძრაობა - 14%;
- საქართველოსთვის (გიორგი გახარიას პარტია) - 9%;
- ლეიბორისტული პარტია - 3%;
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.
გაეცანი სხვა მონაცემებსაც:
- მოსახლეობა ყველაზე საფრთხის შემცველად რუსეთს, კარგ პარტნიორად კი აშშ-ს ასახელებს - IRI-ის კვლევა
- ჯამურად მოქალაქეების 60% კმაყოფილია COVID–19-ის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირებით - IRI-ის გამოკვლევა
- IRI-ის გამოკვლევით, ყველაზე არასასურველ პარტიებს შორის ენმ ლიდერობს
- IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი მოსწონს
- IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 75% პროცენტი დიდი ალბათობით მივა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
- IRI-ის კვლევა: მერების მუშაობით სრულად კმაყოფილია მოსახლეობის 10 პროცენტი
დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 2 ოქტომბერი. 3 აგვისტოდან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
დღეიდან ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
ყველა პარტიას თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ენიჭება.
საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ დაამზადონ სხვადასხვა ბეჭდური მასალა აგიტაციისთვის. დაუშვებელია ამ მასალების გავრცელების დროს მათთვის ხელის შეშლა.
მუნიციპალური ორგანოები ვალდებულები არიან, წინასაარჩევნოდ ხელი შეუწყონ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ შეკრებების ორგანიზებას. მათ ევალებათ უზრუნველყონ ასეთი ღონისძიებების უსაფრთხოება.
იკრძალება საარჩევნო აგიტაციები ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ იქნება ორგანიზებული და დაფინანსებული.
აკრძალულია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ ციმანოუსკაიას
პოლონეთი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ სპრინტერს, კრისტინა ციმანოუსკაიას და "ყველა შესაძლო დახმარებას" გაუწევს 24 წლის სპორტსმენს, რომელიც ცდილობს თავიდან აირიდოს ტოკიოდან მინსკში იძულებითი დაბრუნება, მას შემდეგ, რაც სავარაუდო კონფლიქტი შეექმნა ბელარუსის ხელისუფლებასთან.
თვითმხილველებმა ნახეს, რომ ციმანოუსკაია 2 აგვისტოს პოლონეთის საელჩოში შევიდა, მას შემდეგ, რაც მან იაპონიის და საერთაშორისო ძალებს დახმარებისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ არ დაეშვათ მისი იძულებითი გამგზავრება თვითმფრინავით და ღამის ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში გატარება. ციმანოუსკაიამ შეშფოთება გამოთქვა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას შესაძლოა დააპატიმრონ, რადგან სოციალური მედიით გააკრიტიკა თავისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელები.
თურქეთში იზრდება ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
თურქეთში 8-მდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.
თურქეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა გასული ოთხშაბათიდან მოიცვა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი.
სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით დღეს დილით წერს, რომ 32 ქალაქში ხანძრის 126 კერიდან 119 ლოკალიზებულია.
„მითხრეს, რომ კოტიკოს საფლავი ამოიცნეს“- როგორ იპოვეს ბოლოს აფხაზეთში 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა გრძელდება. რადიო თავისუფლება ბოლოს ნაპოვნი ადამიანების ახლობლებს ესაუბრა.
„მხოლოდ ბოლო სამი წელი აღარ ვფიქრობდი, რომ ცოცხალია“, - ჰყვება ნინელი ანდრიაძე. მისი 29 წლის წინ დაკარგული შვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის ნეშტი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოასვენეს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულებს აფხაზეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” ეძებს. წინა კვირას გადმოსვენებული ხუთი ადამიანიდან ორი სამხედრო იყო, ხოლო სამი - მშვიდობიანი მოქალაქე.
„გული რომ მეტყოდა მკვდარიაო, ტვინით მაშინვე ვეწინააღმდეგებოდი“, - ჰყვება ნინელი ანდრიაძე. 24 წლის კოტე ანდრიაძე გაგრაში აფხაზეთის ომის დროს,1992 წელს, დაიღუპა. წითელი ჯვრის კომიტეტმა მისი საფლავი მხოლოდ ახლა, თითქმის 30 წლის შემდეგ, იპოვა.
საქართველოში მომუშავე სოფლის ექიმებს, ხშირად საკუთარი სახსრებით უწევთ ტრანსპორტირების და სოფლის საექიმო ამბულატორიებში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვა. ამბულატორიებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სპეციალურად გამოყოფილი სივრცე იმუნიზაციისთვის. ინტერნეტთან წვდომა, უმეტეს შემთხვევებში, შეზღუდულია და სოფლის ექიმები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროშიც არ არიან გადამზადებულნი.