Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დგას თუ არა „ოცნების“ გადაწყვეტილების მიღმა პარტიის რეიტინგი - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ივლისს


რეიტინგის პროცენტები და "ოცნების" ნულოვანი სვლა

„შარლ მიშელის შეთანხმება“ ანულირებულია. ხელისუფლების ოპონენტებში დომინირებს აზრი, რომ 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას („სამომავლო გზა საქართველოსთვის“) „ქართული ოცნება“ იმ შიშის გამო გამოეთიშა, რომ 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყოლოდა. ასეთი ვარაუდის საფუძველს მართლაც ხედავენ სოციოლოგები ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შემაშფოთებელია არა მიზანი, არამედ შედეგი - რომ „ოცნებამ“ პრაქტიკულად, შესაძლოა, ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაშორებას.

სოციოლოგი იაკო კაჭკაჭიშვილი გვიმხელს მისი ორგანიზაციის, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დაკვეთით ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი (შეკითხვების ვარიაციების მიხედვით) თბილისის მასშტაბით 26-30%-ს შეადგენს.

„არ არის ეს მაღალი შედეგი, რასაკვირველია. არ ვიცი, რეგიონებში როგორია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მაგრამ საშუალოდ, ალბათ, სადღაც იგივე მაჩვენებელი იქნება... არჩევნებამდე ეს შედეგი, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდებოდა გაუარესებული ეპიდვითარების გამო - შემთხვევათა რიცხვი სახიფათოდ იზრდება, ვაქცინაციის პროცესი ნელია და, ამასთან, არც ქვეყნის ჩაკეტვა იგეგმება... ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაუქმებით 43%-ის ვალდებულება მოიხსნეს და თავი დაიზღვიეს“, - გვეუბნება კაჭკაჭიშვილი.

რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შეუთანხმებლად გადაესვა ხაზი „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“? წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ათზე მეტი მწერალი ბოიკოტს უცხადებს "ლიტერას" - მიზეზი ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენლის ჩასმაა

ეკა ქევანიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, რატი მუჯირი, ჯაბა ზარქუა, ტორესა მოსი, ელენე კვირველია, გიორგი შონია, ნათია გიორგაძე, მათე სარალიშვილი, დავით ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ზვიად კვარაცხელია, ანდრო დადიანი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი კონკურს "ლიტერას" ეთიშებიან.

ყოველწლიურ კონკურსს, რომელიც "მწერალთა სახლის" ორგანიზებით ტარდება, თავდაპირველად ტორესა მოსმა და მათე სარალიშვილმა გამოუცხადეს ბოიკოტი მინისტრ წულუკიანის ხისტი პოლიტიკის გამო, სხვა ავტორებმა კი კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კონკურსის 5-კაციან ჟიურიში ერთი წევრი მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტრომ ჩასვა. იმ მწერლების სია, რომლებიც "ლიტერას" ეთიშებიან, ყოველ საათში იზრდება. მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ასეთი შემთხვევა არასოდეს ყოფილა პრემიის არსებობის განმავლობაში და ძალიან რთული შესაფასებელია შექმნილი ვითარება.

მწერალთა უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ სამინისტროდან კანდიდატის შეთავაზება ჟიურის წევრად, არამედ ამ კონკრეტული კანდიდატის ვინაობაც - პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე საზოგადოებისთვის ცნობილია ანტიდასავლური განწყობებით და ლოიალური დამოკიდებულებით მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

რას ამბობენ მწერლები და რას პასუხობს სამინისტრო მათ პროტესტს? წაიკითხე მეტი აქ.

„არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ - რისთვის იბრძვის „ალტ-ინფო“

5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი, ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ ღიად იწყებს მტკიცებას, რომ საქართველოს, რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების გარდა, სხვა არჩევანი აღარ რჩება.

თუკი აქამდე "ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს" (როგორც ისინი უწოდებენ საკუთარ თავს) ძირითადი სამიზნე ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის გამო საქართველოს "წაბილწვაში" დადანაშაულებული ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები იყვნენ, ბოლო დღეებში "ალტ-ინფოს" ჯგუფი ღიად საუბრობს კრემლის პოზიციების გაზიარების საჭიროებაზე.

მათი ეთერიდან ხშირია ასეთი მესიჯები:

  • საქართველოს არა აქვს არანაირი ევროპული მომავალი და ის ვერც ნატოში გაწევრიანდება; განსაკუთრებით ყარაბაღის ომის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე: ან ირჩევს თურქეთს და ისლამს, ანდა ირჩევს ერთმორწმუნე რუსეთს და იწყებს დიალოგს მისი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.
  • საქართველო არ უნდა დარჩეს დასავლეთის ფუჭ იმედად, უნდა იჩქაროს, რომ „რუსეთის გავლენის ზონაში“ მოხვდეს მისთვის მოგებიანი სტატუსით.
  • თუკი საქართველო სასწრაფოდ არ დაიწყებს კრემლთან ლაპარაკს, საბოლოოდ რუსეთისა და თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დანაწევრება მოხდება და ამავე სცენარით - ტერიტორიებს მოითხოვენ აფხაზები, ოსები და სომხები.

რა გავლენა აქვს "ალტ-ინფოს" თავის მხარდამჭერებზე, ხელისუფლებაზე და თავად ვისი გავლენის ქვეშ არიან? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა მხარეს, "იმუშაონ ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასანგრევად"

კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარეები არიან, ქვეყანაში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ 29 ივლისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან მმართველი „ქართული ოცნების“ გასვლას საქართველოს დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევა უწოდეს.

„იმედგაცრუებულნი ვართ ამ ამბით; იმითაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ შეთანხმებას; აგრეთვე, ზოგადად, თბილისში პოლიტიკის პოლარიზაციით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასანგრევად“, - ნათქვამია კინზინგერისა და კონოლის განცხადებაში.

გუშინ განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოშიც. „ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით. გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მას მერე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება, ამ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. იგი ყველა მხარეს მოუწოდებს, პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები.

თვალი ადევნე გამოხმაურებებსა და სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

აშშ-ის საგანგებო სამეთვალყურეო სამსახური აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობის არსებობას თალიბანის წინსვლით საფრთხე ექმნება

ავღანეთის მასშტაბით თალიბანის იერიში სულ უფრო უქმნის „საარსებო კრიზისს“ ავღანეთის მთავრობას ქაბულში აშშ-ის ჯარის ქვეყნიდან გასვლის ფონზე, რაც უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლოს, წერია აშშ-ის კონგრესისთვის ანგარიშში, რომელიც მოამზადა ავღანეთის აღდგენის საკითხებში საგანგებო გენერალურმა ინსპექციამ (SIGAR). ყოველკვარტალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაშინგტონსა და თალიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც დაიდო 2020 წლის თებერვალში, უნდა მოჰყოლოდა ქაბულის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკება, მაგრამ მას შემდეგ, ამის ნაცვლად, გაძლიერდა საომარი მოქმედება, რომელსაც მოუმზადებელი შეხვდა ავღანეთის არმია და გაიზარდა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. დოკუმენტის თანახმად, თალიბების თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ სამ თვეში, 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, ორჯერ გაიზარდა.

წაიკითხე მეტი.

რატომ არ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაციის შემდეგ ტესტი ანტისხეულებზე?

ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA), ისევე, როგორც ჯანდაცვის საკითხებში სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, გაუმართლებლად მიიჩნევენ ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულებზე ტესტის ჩატარებას. FDA აცხადებს, რომ ანტისხეულების გამოსავლენად ჩატარებული ტესტების პასუხები ვერ განსაზღვრავს ადამიანის ზუსტ იმუნურ პასუხს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლაპარაკია ვაქცინაციის შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებზე. ორგანიზაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ტესტის პასუხები არასწორად იქნება ინტერპრეტირებული, ამან შეიძლება შექმნას ვირუსის აფეთქების რისკი. მაგალითად, ტესტებით მიღებული პასუხების შედეგად, ადამიანების ნაწილმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მათ დიდი რაოდენობით ანტისხეული აქვთ და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარი თქვან, თუმცა, ამასთანავე, დიდი რაოდენობით ანტისხეული, შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს ვირუსისგან მყარ დაცვას.

სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მატულობს მომხმარებელთა პოსტები და ვაქცინაციის შემდეგ, ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხების ფოტოები, რომელთა ნაწილი წერს, რომ ტესტის შედეგად, მათ სხეულში დიდი რაოდენობით ანტისხეული აღმოჩნდა, ან პირიქით, არ აღმოჩნდა ანტისხეულები.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნინო თარხნიშვილმა ამ კითხვებით მიმართა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, უნდა ჩავიტაროთ თუ არა ტესტი ანტისხეულებზე, როდის უნდა ჩავიტაროთ, როგორ წავიკითხოთ ტესტის პასუხები და ა.შ. წაიკითხე მეტი აქ.

რა ხდებოდა 5 ივლისამდე? როგორ მიატოვა ხელისუფლებამ ლგბტქ აქტივისტები და ჟურნალისტები მოძალადე ჯგუფების პირისპირ? რა ამოძრავებთ ადამიანებს „თბილისი პრაიდის” უკან? რადიო თავისუფლების დოკუმენტურ ფილმი „ცრურწმენა და სიამაყე“.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG