Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი საქართველოშია - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ივლისს


„მედია თავდასხმის ქვეშაა“ - ჟურნალისტები ამ წარწერით შარლ მიშელს დახვდნენ

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი ბათუმში გუშინ დაეშვა, სადაც ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„მედია თავდასხმის ქვეშაა“ - ამ წარწერებითა და ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ მას ჟურნალისტები იმ ადგილას, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ესკორტს უნდა ჩაევლო.

შარლ მიშელი აპირებს, რომ შეხვდეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს. ხვალ არის დაგეგმილი მისი შეხვედრა ოპოზიციასთანაც.

მიშელის ვიზიტს წინ უძღოდა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მკაცრი შეფასებები „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევის გამო, რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი.

ამბიციური სასამართლო რეფორმა- შეთანხმებაში გაწერილი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა. სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნის პროცესი და დოკუმენტში ეს პირდაპირ, მკაფიოდ წერია. „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი მაინც გააგრძელა და 12 ივლისს, პარლამენტში 6 ახალი მოსამართლეც დაამტკიცა.

რა განცხადებებს გააკეთებს საქართველოში ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიის პროტესტისა და შეუსრულებელი ვალდებულების ფონზე? თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

შსს აცხადებს, რომ ლექსო ლაშაქარავამ ნარკოტიკი 10 ივლისს იყიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მოქალაქეებისთვის TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, საკუთარი ვერსიის შეთავაზებას. ბოლო განცხადებაში, რომელიც უწყებამ 18 ივლისს გამოაქვეყნა, წერია, რომ ლექსო ლაშაქარავამ ნარკოტიკული საშუალება გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, 10 ივლისს ფონიჭალაში იყიდა.

შსს-ს ამავე განცხადების მიხედვით, დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

ვახტანგ გომელაურმა 18 ივლისს არც ჟურნალისტებისა და არც დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა. ის 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშით მივიდა საკანონმდებლო ორგანოში.

გამოსვლის გადადების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. სხდომის გადადების მიზეზად ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი დასახელდა.

მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პლენარული სხდომების დარბაზში გომელაურს ბანერებით დახვდნენ ჟურნალისტები, სადაც ორი მოთხოვნა იყო - „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ და „დასაჯეთ დამნაშავეები“. გომელაურს პროტესტით შეაწყვეტინეს სიტყვით გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. საბოლოოდ კი სხდომა დაიხურა.

როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ჩამოდიან

ბათუმში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს ელოდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ვოლიდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. ღონისძიების თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ასოცირებული ტრიო".

ხვალ იგეგმება სტუმარი პრეზიდენტების შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. დასახელებული ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა - 100 ხმა.

კენჭისყრის შედეგები:

  • გიორგი კალანდარიშვილი - 82 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი;
  • გიორგი სანტურიანი - 2 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატებიდან, თუ 2 მცდელობის შემდეგ ვერ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება, თუ ამაზეც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს 76 ხმით.

წაიკითხე მეტი.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, და ფსკერზე აღმოვჩნდებით. სად ვხედავ გამოსავალს - მიმართვა თანამოქალაქეებს

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

ჩემი - საქართველოს ერთი მოქალაქის - მიმართვა

თანამოქალაქეებისადმი მგონია, რომ ამის უფლებას უზომოდ ბევრი განვლილი წელი და მრავალმხრივი გამოცდილება მაძლევს. და ამ უფლებით შეიარაღებული მოგმართავთ ყველას, იმათაც, ვინც ხშირად ეთანხმება ჩემ შეფასებებს და იმათაც, ვინც პუტჩისტს მეძახის და ბიბლიის წაკითხვას მირჩევს; იმათაც, ვისთვისაც უძვირფასესია ადამიანთა თანასწორობის და ძმობის იდეები და იმათაც, ვინც ადამიანთა ერთ ჯგუფს ქვეყნის დამაქცევრად მიიჩნევს.

მინდა გავითვალისწინოთ, ყველამ ერთად, რომ ბოლო დღეებში ამ - ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულმა პოზიციებმა პირდაპირ უფსკრულთან მიგვიყვანა. ვფიქრობ, ყველას უნდა შეშინებოდა ამ უფსკრულში გადაჩეხვის. ჩვენ ხომ ყველანი ერთად ერთი პატარა, უნათესაო, ისტორიულად მარტოობისთვის განწირული ერის შვილები ვართ!

ნურავინ იფიქრებს, რომ ეს გადაჭარბებაა!

ჩვენს თვალწინ მოხდა თავისუფალ აზრზე ძალადობის ისეთი არნახული აქტები, როგორიც იყო ევროპის დროშის ორგზის ჩამოგლეჯა, ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმა და ბოლოს, მედიის სიმბოლოს - მოქმედი ოპერატორის სიკვდილი. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, და სადღაც ფსკერზე აღმოვჩნდებით. ისე გადაგვყლაპავს ჩვენი დიდი, “ერთმორწმუნე” მეზობელი, რომ აღარასდროს აჟღერდება ჩვენი მრავალხმიანი საგალობლები, აღარავის აუჩქარდება გული სვეტიცხოველის თუ ჯვრის მონასტრის დანახვაზე, არც ხორუმის რიტმი ააღელვებს ვინმეს!

წაიკითხე მეტი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG