Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 მაისს დედაენის ბაღში ლგბტ ინსტალაციის დაზიანებისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ


შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია არცერთი ის ადამიანი, ვინც 15 მაისს დედაენის ბაღში ლგბტ ინსტალაცია დააზიანა. ამ შემთხვევიდან უკვე ორი თვე გავიდა.

ამ ორ თვეში იმავე პირების (მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის) მიერ, ვინც რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, ჰომოფობიური მოტივით დაიგეგმა ლგბტ ჯგუფების "ღირსების მარშის" ჩაშლაც. მარში არ შედგა - ამ დღეს, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მინიმუმ 53 ჟურნალისტს.

15 მაისს სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა ლგბტ ინსტალაცია, აქტივისტების ნაწილს კი შეურაცხყოფას აყენებდა. იქვე იდგა პოლიცია, თუმცა ფალავანდიშვილის არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

"დააკავეთ ეს კაცი. არანაირი გაცლა, დააკავეთ, არანაირი გაცლა, ვითხოვ, რომ დააკავოთ! მე ვარ ამ ინსტალაციის ამწყობი და დააკავეთ", - მიმართავდა 15 მაისს ლგბტ აქტივისტი პოლიციელებს.

ფალავანდიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩასაშლელად სიძულვილის ჯგუფებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდა.

ძალადობის ფაქტი ასახულია რადიო თავისუფლების კადრებში, პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ჟურნალისტი, რომელიც ამ კადრებს იღებდა და დეტალურად აღწერდა იმ დღეს საკუთარი თვალით დანახულ ამბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო მოეძიებინა დედაენის ბაღში გადაღებული კამერის ჩანაწერებიც, სადაც სრულად იქნებოდა ასახული ძალადობის სცენა. უცნობია, ამოღებულია თუ არა ეს ვიდეომასალა, შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "გამოძიება მიმდინარეობს".

ეს ჩანაწერები რომ გამოძიებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია, 11 ივლისს დადასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდებისთვის "TV პირველის" ოპერატორის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში იქ გადაღებული კადრები გაავრცელა.

დედაენის ბაღში მომხდარი ძალადობის შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ადამიანის დევნა ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ანდა სამ წლამდე პატიმრობით. ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემთხვევაში პროკურატურას შეეძლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოეთხოვა. პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში პროკურორს შეეძლო სასამართლოსთვის დაესაბუთებინა, რომ არსებობდა ჰომოფობიური მოტივით დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც ფაქტობრივად 5 ივლისსაც და მანამდეც დადასტურდა. პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში კი, "ღირსების მარშის" დროს სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვერ შეძლებდა ადამიანების მობილიზებას.

რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობდა პროკურატურიდან გაერკვია, მისცეს თუ არა ვინმე პასუხისგებაში ან წაუყენეს თუ არა ბრალი ვინმეს, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "გამოძიება გრძელდება".

XS
SM
MD
LG