დე ფაქტო მთავრობაში შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კი დამატებითი შეზღუდვები დააწესა. დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, ვაქცინაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი კვლავ პრობლემად რჩება.
ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ-ვ“ აპრილის დასაწყისში მიიღო და ათასი დოზიდან მხოლოდ ნახევრის ათვისება მოახერხა.
25 ივნისს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ვაქცინის პირველი დოზით აიცრა და ამით საზოგადოებას თითქოს მაგალითი მისცა, თუმცა მოსახლეობა მის პირად მაგალითს დიდად არ იზიარებს. ცხინვალში უკვე ალაპარაკდნენ სავალდებული ვაქცინაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ რუსულ სამხედრო ბაზაზე საოკუპაციო ძალების პირად შემადგენლობას არ ეკითხებიან, ისე ცრიან.
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმი-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი სავალდებულო ვაქცინაციას ნაწილობრივ ეთანხმება. მისი თქმით, ერთი მხრივ, კანონი კრძალავს იძულებით ვაქცინაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაფერი იქით მიდის, რომ საზოგადოება დიდი რისკის ქვეშ დგება მასობრივი უარის გამო. პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ სასწორზე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს.
„მე არ ვარ მხოლოდ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომხრე. ასე შედეგი არ გვექნება. სადღაც უნდა არსებობდეს იძულების ელემენტები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები რისკის ქვეშ არიან ან თავიანთი საქმიანობის მიხედვით მუდმივ კონტაქტში არიან მოსახლეობასთან - იგივე კვების ობიექტების თანამშრომლები, მომსახურების სფეროს მუშაკები, მასწავლებლები, ექიმები. ამ კატეგორიის პირები, ვფიქრობ, უნდა აიცრან, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით-იძულებით”.
სამოქალაქო აქტივისტ თემურ ცხურბათის დაკვირვებით, ცნობილი პოლიტოლოგის, დინა ალბოროვასა და სახალხო არტისტ ანისიმ ძათიათის კოვიდით გარდაცვალების შემდეგ მოქალაქეები დაბნეული და შეშფოთებული არიან და, ამავე დროს, შეწუხებული იმით, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იძულებითი გახდეს.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია ადამიანების იძულება. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ჯიუტია და ის არ მიიღებს სავალდებულო ვაქცინაციას, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს ადმინისტრაციული მეთოდებით ზეწოლის შესაძლებლობები, მაგალითად, სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ან თავდაცვის სამინისტროში, გაქვთ კარგი ხელფასი ... შემდეგ კი თქვენი უფროსები გთავაზობენ არჩევანს: ვაქცინაცია გაიკეთოთ ან სამსახურიდან წახვიდეთ. თქვენ იტყვით, რომ ეს უკანონოა. მე კი ვუპასუხებ, რამ აქ ასე ხდება. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ადმინისტრაციაზე, რადგან შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან. თუ ეს უმრავლესობა ვაქცინაციას დაიწყებს, მაშინ უმცირესობასაც საბოლოოდ ჰკითხავენ: "თქვენ ვიღას ელით?"“
ექიმი ალექსანდრ პლიევი იმასაც ამბობს, რომ რეგიონის მოსახლეობის 80 პროცენტი უკვე იყო ინფიცირებული და თითქოს ანტისხეულები მათ უნდა იცავდეთ, თუმცა მაინც დიდი რაოდენობით ადამიანი ავადდება, ამიტომ ექიმი ურჩევს, რომ ინფიცირებიდან 6 თვეს ნუ დაელოდებიან და უფრო ადრე აიცრან.
„დრო გავიდა, ადამიანებმა იმუნიტეტი ამოწურეს და მათ კვლავ დაიწყეს ავადმყოფობა. მე იმის მომხრე ვარ, რომ მინიმუმ უბნის თერაპევტი უნდა იძლეოდეს ვაქცინაციის ნებართვას. პირველი ტალღის დასაწყისში, პირველი თვის განმავლობაში, დღეში ათი ადამიანის გამოვლენა ხდებოდა, ან კიდევ უფრო ნაკლების. ახლა კი, ივლისის ბოლო ხუთ დღეში, უკვე სამოცდაათი გამოვლინდა“.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ, დღეს ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს საწოლფონდი მთლიანად დაკავებულია, სადაც ამჟამად 90 პაციენტი მკურნალობს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ გართულებული ეპიდვითარების გამო შემზღუდავი ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. კოჩიევამ განმარტა, რომ ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და მხოლოდ 656 ადამიანია აცრილი, აქედან ორივე დოზა 240 პირს აქვს მიღებული.