Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეული და დაწუნებული კანდიდატები


საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - ცესკოს მოქმედი თანამშრომლები. მათ მხარს არ უჭერს არასამთავრობო სექტორი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური პოსტისთვის საკონკურსო განაცხადი თერთმეტ ადამიანს ჰქონდა შეტანილი . აქედან სამი - გასაუბრების ეტაპამდე ვერ მივიდა; ხოლო ერთი - უშუალოდ გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

შედეგად, პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველ შვიდ კანდიდატს მოუსმინა. შვიდიდან ორი კონკურსანტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თანამშრომელი იყო.

რადიო თავისუფლება მოკლედ გაგაცნობთ ვის სურს (და სურდა) ცესკოს თავმჯდომარეობა, რა თქვეს მათ გასაუბრებისას და როგორ უპასუხეს კომისიის კითხვებს.

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა გიორგი სანტურიანისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები.

გიორგი სანტურიანი - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

კანდიდატი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცესკოს მისამართით მრავალი დაუმსახურებელი ბრალდება ისმოდა და მისი ორგანიზაცია ორგანიზებული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა.

გასაუბრებაზე გიორგი სანტურიანმა მადლობა გადაუხადა ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას:

„ქალბატონ თამარს (ჟვანიას) მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან იმ რთულ პერიოდში მან აჩვენა სიმტკიცის მაგალითი და ის იყო მაგალითი ნამდვილად საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა მოხელისთვის. რთულ პერიოდში მან ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ძალიან მტკიცედ გაუძლო“.

გასაუბრებისას მკაფიოდ გამოჩნდა, რომ კანდიდატი ვერ ხედავს 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მრავალთვიანი ვნებათაღელვის რეალურ საფუძვლებს. მან დაადასტურა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში და ამავე ოქმებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზებიც, მაგრამ, მისი აზრით, საზოგადოებაში არსებული „ზოგადი ეჭვი ვერ გახდებოდა (ბიულეტენების) გადათვლის საფუძველი“.

რამ გამოიწვია დისბალანსი? გიორგი სანტურიანი ამას ვერ ხსნის და თვლის, რომ რეალური მიზეზი ვერც ვერავინ გაიგო. თუმცა, ვარაუდობს, რომ ბიულეტენების ნაკლებობა შესაძლოა უბნის გარეთ მათ გატანას გამოეწვია; ხოლო ბიულეტენების მეტობასთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო ურნებში ბიულეტენების უკანონო „ჩაყრას“.

როგორ უნდა დადგინდეს სიმართლე? სანტურიანს პარლამენტში მოქმედი იმ საგამოძიებო კომისიის იმედი აქვს, რომელსაც უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი.

თუკი ის ცესკოს თავმჯდომარე გახდება, აპირებს, რომ ხელი შეუწყოს ტრენინგების გაგრძელებას, კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ასევე, შესაძლებელია პროცესში მეტი სიცხადე შეიტანოს - „თუკი არსებობს რაიმე სფერო, რომელიც საჭიროებს მეტ სიცხადეს“.

ბიოგრაფიიდან:

  • 2020 წლიდან - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
  • 2018 წლიდან - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე;
  • 2012-2018 წლებში - ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • 2011-2018 წლებში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი

კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობს და თუკი ცესკოს თავმჯდომარე გახდება, აპირებს სისტემის „კომპლექსურ ტრანსფორმაციას“. მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელი იქნება „შარლ მიშელის შეთანხმებით“ პროცესში ჩართული ყველა მხარე.

„ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც გამორიცხავს გაყალბების ყოველგვარ ეჭვს და ამ საკითხით მანიპულაციას... მეორე საკითხი შეეხება თანამშრომლებს. გავაკეთებ ყველაფერს, რომ ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში გაერთიანებული უნიკალური გამოცდილების, ინსტიტუციური მეხსიერების მქონე ადამიანები თავს გრძნობდნენ დაცულად და ღირსეულად... ასევე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარტიული და პოლიტიკური ინტერესის დაკმაყოფილებას არ ეწირებოდეს 70 ათასამდე ადამიანის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა“ - უთხრა კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს.

კანდიდატი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ცესკო დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ, მართალია, „რიგ შემთხვევებში იყო ხარვეზები“, მაგრამ ყველაფერი ძირითადად მაინც ტექნიკური ფაქტორებით იყო განპირობებული და მუშაობას ართულებდა პანდემიაც.

გიორგი კალანდარიშვილს არ სურს ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა გარკვეულ შემთხვევებში, ცესკოს ძველი თავმჯდომარის ადგილას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ წარმოშობილ სადავო საკითხებთან მიმართებით - „ის რაც იყო, უხერხულობას იწვევს შეფასება... ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ადმინისტრაციის შეფასება“.

და მაინც, რით იყო გამოწვეული დისბალანსის მაღალი მაჩვენებლები შემაჯამებელ ოქმებში?

კანდიდატი ამბობს, რომ „არის ადამიანური ფაქტორები, არის კომპეტენციის ფაქტორები, სხვა გარემოებები - როცა ხარვეზები შეიძლება მოხდეს“.

ბიოგრაფიიდან:

  • 2021 წლის მაისიდან - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2021 წლის აპრილიდან - ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2019 წლიდან - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2019 წლიდან - ცესკოს ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრი;
  • 2009 წლიდან - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
  • 2008 წლიდან - ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გაიარა კიდევ ხუთმა კანდიდატმა.

ვილი პაჭკორია - სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, „კიდმედის“ დამფუძნებელი; „საქართველოს კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი

„ჩემი ხელები არის სუფთა და უმწიკვლო... თუ გამოიყენებთ ამ ჩემს სისპეტაკეს, მე გვერდში დავუდგები ჩემს ერს“ - უთხრა კომისიის წევრებს პროფესიით ექიმმა და იურისტმა კანდიდატმა.

რატომ გადაწყვიტა ცესკოს თავმჯდომარეობა?

ვილი პაჭკორია საარჩევნო სფეროში „ქირურგიული“ ჩარევის საჭიროებას ხედავს; თქვა, რომ დაიღალა და „დროა, საქართველოში წესიერი, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს“.

პაჭკორია ამბობს ასევე, რომ 2020 წლის „არჩევნები აღსავსე იყო დარღვევებით... გადასწორებული ოქმებით“ და მზად არის, ყველაფერი ხარისხობრივად გააუმჯობესოს.

საარჩევნო სფეროსთან შეხება ჰქონდა წარსულში - დამკვირვებელიც იყო უბნებზე; მაგრამ ზუსტად აღარ ახსოვს, როგორ მოხვდა კომისიის წევრებისთვის უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელთა რიგებში.

წარსულში ის, როგორც ამბობს, სამი პარტიის წევრი იყო: „რესპუბლიკური პარტიის“, თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“. „ოცნება“ თავისი „დანაზოგით“ დააფინანსა კიდეც - „მინდოდა იმ ძალის გაძლიერება, რომელიც გვეიმედებოდა“.

ვილი პაჭკორია იხსენებს, რომ „ქართული ოცნება“ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების - „გავრილოვის ღამის“ - შემდეგ დატოვა და დაწერილი განცხადება დაასრულა შემდეგი სიტყვები - „არა სისხლს, არა ძალადობას“.

აღიარებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში კარგად გარკვეული არ არის და არც ბოლო ცვლილებებს იცნობს, მაგრამ საკუთარი თავის იმედი აქვს, რომ მთელ კოდექსს რამდენიმე დღეში შეისწავლის - „სადაც ვყოფილვარ და მიმუშავია, ყველგან დადებითი შედეგები დამიდია“.

ბიოგრაფიიდან:

  • 2016 წლიდან - „საქართველოს კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი;
  • 2012 წლიდან - სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, „კიდმედის“ დამფუძნებელი;
  • 2001-2004; 2006-2015 წლები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • 2009-2010 წლები - საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

იმედა კლდიაშვილი - ყოფილი წევრი პარტიისა „გირჩი - მეტი თავისუფლება“

რადგან კანონმდებლობით ცესკოს თავმჯდომარე უპარტიო უნდა იყოს, იმედა კლდიაშვილმა ახლახან სწორედ კონკურში მონაწილეობის მიზნით დატოვა ზურაბ ჯაფარიძის პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

შეკითხვაზე - რატომ უნდა დაუჯერონ მის მიუკერძოებლობას, როცა სულ ახლახან პარტიული იყო? იმედა კლდიაშვილმა კომისიის წევრებს უპასუხა - „სიტყვაზე უნდა მენდოთ“.

კანდიდატის მთავარი მიზანია ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში. 2021 წლის არჩევნებისთვის შესაძლებლად თვლის: 1. ამომრჩეველთა სახის ამომცნობი (Face Recognition) ტექნოლოგიის დანერგვას შეძლებისდაგვარად ყველა საარჩევნო უბანზე, ე.წ. „კარუსელის“ თავიდან აცილების მიზნით და 2. ე.წ. ბარ-კოდიანი ბიულეტენების სისტემის დანერგვას გარკვეულ ოლქებში, საპილოტე წესით.

კლდიაშვილის აზრით, 2020 წლის არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გამოიწვია გაუმჭვირვალობამ და უნდობლობამ - როგორც "ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ასევე ბიულეტენების მოძრაობისა, ხმის დათვლის" ეტაპებზე. ციფრულ ტექნოლოგიები, მისი შეფასებით, სწორედ ნდობის ასამაღლებლად არის საჭირო.

„საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც გასულია უბანზე, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გარედან ვინმე „კარუსელით“ არ გაუფუჭებს მას კეთილგანწყობით შესრულებულ საქმეს... თუკი მან იცის, რომ გარედან კარუსელს დაუტრიალებენ და ვერაფერს შეცვლის, საწყისშივე უკლავს მას მოტივაციას... ცესკოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკური პერსონა. ის უნდა ვაქციოთ ტექნოკრატად... უნდა დავიწყოთ ქვემოდან. თუ ქვემოთ მათემატიკა სწორია და სწორად ვითვლით, ზემოთ არავის აქვს შანსი რამე გააფუჭოს“ - უთხრა მან კომისიის წევრებს.

საარჩევნო პროცესის გაციფრულების კუთხით, თავისი ხედვა მან უკვე წარუდგინა საერთაშორისო ორგანიზაციების (IRI, ISFED) მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფს, გააცნო ცესკოსაც, დადებითი შეფასებებიც მიიღო და ცესკოს თავმჯდომარეობაც ამიტომ გადაწყვიტა.

არის თუ არა ამ სიახლეებისთვის ფული ბიუჯეტში? კლდიაშვილს დაფინანსების კუთხით უფრო საერთაშორისო დონორების იმედი ჰქონდა.

ბიოგრაფიიდან:

  • 2003 წლიდან მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში;
  • 2006 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პოსტზე საბანკო სფეროში - „კონსტანტა“, „თიბისი ბანკი“, „აჭარა ბეთი“.

ლილი ბეგიაშვილი - საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის GLCC Solutions-ის უფროსი მრჩეველი

ცენტრალურ საარჩევო კომისიასთან და საარჩევნო სფეროსთან შეხება 2004 წლის შემდეგ აღარ ჰქონია, მაგრამ თვლის, რომ, როგორც მსახიობები ვერ ელევიან „სცენის მტვერს“, მასაც მუდმივად სურდა უკან დაბრუნება საარჩევნო სისტემაში.

„არჩევნები ის ფუნდამენტია, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფოში დემოკრატია და რაც აჩენს მოქალაქეების ნდობას სახელმწიფოსადმი“ - უთხრა გასაუბრების დროს კომისიის წევრებს ლილი ბეგიაშვილმა.

ის თვლის, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა გარკვეულწილად გააქრო იმ დარღვევების განმეორების შესაძლებლობები, რაც 2020 წლის არჩევნებზე გამოვლინდა; მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ მეტი ყურადღება სჭირდება: საუბნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციების წილისყრით გადანაწილებას, რაც მეტ ობიექტურობას უზრუნველყოფს და საუბნო კომისიების წევრების უბნებიდან გაძევების მარტივ წესს, რაც დაუცველობის განცდას იწვევს.

მისთვის პრობლემაა ასევე არჩევნების შედეგების გამოქვეყნების დაგვიანება - „რაც ნდობას ამცირებს“.

რა მოესწრება 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და რა იქნება მისი პირველი კონკრეტული ნაბიჯი?

„არცერთი სახელმწიფო დაწესებულების არსებობას არა აქვს აზრი, თუკი მას საზოგადოება არ ენდობა... დავიწყებდი პირველ რიგში სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, საერთაშორისო ექსპერტებისა და ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლების ჩართულობით... ყველამ უნდა იცოდეს ყველაფერი, არაფერი უნდა წყდებოდეს დახურული კარის მიღმა. მაქსიმალური გამჭვირვალობა არის ყველაფრის რეცეპტი და პირველ რიგში მათ უნდა გაუჩნდეთ ნდობა“ - უპასუხა ბეგიაშვილმა კომისიის წევრებს.

ბიოგრაფიიდან:

  • 2017 წლიდან მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კერძო სექტორის უფროსი სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი მოლდოვაში;
  • 2014 წლიდან წლიდან მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კერძო სექტორის უფროსი სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი აზერბაიჯანში;
  • 2009 წლიდან - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2007 წლიდან - მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მრჩეველი იურიდიულ საკითხებში;
  • 2005 წლიდან - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • 2004 წლიდან - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ბონდო გასვიანი - თბილისის მერიის სსიპ-ის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

თუკი ცესკოს თავმჯდომარე გახდებოდა, კანდიდატი აპირებდა, „ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობასთან“ დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას; ასევე ცესკოს ხელშეწყობას, რომ „იყოს უფრო დემოკრატიული", "არჩევნები იყოს გამჭვირვალე“. იმუშავებდა „საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და კადრების პროფესიულ ზრდაზე“.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მომავალი არჩევნებისთვის?

ბონდო გასვიანი ფიქრობს, რომ „არჩევნებისთვის ყველაზე დიდი პრობლემური საკითხია თვითონ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მეტი გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება“.

კანდიდატს საარჩევნო სფეროსთან 3-წლიანი შეხება ჰქონდა წარსულში - „2007-2010 წლებში სისტემატურად ვიყავი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციიდან. თუ არ ვცდები, „ახალი თაობა, ახალი ინიციატივა“ იყო ასეთი ორგანიზაცია“.

ბონდო გასვიანი ფიქრობს, რომ მენეჯერულ პოზიციებზე მისი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას მისცემს იყოს ცესკოს წარმატებული თავმჯდომარე.

ბიოგრაფიიდან:

  • 2019 წლიდან - ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
  • 2014-2019 წლებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე (აუდიტორ-ასისტენტი, უფროსი აუდიტორი, წამყვანი აუდიტორი);
  • 2013 წლიდან - ტურისტული კომპანია M-Tour;
  • 2010-2013 წლებში - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

მაია გურამიშვილი - „კონფლიქტების მართვის, მედიაციის, მოლაპარაკებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ დამფუძნებელი

კანდიდატი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების დროს, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობა აუცილებელი სულაც არ იყო, რადგან პრობლემის გადაწყვეტა საქართველოს საკუთარი ძალებითაც შეეძლო.

მაია გურამიშვილი დარწმუნებულია, რომ მედიატორის როლს თავადაც თავისუფლად შეასრულებდა, რადგან კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და, როგორც ამბობს, წარსულში არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევია პრობლემურ სიტუაციებში პროფესორ-მასწავლებლებისა თუ სტუდენტების დახმარების დროს.

რით დაიმსახურებდა ის მხარეების ნდობას და რით იქნებოდა ის ანგარიშგასაწევი, ავტორიტეტული ფიგურა, ვთქვათ, ცესკოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის კუთხით?

კანდიდატმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას გამოცდილების გარდა, საკმაოდ კარგი კავშირებიც აქვს:

„ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ აპოლიტიკური ვარ. მეორე ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ფენასთან გარკვეულწილად მიმიწვდება ხელი - როგორც პედაგოგს, როგორც მოქალაქეს და როგორც რელიგიური მრევლის წარმომადგენელს და საკმაოდ გათვითცნობიერებულს აღნიშნულ საკითხებში... ეს კომუნიკაცია და ამ საკითხების ფლობა რეალურად მეხმარება, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო ხოლმე“.

მაია გურამიშვილი თვლის, რომ მთავარი პრობლემა პოლიტიკური კრიზისის დროს, რამაც პროცესი საბოლოოდ „შარლ მიშელის შეთანხმებამდე“ მიიყვანა - „არასწორი კომუნიკაცია“ იყო.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემთხვევაში, კანდიდატი აპირებდა გაეწვრთნა „ამომრჩევლებთან შეხებაში მყოფი მოხელეები“, რათა მათ შეძლონ „საკუთარი თავის უკეთ შესწავლა“.

ბიოგრაფიიდან:

  • 2021 წლიდან - „კონფლიქტების მართვის, მედიაციის, მოლაპარაკებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
  • 2019 წლიდან - ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი;
  • 2006-2018 წლებში - ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;
  • 1995-2006 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კადრების სამმართველოს ინსტრუქტორი.

შემდგომი პროცედურები

საკონკურსო კომისიას პრეზიდენტისთვის წარსადგენად უნდა შეერჩია ცესკოს თავმჯდომარეობის ორი ან სამი კანდიდატი. საბოლოოდ, ორი კანდიდატი პრეზიდენტმა შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

კომისიამ პრეზიდენტს საქმე გაუმარტივა და მას მხოლოდ ორი კანდიდატი წარუდგინა.

"შარლ მიშელის შეთანხმების" მიხედვით, ახლახან განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე პოსტს 5 წლით დაიკავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (მინიმუმ 100 დეპუტატი).

თუკი პირველ და მეორე კენჭისყრაზე 100 მხარდამჭერი დეპუტატი არ გამოჩნდება, მომდევნო კენჭისყრებზე, კანდიდატის დამტკიცება უფრო დაბალი მხარდაჭერის პირობებშიც არის შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში - ცესკოს თავმჯდომარე პოსტს მხოლოდ 6 თვით დაიკავებს.

"შარლ მიშელის შეთანხმებაში" წერია შემდეგი:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება.
  • მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება.
  • შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება.
  • ამ ექვს თვეში კი, დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

"ქართული ოცნება" დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამა თუ იმ კანდიდატის 5-წლიანი ვადით დამტკიცებას, რადგან მმართველ პარტიას პარლამენტში ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თამარ ჟვანიამ თანამდებობა, ბევრისთვის მოულოდნელად, 30 ივნისს დატოვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG