Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში კივიდვითარება მძიმდება, დე ფაქტო ხელისუფლება ძველ რეგულაციებს უბრუნდება


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება,  ადგილობრივი ექიმები პანდემიის ახალ ტალღაზე საუბრობენ.

ბოლო კვირაში ორი ცნობილი ადამიანის გარდაცვალებამ კი ოსური საზოგადოება შეაშფოთა. ცნობილი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა და სახალხო არტისტი ანისიმა ძათიატი კოვიდ-19 -ით დაიღუპნენ. დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო შტაბის სხდომა მოიწვია. „ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში დამატებითი სამედიცინო ცენტრები და ჰოსპიტლები იხსნება. ეს ყველაფერი ცხინვალელთა შეშფოთებას იწვევს, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ე.წ. საზღვარი მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აქვს გახსნილი. ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საავადმყოფოს ე.წ. „წითელ ზონაში“ 50-მდე პაციენტი მკურნალობს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმი რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„წინა დღეს ასორმოცდაათი ტესტი ჩატარდა და ორმოცდასამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან ნახევარი საშუალო სიმძიმის და მსუბუქი პაციენტია. ისიც აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციაზე მისული ათასი ადამიანიდან თითქმის შვიდასს უკვე გადატანილი ჰქონდა ეს დაავადება და ამის შესახებ არც კი იცოდნენ. მე ვფიქრობ, მოსახლეობის 80 % -ს უკვე ჰქონდა კოვიდ-19. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოპულაციური ზოგადი იმუნიტეტი უკვე გვაქვს, თუმცა ახლა ვირუსის ახალი შტამების გამო კვლავ განმეორებით ავადდებიან მოქალაქეები. სტატისტიკის თანახმად, ინფექცია მეორედ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ მოვეშვათ და არ შეგვეშინდეს. კოვიდ-19-მა რესპუბლიკაში ორი ცნობილი ადამიანის - პოლიტოლოგ დინა ალბოროვასა და სახალხო არტისტ ანისიმა ძათიატის გარდაცვალება გამოიწვია, რამაც საზოგადოება შეაშფოთა. დღეს ბევრ ადგილზე ვიყავი და მათი შეშფოთება შესამჩნევია. ბევრმა მკითხა, რა იქნება შემდეგ, როგორ იქნება ეს. მე დაჟინებით ვითხოვ, რომ დაწესდეს შეზღუდვები რესპუბლიკაში. პირბადეების რეჟიმი და სოციალური დისტანცირება სავალდებულოა, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა სავალდებულოა“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ალექსანდრ პლიევმა.

პლიევი ვარაუდობს, რომ ინფიცირების ასეთი ტემპის შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე დამატებითი კოვიდჰოსპიტლის გახსნა გახდეს საჭირო.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, საგანგებო შტაბის სხდომა მოიწვია და ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ განაცხადა.

„ჩვენ ყველანი მოწმეები ვართ იმისა, რომ ვირუსი კვლავ ძალას იკრებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ და ინფექციის გავრცელება შევამციროთ", - თქვა ანატოლი ბიბილოვმა ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაისიდან დღემდე ცხინვალში მხოლოდ 500-ზე მეტი ადამიანია აცრილი. ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში შესულ პირს გაუზომავენ სიცხეს. შემოდის პირბადის ტარებისა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების აუცილებლობა, იკრძალება მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, ბავშვთა საზაფხულო ბანაკები. გარდა ამისა, ადგილობრივ ინფორმაციის კომიტეტს დაევალა ვაქცინაციის აგიტაციისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც პანდემია უკვე დამარცხებული ეგონა და ეს ყველაფერი გაუფრთხილებლობის შედეგია.

„ნიღბებს რესპუბლიკაში უკვე აღარავინ ხმარობდა. ტარდებოდა სპექტაკლები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სამხედრო წვრთნები. სამოქალაქო აქტივისტები ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ინფექციის ახალი ტალღა იყო მოსალოდნელი და ყველა შეზღუდვისა და რეკომენდაციის გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვისმინა და მივიღეთ ის, რომ ორი უძვირფასესი ადამიანი დავკარგეთ. მთელი ცხინვალი გლოვობდა მათ დაღუპვას, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ხელისუფლება, რომ საქმე ცუდად იყო და რაც მანამდე უნდა გაეკეთებინა, ახლა შემოაქვს ისევ პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია. ვითარება რთულია და ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - გვეუბნება რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც შეშფოთებას მანამდეც გამოთქვამდა.

უკვე მიღებული რეკომენდაციების გარდა, კერძო სტრუქტურებსაც ურჩიეს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ, ხოლო 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურჩევენ სახლიდან არ გამოვიდნენ.

XS
SM
MD
LG