Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის პასუხისმგებელი ჟურნალისტების მასობრივ ცემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს


ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება?

კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო.

პოლიტიკოსები და უფლებადამცველები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ ნაწილად მიზანმიმართული გეგმისა, რომელიც საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებასა და პრორუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ორშაბათს განვითარებული მოვლენების შედეგად მედიასაშუალების 50-მდე წარმომადგენელია დაშავებული. მედია რამდენიმე საათი ელოდა შსს-სგან სიახლეს დაკავებულების შესახებ, თუმცა დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.

მომხდარის ფონზე, ერთი შეხედვით, სახელმწიფომ თითქოს სისუსტე აღიარა და განაცხადა, რომ ვერ დაიცავდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა კონსტიტუციურ უფლებებს; თუმცა ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებმა ბევრისთვის ისიც ცხადყო, რომ სახელმწიფომ, სინამდვილეში, ძალადობა არ შეაჩერა და მოძალადე ჯგუფებისა და საპატრიარქოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედა.

გულგრილობა თუ მოძალადეების დახმარება? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პოლიციამ ტურისტის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

5 ივლისს თბილისის ქუჩებში მომხდარი მასობრივი თავდასხმების შედეგად შსს-მ ერთ შემთხვევაზე ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება პოლონელ ტურისტს, რომელიც ქუჩაში ცივი იარაღით დაჭრეს.

„5 ივლისს, თბილისში, კ.ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

"ფორმულა" თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოძალადეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. დანაშაულის სავარაუდო მიზეზად კი ჰომოფობიურ განწყობებს ასახელებს.

ტურისტს გულ-მკერდის არეში ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. ოპერაციის შემდეგ კი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

მეუფე შიო: რამდენჯერაც იქნება მცდელობა, ერი იმდენჯერ გამთლიანდება

პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო გამოდის წინადადებით, რომ რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება კანონმდებლობაში ჩაიწეროს.

პატრიარქის თანამოსაყდრემ, 5 ივლისს, მას შემდეგ, რაც პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს ჟურნალისტებზე, ხოლო პრაიდის ორგანიზატორებს "ღირსების მარშის" ჩატარების საშუალება არ მისცეს, ქაშვეთში ჩატარებული წირვის შემდეგ განაცხადა:

"ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი, რომლის მომსწრეც დღეს ვართ. ამას ჩვენ ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება, და ღონისძიება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ასე იწოდება - ე.წ. ღირსების მარში, ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე შემართულნი და გაერთიანებულნი".

წაიკითხე მეტი.

გამოხმაურებები სიძულვილის ჯგუფების მიერ მასობრივი ცემის ფაქტებზე

დღის ბოლოს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის შიგნით და გარეთ გამოხმაურებები მოჰყვა. განცხადებას ავრცელებს Amnesty International და პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, რომელმაც ვერ უზრუნველყო ლგბტ ადამიანებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. კრამერის თქმით, საქართველოს მთავრობამ არათუ დაგმო ეს მოვლენა, არამედ ხელიც კი შეუწყო მას.

გუშინ ძალადობა დაგმო დიპლომატიურმა კორპუსმა. ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებაში წერენ:

„ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით“.

მომხდარს გამოეხმაურა ტვიტერზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „საქართველოს კონსტიტუცია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის გარანტიას იძლევა. ქვეყნის ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება. როცა ძალადობრივი ჯგუფები ურტყამენ ჟურნალისტებს და ლგბტ+ ადამიანებს, ხოლო მთავრობა უყურებს ამას, ეს საშიში ნიშანია სამართლის უზენაესობის ჩამოშლის“, - წერს ევროპარლამენტარი.

თვალი ადევნე სიახლეებსა და გამოხმაურებებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას წყვეტს

გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს, მას შემდეგ, რაც "რიონის ხეობის მცველები" "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰესის აშენების წინააღმდეგ კვლავ იბრძოლებენ, თუმცა "რიონის ხეობის მცველებს" თანამებრძოლებად ვეღარ მიიჩნევენ.

„მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

მომდევდნენ და თან მირტყამდნენ - რადიო თავისუფლების რეპორტიორი ჟურნალისტებზე თავდასხმას აღწერს

რადიო თავისუფლების რეპორტიორი თამუნა ჩქარეული იმ ორმოცზე მეტ ჟურნალისტს შორისაა, ვინც დღეს დაშავდა. ის „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ საპატრიარქოსა და სხვადასხვა რადიკალური ორგანიზაციის მოწოდებების შედეგად ქუჩაში გამოსულ სიძულვილის ჯგუფებს აშუქებდა.

თამუნა ჩქარეული ჰყვება, სად და როგორ შეესწრო ძალადობას და როგორ დააღწია თავი საფრთხეს.

თამუნა, შენ დღეს პარლამენტთან მუშაობისას დაშავდი. რატომ აღმოჩნდი საფრთხის ქვეშ, შეიძლებოდა თუ არა უცხოებისთვის იმის გაგება, რომ ჟურნალისტი იყავი?

რეპორტაჟზე წასვლამდე ჩავიცვი რადიო თავისუფლების მაისური და დავიხურე დამცავი ჩაფხუტი. მეგონა, თუ დაინახავდნენ, რომ მედიის წარმომადგენელი ვიყავი, უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი, მე არ დამესხმებოდნენ თავს და პოლიციაც უფრო მობილიზებული იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

რუსთაველზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, დაახლოებით ისეთივე სიტუაცია იყო, როგორიც „ოჯახის სიწმინდის დღეს”: ქალები, ბავშვები, სასულიერო პირები, ჩოხოსნები ცეკვავდნენ და სეირნობდნენ.

როდის დაიწყო აგრესია?

გამოიარა მოპედიანმა გოგომ, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოირჩეოდა აქციის მონაწილეების მასისგან. აგრესიულად განწყობილი მამაკაცები გოგოს ირგვლივ შემოიკრიბნენ. მე მაშინ მივედი, როცა გავიგონე გოგოს ყვირილი, მესმოდა გინება, დავინახე, რომ იქვე იყო პოლიციაც. ამ სცენას ვიღებდი, როცა ბიჭმა ჩამარტყა ხელში და ტელეფონი გამივარდა.

წაიკითხე მეტი ანი ბურდულის ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG