Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PHR: მოსამართლემ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს


4 ივნისს, დღის 12 საათზე, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია მოსამართლისგან ითხოვს გამოსცეს განჩინება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ.

ანა აბაშიძე, ორგანიზაციის იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლეს აქვს მაქსიმუმ სამდღიანი ვადა გამოსცეს განჩინება, თუმცა, მას შეუძლია, ორგანიზაციის შუამდგომლობა დღესვე, 4 ივნისის საღამომდე დააკმაყოფილოს:

„ჩვენ დღის ბოლომდე ველოდებით გადაწყვეტილებას. მოსამართლეს კანონმდებლობით აქვს სამდღიანი ვადა ამ განჩინების გამოცემისა, მაგრამ მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მისი საკანონმდებლო ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში, ბავშვების საუკეთესო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ მან გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, დღესვე უნდა მიიღოს, რადგან ყოველმა შემდგომმა დღემ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს იქ მყოფ ბავშვებს“.

ორგანიზაციამ სასამართლოსთვის დაუყოვნებლივ მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 3 ივნისს, თავად პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარებისგან ცნობილი გახდა, რომ მათ მიმართ ძალადობის ბოლო ფაქტს ადგილი ჰქონდა პირველ ივნისს:

„სახალხო დამცველის ძველი ანგარიშები ლამის უკან მოგვრჩა. ძალადობის ბოლო ფაქტი პანსიონატში პირველი ივნისით თარიღდება. ამის შესახებ თავად ლაპარაკობენ ბავშვები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამიტომ ყველანაირი სამართლებრივი გარემოება არსებობს იმისათვის, რომ დღეს მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანასთან დაკავშირებით, რადგან არის სერიოზული რისკები“.

თუკი სასამართლო მიიღებს ბავშვების პანსიონატიდან გამოყვანის გადაწყვეტილებას, სად მოხდება მათი გადაყვანა? ანა აბაშიძის თქმით, ამ საკითხზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა:

„ჩვენ ვიცით ერთადერთი, ბავშვები უნდა იყვნენ უსაფრთხო გარემოში. არსებობს ალტერნატიული ზრუნვის სხვადასხვა ფორმა. უპირატესად უნდა სცადონ ბავშვების რეინტეგრაცია, ოჯახებში დაბრუნება. სახელმწიფოს ამოცანაა ამას ძალიან ეფექტურად უპასუხოს“.

ამ დროისათვის ნინოწმინდის პანსიონატში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. პანსიონი უკვე დატოვა 6-მა ბავშვმა და ისინი მათი ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ზრუნვის ფორმაში გადაიყვანა.

„ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც ნინოწმინდის პანსიონატთან იმყოფება, პანსიონატი დებმა დატოვეს:

„აქ მცხოვრებ ბავშვებს ღობიდან ვეკონტაქტებით. როგორც მათ მითხრეს, გოგო 18 წლის შესრულდა და მშობლების სურვილით წაიყვანეს. მასთან ერთად წავიდა მისი უმცროსი დაც, თუმცა, ბავშვები ამბობენ, რომ ის უკან დაბრუნდება. პანსიონატი მათ დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, ე.წ. პიკაპით დატოვეს“.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონატში ამჟამად 56 ბენეფიციარი ცხოვრობს. თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობს, რომ იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, წლებია არ უშვებენ სახალხო დამცველს. 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ, 3 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, გარდა სახალხო დამცველის მიერ ნახსენები 4 საქმისა, გამოძიება დაიწყო სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ეუბნებიან, კონკრეტულად რა ფაქტებზე დაიწყო შსს-მ გამოძიება. უწყება არ პასუხობს კითხვას, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება 3 ივნისს, ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარის, 19 წლის ბიჭის მონათხრობის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, რამდენიმე წლის წინ, „აღმზრდელმა 6-7 წლის მოზარდი იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ეს ფაქტი დღემდე გაუხსნელია“.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, „იმ განცხადების გარდა, რაც 3 ივნისს უწყებამ გაავრცელა, ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან“.

XS
SM
MD
LG