Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლი ქმრის სახელის რეაბილიტაციისთვის იბრძოლებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ე. წ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მიღებულია დადგენილება ბრალდებულ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ”. ჯაბიევის ქვრივი, ოქსანა სოტიევა, არ ეთანხმება საკითხის ამგვარ ფორმულირებას და აპირებს სასამართლოში მოკლული ქმრის უდანაშაულობის დამტკიცებას.

თავდაპირველად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმაში სამი ბრალდებული იყო - ინალ ჯაბიევი, ნიკოლაი ცხოვრებოვი და გერსან ყულუმბეგოვი. დე ფაქტო პროკურატურის განცხადების მიხედვით, დარჩა ორი ბრალდებული, ყულუმბეგოვი და ცხოვრებოვი, თუმცა, ჯაბიევის ნათესავების ინფორმაციით, ბრალდება ყულუმბეგოვსაც მოუხსნეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, იგორ ნანიევზე, შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის აგვისტოში მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ნანიევის მანქანას მიტოვებული სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს. 18 აგვისტოს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით: სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის და, აგრეთვე, იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. ეს იყო, დაახლოებით, სამი გასროლა. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა მანქანის უკან კარს. იმავე წლის 23 აგვისტოს სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის, ინალ ჯაბიევის, ცხედარი კრიმინალური პოლიციიდან ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიტანეს მრავლობითი სისხლჩაქცევებითა და ცემის კვალით. 28 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯაბიევის ნაწამები სხეულის ფოტოები, რამაც საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია.

სცემეს ნიკოლაი ცხოვრებოვსაც, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ მის ცემას ჯაბიევის სიკვდილის შემდეგ დაანებეს თავი და მხოლოდ ამ შემთხვევის გამო გადარჩა. 28 აგვისტოს, ჯაბიევის გარდაცვალების ყველა გარემოების გარკვევამდე, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. ცხინვალში სამართალდამცავ სისტემაში ადამიანების წამების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. 4 დეკემბერს ჯაბიევის ქვრივმა და დედამ - ოქსანა სოტიევამ და მაია ცისკაძემ - ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე უვადო საპროტესტო აქცია დაიწყეს, რომელიც თითქმის სამ თვეს გაგრძელდა და მოკლულის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შეწყდა. ჯაბიევის ცოლმა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის მიერ მისი ქმრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ფორმულირება გააპროტესტა და დე ფაქტო გამომძიებელს მოსთხოვა, მისი ქმრის საქმეც სასამართლოს გადაეცეს, სადაც ინალის უდანაშაულობას დაამტკიცებს და მისი სახელის რეაბილიტაციას მიაღწევს. ოქსანა სოტიევა „ეხო კავკაზასთან” საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოზე გარდაცვლილის წარმომადგენლად თავად წარდგება.

„არ მახსოვს, რომელი თვე იყო, პროკურატურიდან დამირეკეს და მთხოვეს, რომ ინალის გარდაცვალების ცნობა მიმეტანა. მითხრეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა უნდოდათ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მე გავაპროტესტე და დავწერე შუამდგომლობა, რომ უარზე ვარ ამ საქმის შეწყვეტაზე. მე მიმაჩნია, რომ ინალი უდანაშაულოა და ის, როგორც ბრალდებული, უნდა იყოს ამ საქმეში და მე, როგორც მისი წარმომადგენელი, წარვდგები სასამართლოს წინაშე. მის წინააღმდეგ არაფერი არა აქვთ. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, მოწმეები, დანაშაულის იარაღი და მოტივი“.

ჯაბიევების ოჯახის ადვოკატის, სუზანა კოტაევას, თქმით, ნანიევზე თავდასხმის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ მოსამართლოს დაეწერება ეს საქმე.

ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა ინალ ჯაბიევის ქვრივის ეს ნაბიჯი მოიწონეს და საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელშიც დააფიქსირეს. მათი აზრით, აუცილებელია ჯაბიევის, როგორც ბრალდებულის, რეაბილიტაცია და ოქსანა სოტიევა ამისთვის იბრძვის.

„ფორმულირება, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მისი გარდაცვალების გამო წყდება, დაზარალებული ოქსანასთვის არასაკმარისია. გარდა იმისა, რომ მას ქმარი მოუკლეს, ტალახიც ბევრი ესროლეს - გამოიყვანეს ნარკომანი და კრიმინალი. ამიტომ რეაბილიტაციის გარეშე მისი ოჯახისთვის მიუღებელია ამ საქმის ასე შეწყვეტა. მათ იმედი აქვთ, რომ გარდაცვლილის უდანაშაულობა დამტკიცდება და ამით მისი სახელის რეაბილიტაცია მოხდება. თუმცა ცხინვალში უფრო მეტად ჯაბიევის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა გვაინტერესებს, რათა დადგინდეს, რატომ მოკლეს ეს ბიჭი ასეთი სისასტიკით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.

ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ გამოეხმაურა. ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და ამას ყურადღება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა მიაქციოს. განცხადებაში წერია:

„ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, წამების და

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ამავდროულად, მისმა საქმემ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში არსებული

სერიოზული სისტემური პრობლემები გამოააშკარავა. ჯაბიევის საქმეში სახეზეა

ადამიანის უფლებათა დარღვევების მთელი ჯაჭვი: სიცოცხლის უფლების

ხელყოფა; წამება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლების წართმევა;

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა; ადვოკატის ყოლის

უფლების შეზღუდვა და სხვ.

რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მთელ რეგიონზე. აღსანიშნავია,

რომ ინალ ჯაბიევის საქმეზე გარდაცვლილის ცხედრის არასანდო სამედიცინო

ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის მთავარი სასამართლო მედიცინისა და

ექპერტიზის №111 ცენტრში, მოსკოვში, ჩატარდა. სახეზეა არაეფექტური

გამოძიება, ძალადობა მოწმეებზე, მცდარი სამედიცინო დასკვნის გამყარების

მცდელობა - თითქოს ჯაბიევი .ლომკისგამო გულის შეტევით გარდაიცვალა

და არა წამების შედეგად.

ინალ ჯაბიევის საქმეზე მასშტაბური პროტესტის დაწყების შემდეგ დაიწყო და

დღემდე გრძელდება იმ ადამიანებზე ზეწოლა და დევნა, ვინც რაიმე ფორმით

მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ან მხარს უჭერდა ჯაბიევის ოჯახს.

სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, მათ შორის ინალ

ჯაბიევის სიცოცხლის უფლების დარღვევა და მისი თანმდევი პროცესები, რაზეც

სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ჯაბიევის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და გაააქტიურონ მუშაობა სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის

მონიტორინგის მიზნით; მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა და ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე

პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს“, - წერია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG