აქციაზე მხარდასაჭერად მისული აქტივისტი, რომელსაც მკლავზე ფერადი სამკლავური ეკეთა, აქციის სხვა, რადიკალურად განწყობილმა მონაწილეებმა გააძევეს. დილით, რესპუბლიკის მოედანზე აქციის იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მონაწილეებს შორის კონფლიქტი ვარლამ გოლეთიანის პატარა გამოცდად იქცა.
„რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ“, - ასე გამოეხმაურა „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი მის მიერ ორგანიზებული აქციიდან ცისარტყელასსამკლავურიანი ახალგაზრდა ქალის გაძევებას.
ვარლამ გოლეთიანი ამ განცხადების გამო საჯაროდ დაადანაშაულეს ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების ირიბ თუ პირდაპირ მხარდაჭერაში. ეს ჯგუფები საჯარო სივრცეში მათთვის მიუღებელი შეხედულებების ადამიანებს ხშირად ჩაგრავენ, სახელმწიფო კი ამ დანაშაულის მიმართ ლმობიერია.
„რიონის მცველებისთვის“ პროტესტის თბილისში გადმოტანა იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა. დედაქალაქში პროტესტის გადმოტანით ისინი ცდილობენ ხელისუფლება დაარწმუნონ იმაში, რაში დარწმუნებასაც 200-ზე მეტი დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
როგორ? ცნობილია მხოლოდ ის, რომ „რიონის მცველებს“ მეტი მომხრეების მხრადაჭერით, იმედი აქვთ, რომ ქალაქის პარალიზებას შეძლებენ. თბილისში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს გზის გადაკეტვა მცირე ხნით: სანაპიროზე, თავისუფლების მოედანთან და რუსთაველის მეტროსთან - ეს ყველაფერი რამდენიმე საათს გაგრძელდა და აქტივისტები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარვებთან დაბრუნდნენ. მათ დღეს ვერც პარლამენტის თავმჯდომარესთან მოახერხეს შეხვედრა - შეხვედრის ინიციატორი კახა კუჭავა, მიზანი კი ბუნდოვანი იყო.
ცისარტყელას სამკლავური - პირველი გამოცდა
დღის 12 საათიდან 1 საათამდე ხმაური და არეულობა იყო რესპუბლიკის მოედანზე. ულტრანაციონალისტმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა „სირცხვილიას” აქტივისტები სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი აქციიდან გააძევა. მიზეზი - სალომე ბარკერის მკლავზე შებმული ფერადი ლენტი - ცისარტყელას ფერებში - ქვიარ თემის მხარდაჭერის სიმბოლო, რომელიც მას ორ წელზე მეტია უკეთია. ფალავანდიშვილიც და იქ შეკრებილი ხალხის ნაწილიც სალომესგან ითხოვდა, მოეხსნა სამკლავური, თუ აქციაზე დარჩენა უნდოდა. პოლიციამ დაძაბულობის განსამუხტად აქციას თავდამსხმელების ნაცვლად სალომე და ზუკა გაარიდა.
გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები პირველად არ ძალადობენ საჯარო სივრცეში განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე. გურამ ფალავანდიშვილი არავის დაუსჯია დედაენის ბაღში 15 მაისს ლგბტქი ინსტალაციის დარბევისთვის, ნინოწმინდის პანსიონში კი, სადაც თვეების განმავლობაში არ უშვებენ სახალხო დამცველს, უფროსი და უმცროსი ფალავანდიშვილები თავისუფლად შეუშვეს და აღდგომის სადღესასწაულო კონცერტზეც მიიწვიეს, რომელშიც პანსიონის არასრულწოვანი აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
ქვიარ თემის წევრებმა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის აქტიური მონაწილეა, თქვეს, რომ ძალადობა აქციაზე წინა დღესაც მოხდა: აქტივისტებს, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დაუხიეს ბანერი, იგრძნობოდა მტრული დამოკიდებულება მათ მიმართ და არ ჰქონდათ დაცულობის შეგრძნება.
„რიონის ხეობის მცველების” ლიდერის ვარლამ გოლეთიანის პოზიცია, რომ ძალადობრივი ინციდენტების პრევენციის საუკეთესო გზა, ეს არის მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკის გამოყენება აქციაზე, მათ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებად აღიქვა აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილმა. „თანასწორობის მოძრაობამ” ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა, მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნონ რადიკალურ და სიძულვილის ჯგუფებს, მოქალაქეების იმ ნაწილმა კი, ვინც წინა დღეს იყო აქციაზე, თქვა, რომ მათთვის ჰომოფობიური დამოკიდებულება მიუღებელია და სანამ არ იქნება უსაფრთხო სივრცე ყველა ადამიანისთვის, საკუთარ ადგილს ამ აქციებზე ვეღარ ხედავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდნენ, რომ მათთვის სამაჯურსა და ქვიარ თემის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი ახლა ხეობის ინტერესები და ჰესის მშენებლობის შეჩერებაა, ზოგი კი საერთოდ ამბობდა, რომ ფერადი სამკლავურით გამოჩენა ამ აქციაზე, დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
მსჯელობა იმის შესახებ, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ყველა მხარდამჭერის მიმართ ერთნაირად სოლიდარულები არ არიან, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც აჭარიდან იმერეთში მათ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ძმები წულუკიძეები და ძმები ჭელიძეები დააკავეს პროვოცირებულ ჩხუბში მონაწილეობის ბრალდებით.
მოჭიდავეები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები სხვა ორ პირთან ერთად 12 აპრილს დააკავეს სოფელ გუმათთან ჩხუბის გამო, რომელშიც შსს-ს ვერსიით ერთი ავტომობილი დაზიანდა და სამი პირი დაშავდა. „რიონის ხეობის მცველები“ ფიქრობენ, რომ მათი აჭარელი სტუმრები პროვოკაციას წამოეგენ, ამის მიუხედავად, „რიონის ხეობის მცველების” ბრძოლის ნაწილად ვერ იქცა მათი დაცვა და მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა. აჭარელი მუსლიმების მხარდაჭერისთვის ბარიერი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე პროტესტის ორგანიზატორებისთვის, რელიგიურ ფაქტორთან ერთად, მათი პოლიტიკური აფილაციაც გახდა. ძმები წულუკიძეები იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, მეჩეთის თემაზე არსებული დაძაბულობის დროს გამართული აქციების მონაწილეებიც - ისინი მაშინ სოლიდარობას მუსლიმ თემს უცხადებდნენ. ფირუზ წულუკიძე 2020 წლის ზაფხულში მედიასთან ამბობდა, რომ ხელისუფლება მას „ზონდერჯგუფების“ შექმნას სთხოვდა, რაზეც უარი თქვა და ამის შემდეგ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.
როგორ დახვდა ხელისუფლება თბილისში გადმოტანილ პროტესტს
„რიონის ხეობის მცველებმა” თბილისში ჩამოსვლისას, 23 მაისს, ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესრულებისთვის 24 მაისის დღის 12 საათამდე მისცეს. სანამ შუადღე შესრულდებოდა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის წევრებმა თქვეს, რომ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს არ დაუშვებდნენ და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს გონიერებისკენ მოუწოდეს. ცხადი იყო, რომ ხელისუფლება არც 12 საათამდე და არც მერე არანაირი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტორთან, პირადად ის გეგმავს თვის ბოლოს ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ სწავლობს და არავინ აპირებს, მოუსმინოს და ანგარიში გაუწიოს ულტიმატუმის ენას.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი სწორი არ არის და საქმეს არ წაადგება. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავი მოიწონა იმით, რომ მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა და მისი თქმით, ახლა რომ მინისტრი იყოს, ეს პროექტიც უპირობოდ აშენდებდა.
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი, რომლის გადადგომაც ერთ-ერთია აქციის მონაწილეების ოთხ მოთხოვნას შორის, ამბობს რომ გადადგომას არ აპირებს.
ხელისუფლების პოზიცია პროტესტის თბილისში გადმოტანის შემდეგ დღეს გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე მაშინ, როცა ნამოხვანიდან გუმათში გადასული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიაში მართავდნენ პარლამენტარებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას - მაშინ შეხვედრის მონაწილეები მმართველი გუნდიდან არ გამორიცხავდნენ იმას, რომ პროექტი შეჩერებულიყო. დღეს პროექტის შეჩერებაზე არცერთი სიტყვა არ თქმულა ხელისუფლების მხრიდან.
„რიონის ხეობის მცველების“ პროტესტის თბილისში გადმოტანის მომენტისთვის სოციალურ ქსელებში აქტიური იყო კამპანია მათ წინააღმდეგ: “მითების დეტექტორმა” 4 აქტიური ფეისბუკგვერდი გამოავლინა, რომელთაგანაც 3, როგორც 23 მაისს, ასევე გასულ თვეებშიც აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაციასა და გაშარჟებას ცდილობდა, პოსტების ნაწილი ლევან ვასაძისა და ვარლამ გოლეთიანის კავშირების შესახებ იყო. 4 გვერდიდან ორი 2021 წლის აპრილში არის შექმნილი, ხოლო ორი - 2020 წლის აგვისტოსა და დეკემბერში.
„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საზოგადოების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს მთავრობამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და ამ წუხილის გახმიანების უფლება, ისევე, როგორც მთავრობის მიერ მათი მოსმენა და გამოსავლის პოვნა. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს წუხილი და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის მნიშვნელობა, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დენში მეტი არ გადაიხადონ. ეს ბალანსი რთული [დასაცავია], მაგრამ გამოსავალი არის ადგილობრივი საზოგადოების წუხილის მოსმენა და პროცესში მათი დასაწყისიდანვე ჩართვა”, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიმდინარე პროტესტს. ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი ბოლო გრანტის ნაწილი, რომელიც საქართველომ გასულ კვირაში მიიღო, სახელმწიფოს სწორედ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.
„ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს ერთ რამეს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, როდემდე გაართმევს თავს. ჩვენ უკვე 210 დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. ამ სამართლიან და გულწრფელ ბრძოლას, ვფიქრობ, რომ აჰყვება დედაქალაქი. ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, დავიძრებით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს“, - თქვა გოლეთიანმა დღის ბოლოს. ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აღლუმზე წასვლის ნაცვლად, საკუთარი აქციის მხარდასაჭერად ეპატიჟება ყველას და ამბობს, რომ აღლუმი იქ იქნება, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან.
„26 მაისს აღლუმი, თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება იქ, სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე და მთელი დედაქალაქი მოვა იქ”, - ასეთია ვარლამ გოლეთიანის გეგმები თბილისში გადმოტანილი პროტესტის მესამე დღისთვის.
„ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია, ამით ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში და არ მინდა იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვია”, - ეს სოზარ სუბარის გამოხმაურებაა ვარლამ გოლეთიანის განცხადებაზე. სოზარ სუბარი ერთ-ერთი იყო იმ საჯარო მოხელეებიდან, ვინც ქუთაისში ხელისუფლებასა და აქტივისტებს შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. დღეს იგი ამბობს, რომ თბილისის პარალიზების უფლებას არავის მისცემენ, მაგრამ არც იმას გაიმეორებენ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, „როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები“.