Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმი იწურება - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 მაისს


რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაიშალა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს.

გუშინ საღამოს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ სწორედ კარვებში დაელოდებიან საპროტესტო მოძრაობის წევრები 24 მაისის 12:00 საათს. ეს ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმია. თუ „რიონის ხეობის მცველების“ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქცია უფრო მასშტაბური გახდება.

„აქ ვრჩებით და ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, თითქოს რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება… თუ არ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ, უკან დავიხიოთ ამ ბრძოლაში, რამდენიც ვართ დღეს, ორი იმდენი ვიქნებით ხვალ. ამიტომ, გიცდით, ჩვენი ძლიერი მხარეა ასევე მოთმინება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

გუშინ საღამოს განცხადება გაავრცელა კომპანია „ენკამ“. კომპანიის თქმით, ისინი მზად არიან განაგრძონ დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

დღეიდან დაიწყება ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს უკვე მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საქართველოში გამოიყენება. „სინოვაკს“ ჯერ არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია, თუმცა საქართველომ უკვე დაიწყო მისი გამოყენება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტების თანახმად, „სინოფარმის“ მსგავსად „სინოვაკიც“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინის მსურველებს დარეგისტრირება 21 მაისიდან შეუძლიათ პორტალზე booking.moh.gov.ge.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 მაისის მონაცემებით, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ჩატარდა 16 972 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%.

წაიკითხე მეტი.

მინსკში დააკავეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი

მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური. პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ასრულებდა რეისს და დაუგეგმავად დაჯდა მინსკში.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავი მინსკში დაჯდა მასში ბომბის არსებობის თაობაზე ცნობის გამო. ბომბი ვერ იპოვეს. მგზავრთა შემოწმებისას დააკავეს რამან პრატასევიჩი.

როგორც Telegram-ის ერთ-ერთი არხი იტყობინება, მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შესახებ განკარგულება პირადად ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გასცა. მისი დავალებით სამგზავრო თვითმფრინავის თანხლებისთვის ჰაერში ავიდა გამანადგურებელი MiG-29.

მომხდარის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბელარუსისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ კომერციული რეისის თვითმფრინავი „ძალით“ დასვეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი ინციდენტს „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

წაიკითხე მეტი.

რა უნდა იცოდე, თუკი წელს აპირებ ევროპაში მოგზაურობას

ევროპულმა საბჭომ, 20 მაისს, მიიღო რეკომენდაციები ევროკავშირში ტურისტულ და სხვა არააუცილებელ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ეს არის პირობები, რომლებსაც არაწევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მათმა მოქალაქეებმა ევროკავშირში შეზღუდვების, მათ შორის, კოვიდტესტირებისა და კარანტინის გარეშე შეძლონ შესვლა. საქართველო ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებიდან მთავარს, კარგ ეპიდსიტუაციას, თუმცა ზოგიერთი პარამეტრით ჯდება ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ ჩარჩოში.

ახალი რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან მოქალაქეები იმ შემთხვევაში შეძლებენ ევროპაში შესვლას, თუ მათ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში COVID-19-ით 100 000 კაცზე მაქსიმუმ 75 არის დაავადებული. აქამდე ეს რიცხვი 25 ადამიანს შეადგენდა.

ამასთანავე, ევროკავშირი გაითვალისწინებს შემსვლელის ქვეყანაში გავრცელებულ სხვადასხვა შტამს.

კიდევ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ ევროკავშირის ქვეყნები და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

კაზინოები, სლოტკლუბები, ტოტალიზატორები ... აზარტული თამაშები ჩვენ გარშემო - ყველგან და ყოველთვის.

რა ვითარებაა ქვეყანაში თამაშდამოკიდებულების მხრივ?

ვესაუბრებით პროფესიონალ მოთამაშეებს და ადამიანებს, რომლებიც სათამაშო ბიზნესის გარშემო არსებულ საგანგაშო სტატისტიკას უსვამენ ხაზს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG