კანონპროექტი პარლამენტში - იქნება თუ არა მომავალი არჩევნები უფრო სანდო და უკეთესი?
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვენეციის კომისიას უკვე გაუგზავნეს. ახლა პარლამენტი კომისიისგან საპასუხო რეკომენდაციებს ელოდება, თან კანონპროექტის განხილვას იწყებს.
21 მაისს მისი განხილვა კომიტეტებში დაიწყება, მომავალ კვირაში კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები აქვს. არასამთავრობო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უკეთესი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა, თუმცა პოლიტიკოსებმა მეტი უნდა იფიქრონ არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდაზე.
რა (არ) წერია დოკუმენტში?
- ცენტრალური საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება.
- „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩაწერილი მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ჩადებულია უბნების 10%-ის ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნა.
- კანონპროექტში არ არის ასახული კონკრეტული მექანიზმები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხზე, რაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას უკავშირდება.
წაიკითხე მეტი კანონპროექტის შესახებ ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ ჩავიდნენ ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონის მოსანახულებლად, თუმცა მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, ისევ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.
სოციალურ ქსელ ფეისბუკში იგი წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს პანსიონიდან არც ერთი ბავშვი არ გამოცხადებულა. ამ გარემოებას ომბუდსმენი იმით ხსნის, რომ დაწესებულებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. მისივე ცნობით, სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. სახალხო დამცველის თანახმად, ეს პრაქტიკა არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაზეც სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია.
რას ამბობენ პასუხისმგებელი უწყებები გალავანშემორტყმულ, დახურულ დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლების მეორედ არშეშვებაზე და რა გეგმები აქვს სამოქალაქო სექტორს? წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
21 მაისს იწყება „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია
21 მაისს 12 საათზე იწყება ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია. აცრის პროცესი 24 მაისს დაიწყება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტების თანახმად, „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკიც“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება.
„სინოვაკით“ აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge, ან დარეკონ ნომერზე 1522.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.
ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.
გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ 1 მილიონი დოზა შემოვა და რომ ამ საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე არიან საქართველო და მწარმოებელი კომპანია. წაიკითხე მეტი.
გაეროში შეხვედრის წინ, ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა ღაზაზე
20 მაისს ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები განახორციელა ღაზის სექტორის მასშტაბით, რასაც სულ მცირე ერთი პალესტინელი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. ისრაელი აგრძელებს თავის საჰაერო კამპანიას, მიუხედავად აშშ-ის მოწოდებისა, შემცირდეს შეტევების ინტენსივობა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლა იზრდება, თუმცა ის, როგორც ჩანს, ცდილობს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს „ჰამასს“ - რომელმაც ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა ისროლა.
პარალელურად, ძლიერდება დიპლომატიური ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. ოფიციალური პირები, რომლებიც მოლაპარაკებებს ადევნებენ თვალს, აცხადებენ, რომ ზავი შესაძლოა უახლოეს 24 საათში გამოცხადდეს.
რუსეთი გამოდის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნის წინადადებით, საზღვრის დემარკაციისთვის
რუსეთი აცხადებს, რომ გამოვიდა წინადადებით ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე, რათა განხორციელდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია - გასულ კვირაში ერევანსა და ბაქოს შორის განახლებული დაძაბულობის ფონზე.
სომხეთმა აზერბაიჯანის სამხედროები დაადანაშაულა საზღვრის გადალახვაში, სიუნიქისა და გეღარქუნიქის პროვინციებში რამდენიმე კილომეტრის სიღრმით შეჭრასა და ტერიტორიაზე განაცხადის გაკეთების მცდელობაში.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი სამხედროები არ შესულან სომხეთში და ისინი უბრალოდ გამაგრდნენ საზღვრის აზერბაიჯანის მხარეს, პოზიციებზე, რომლებიც ზამთრის თვეებში მიუწვდომელი იყო.
ყაზახმა გამომძიებლებმა გლდანის საპატიმროში დაკითხეს ასსელ აიტპაევას საქმის ბრალდებული
უკვე მეორე დღეა, ყაზახი გამომძიებლები თბილისში, 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმის დეტალებს სწავლობენ და, სავარაუდოდ, ეძებენ კვალს, იყო თუ არა ყაზახი ქალი საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლი. გამომძიებლებმა საქმის მთავარი მოწმეები 19 მაისს დაკითხეს. 20 მაისს კი მათ საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ბესიკ თორდუა გლდანის მერვე დაწესებულებაში დაკითხეს.
გამომძიებელი არმან საილაუბაევი ერთ-ერთია, რომელიც თბილისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და საქმის მასალებს ეცნობა. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.
ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე ყაზახეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს და ამ მუხლის საფუძველზე წინასწარი, ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული ყაზახეთის მოქალაქეს მურატ მეირბეკოვს. საქართველოში მიმდინარე გამოძიება კი მას 26 წლის ქალის გაუპატიურებასაც ედავება და ყაზახეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლითაა აღძრული.
რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს, ბესიკ თორდუას, რომელიც დღეს ყაზახმა გამომძიებლებმა დაკითხეს, მას საქართველოს პროკურატურამ ბრალი 6 მაისს წარუდგინა. გამოძიება 56 წლის კაცს ასსელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
ბარაკები, ჯურღმულები ისეთი სახლები და დასახლებებია, სადაც ადამიანს იძულების წესით უხდება ცხოვრება და არსებობა. თბილისში ვათვალიერებთ ნაგებობებს, რომლებიც ადამიანებმა თვითნებურად აიშენეს და ვიხსენებთ იმ უბნის ისტორიას, რომელსაც საფუძველი ბარაკული განაშენიანებით ჩაეყარა.