Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახმა გამომძიებლებმა გლდანის საპატიმროში დაკითხეს ასსელ აიტპაევას საქმის ბრალდებული


უკვე მეორე დღეა, ყაზახი გამომძიებლები თბილისში, 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმის დეტალებს სწავლობენ და, სავარაუდოდ, ეძებენ კვალს, იყო თუ არა ყაზახი ქალი საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლი. გამომძიებლებმა საქმის მთავარი მოწმეები 19 მაისს დაკითხეს. 20 მაისს კი მათ საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ბესიკ თორდუა გლდანის მერვე დაწესებულებაში დაკითხეს.

გამომძიებელი არმან საილაუბაევი ერთ-ერთია, რომელიც თბილისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და საქმის მასალებს ეცნობა. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს:

„არ მაქვს უფლებამოსილება, მოგცეთ კომენტარი. ყაზახეთის კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ვერ გავამჟღავნებ. მიმართეთ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს“, - ამბობს ის.

ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე ყაზახეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს და ამ მუხლის საფუძველზე წინასწარი, ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული ყაზახეთის მოქალაქეს მურატ მეირბეკოვს. საქართველოში მიმდინარე გამოძიება კი მას 26 წლის ქალის გაუპატიურებასაც ედავება და ყაზახეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლითაა აღძრული.

რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს, ბესიკ თორდუას, რომელიც დღეს ყაზახმა გამომძიებლებმა დაკითხეს, მას საქართველოს პროკურატურამ ბრალი 6 მაისს წარუდგინა. გამოძიება 56 წლის კაცს ასსელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

ბესიკ თორდუას დაკითხვას, 20 მაისს, გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ესწრებოდა მისი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძეც. გამოკითხვა საპატიმროში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ გამომძიებლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს კითხვები დაუსვეს როგორც ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტზე, ასევე დაინტერესდნენ იმ აუდიოჩანაწერის დეტალებითაც, რომელიც ასსელ აიტპაევამ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნა მეგობარ გოგოს ყაზახეთში. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბესიკ თორდუასა და გარდაცვლილი ქალის ერთსაათიანი დიალოგია ჩაწერილი. მისი ნაწილი ასახავს, სავარაუდოდ, ბესიკ თორდუას მუქარასა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყაზახი ქალის მისამართით:

„მათი კითხვები მოიცავდა, თუ რა კავშირი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გარდაცვლილთან და ასევე რა კავშირი ჰქონდა მას მათ მიერ დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქესთან. კითხვები შეეხებოდა იმასაც, მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა გარდაცვლილს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, ასევე ჰქონდა თუ არა ადგილი გაუპატიურებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც. ამ ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება მამაკაცი გარდაცვლილს, „შენ ხარ მეოთხე ყაზახი ქალი და რატომ იქცევი ასეო“. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რაზეც მან უპასუხა, რომ ის არის ნამყოფი ყაზახეთში და იქ მას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები. ასევე კითხვები დაისვა ტრეფიკინგთან დაკავშირებით და სხვა ქალებთან ხომ არ ჰქონდა მას შემხებლობა და რაიმე სახის ინფორმაცია, რაზეც მან თქვა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ყაზახეთის მხარის მთავარი ინტერესი შეეხება ტრეფიკინგის ნაწილს, რაც საქმეში არ იკვეთება. გაუპატიურებას მეორეხარისხოვან დანაშაულად აღიქვამენ. კითხვებიც ისე იყო დალაგებული, თავიდან ძირითადი კითხვები დაისვა ტრეფიკინგის მიმართულებით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე კითხვა შეეხებოდა გაუპატიურების ნაწილს“.

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

საქმის მასალებისა და გარდაცვლილი ქალის დედის თანახმად, მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი მათი ნათესავი კაცი, მურატ მეირბეკოვი იყო. კაცი რუსთავში, ახლად დაფუძნებულ ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, „ყაზავტოტრანსში“ მუშაობდა და მან ნათესავი ქალი სწორედ ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

გარდა საქართველოში ჩატარებული გამოკითხვებისა, ყაზახი გამომძიებლები უკვე ყაზახეთში გამოკითხავენ საქმის მთავარ მოწმეებს, მათ შორის, ყაზახურ-ქართული საავტომობილო ფირმის დამფუძნებელს აიდოს შაიმერდენოვსა და მის თანამშრომელს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გვეუბნება აიდოს შაიმერდენოვის ადვოკატი მაია უსტარაშვილი.

ყაზახეთის მოქალაქე ნურსულთანში უახლოეს დღეებში უნდა გაემგზავროს. მოწმის სტატუსის მქონე ყაზახეთის მოქალაქის ადვოკატი, მაია უსტარაშვილი გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შესაძლოა სტატუსი შეეცვალოს და ის საქმის ერთ-ერთ ბრალდებულად იქცეს:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არანაირი კავშირი არ აქვს შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტთან. ეს ადამიანი თავად არის დაზარალებული. შექმნა კომპანია, პატიოსნად მუშაობდა, ჰყავს კომპანიონები, არანაირი დანაშაულებრივი ქმედება მას არ ჩაუდენია. ეს ადამიანები, ბესიკი და მურატი, შემთხვევით გაცნობილი ადამიანები არიან, რომლებთანაც საქმიან ურთიერთობაში ჩაება, მას ამ ადამიანებთან არანაირი კონტაქტი, გარდა სამსახურისა, არ ჰქონია, მისთვისაც კი უცნობი იყო, რა მოხდა. გოგონას გარდაცვალების ფაქტიც მეორე დღეს შეიტყო ერთ-ერთი თანამშრომლისგან. რაც შეეხება გაუპატიურების საკითხს, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება ყველა დეტალზე ვილაპარაკო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გამომძიებლებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც კი მის საქმიანობას უკავშირდება საქართველოში ჩამოსვლის დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ყაზახეთშიც მიმდინარეობს, მან ყაზახეთში უნდა მისცეს ჩვენება. მას უწყება უკვე ჩააბარეს. მასთან ერთად გამოძახებულები არიან ასევე საქმის სხვა მოწმეები და თანამშრომლები. ჩემს კლიენტს ტრეფიკინგთან არანაირი შეხება არ აქვს. სხვას არ ვიცი, მაგრამ ჩემს კლიენტს - არა“.

ყაზახი გამომძიებლები საქართველოს, სავარაუდოდ, 21 ან 22 მაისს დატოვებენ.

XS
SM
MD
LG