რა ხდება?
ისრაელის მხრიდან ორშაბათს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში ქუჩები სავსეა ნანგრევებითა და დამწვარი მანქანებით. ღაზის ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, დაღუპულია 53 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი; 300-ზე მეტია დაჭრილი.
1 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს პალესტინელმა მებრძოლებმა, ისრაელის ინფორმაციით, ძირითადად თელ-ავივისკენ, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულებს შორის არიან, სავარაუდოდ, 52 წლის მამა და 16 წლის ქალიშვილი, რომელთა მანქანასაც რაკეტა მოხვდა.
ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან გატყორცნილი რაკეტებიდან 850 ან დაეშვა ისრაელში, ან ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გადაიტაცა. 200 რაკეტა უკან ღაზაში დაეცა.
„სამოქალაქო ომმა იფეთქა [ქალაქ] ლოდში“ - ასე შეაფასა ძალადობრივი სიტუაცია შერეულ არაბ-ებრაულ ქალაქში მერმა, იაირ რევივომ.
ლოდში - სადაც ისრაელელი არაბების პროტესტი ამბოხში გადაიზარდა - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოქალაქეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციას, ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგებსა, ებრაულ სკოლებსა და მანქანებს.
დაძაბულობა ყოველთვის მაღალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის - რომლებიც აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და იორდანეს დასავლეთ ნაწილში ერთად ცხოვრობენ. თუმცა უკანასკნელი კვირების ძალადობა სისხლიან ბრძოლაში გადაიზარდა.
რამ გამოიწვია ესკალაცია?
ყველაფერი უკავშირდება ისრაელის ნახვარსაუკუნოვან სამხედრო ოკუპაციას და პალესტინელებში დაგროვებულ ბრაზს.
პალესტინელები - რომელთაც 2006 წლის შემდეგ არჩევნები არ ჰქონიათ - ასევე, გააღიზიანა 85 წლის ლიდერის, მაჰმუდ აბასის მიერ დაგეგმილი არჩევნების გადადებამ.
ამასთან, მარტში გამართული ისრაელის არჩევნები წარმატებული აღმოჩნდა ულტრამემარჯვენეებისთვის - ებრაელთა ულტრანაციონალისტური პარტია, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ბლოკში, პარლამენტში აღმოჩნდა.
ერთი თვის წინ, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანი დაიწყო. პალესტინელები ჩიოდნენ, რომ ისრაელის პოლიცია „უსარგებლოდ მკაცრ შეზღუდვებს“ აწესებდა და მათ „ძველი ქალაქის“ კიბეებზე შეკრების უფლებას არ აძლევდა.
დაძაბულობის ზრდის პარალელურად, გახშირდა დაპირისპირებები ებრაელ და პალესტინელ მოქალაქეებს შორის. აპრილის ბოლოს, ულტრამემარჯვენე ისრაელელებმა მოაწყვეს მარში, რომელზეც სკანდირებდნენ - „სიკვდილი არაბებს“.
შეიხ ჯარას გამოსახლებები
ორშაბათს, ისრაელის სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, გამოასახლებდნენ თუ არა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძირითადად არაბებით დასახლებულ უბანში, შეიხ ჯარაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, და გადაეცემოდა თუ არა მათი სახლები ებრაელ ახალმოსახლეებს.
ისრაელის კანონით, ებრაელებს, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში ქონებას ფლობდნენ, შეუძლიათ დაიბრუნონ საკუთრება. ასეთი კანონი არ არსებობს პალესტინელებისთვის, რომელთაც სახლები დაკარგეს დასავლეთ იერუსალიმში. მათი თქმით, ისრაელი კანონს იყენებს იმისათვის, რომ იერუსალიმის მოსახლეობის უმეტესობა ებრაელი იყოს.
სასამართლო ორჯერ გადაიდო, თუმცა შეიხ ჯარას გამოსახლებებთან დაკავშირებით, პალესტინელები პროტესტს გამოხატავდნენ. მათ შორის, იყო დაპირისპირება ისრაელის პოლიციასთან.
ალ-აქსის მეჩეთის რეიდი
პარასკევს, ათობით ათასი მუსლიმი მრევლი შეიკრიბა ალ-აქსის მეჩეთის მიმდებარედ - რომელიც მესამე უწმინდესი ადგილია მუსლიმთათვის - რამადანის ბოლო პარასკევის ლოცვისთვის. ბევრი მათგანი გამოსახლებებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დარჩა.
ისრაელის პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი, დემონსტრანტებმა კი პოლიციას ქვები დაუშინეს.
ორშაბათს, ისრაელის პოლიცია კვლავ შევიდა ალ-აქსის კომპლექსში და გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ბომბები მომლოცველების წინააღმდეგ. დაიჭრა 300-მდე პალესტინელი და 20 ისრაელელი პოლიციელი.
რეიდის შემდეგ, ჰამასმა - ექტრემისტულმა ჯგუფმა, რომელიც ღაზას აკონტროლებს - ულტიმატუმი მისცა ისრაელს, გამოეყვანა სამართალდამცველები კომპლექსიდან და შეიხ ჯარას უბნიდან. ულტიმატუმის არშესრულებიდან რამდენიმე წუთში, ღაზიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
რამდენად განსხვავდება ახლანდელი ძალადობა წარსულში დაპირისპირებისგან?
ისრაელსა და პალესტინაში სრული სიმშვიდე არასდროს ყოფილა, დაძაბულობის სხვადასხვა ეპიზოდის შედარება კი რთულია. თუმცა მსგავსი სიტუაცია წარმოიშვა 2017 წელს, როცა ისრაელმა მეტალო-დეტექტორები დააყენა ალ-აქსის მეჩეთთან. ეს იყო ყველაზე სისხლიანი რამდენიმე კვირა, 2014 წლის ომის შემდეგ ისრაელსა და ჰამასს შორის.
რა არის აღმოსავლეთი იერუსალიმი?
1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ორი ათწლეულის მანძილზე, იერუსალიმი გაყოფილი იყო - აღმოსავლეთს იორდანიელები აკონტროლებდნენ, დასავლეთს - ისრაელელები. თუმცა აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს იერუსალიმის „ძველი ქალაქი“ და მისი წმინდა ადგილები როგორც ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის, ასევე ებრაელებისთვის.
1967 წლის ომში ისრაელმა დაიკავა აღმოსავლეთ იერუსალიმი და მთელ ქალაქზე დაამყარა კონტროლი. ისრაელი ამტკიცებს, რომ იერუსალიმი ერთია, თუმცა რეალურად ქალაქი დაყოფილია ებრაელებისა და არაბების უბნებად.
საერთაშორისო სამართლით აღმოსავლეთ იერუსალიმი, დასავლეთ ნაპირი და ღაზა ოკუპირებული ტერიტორიებია.
პალესტინელებისთვის აღმოსავლეთ იერუსალიმი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქია.
რას ამბობს მსოფლიო?
შეიხ ჯარას გამოსახლებები ფართოდ გააკრიტიკეს მსოფლიოში.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ მთავარია დეესკალაცია და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმის კურსშია სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვჯერა, რომ პალესტინელები და ისრაელელები იმსახურებენ თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსებისა და გამჭვირვალობის თანაბარ შესაძლებლობებს“, - თქვა ბაიდენის წარმომადგენელმა. „აშშ-ის ხელისუფლება უკანასკნელი კვირების განმავლობაში გულწრფელად ელაპარაკა ისრაელის ხელისუფლებას იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი საერთო ინტერესებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის მიღწევას პალესტინელი ოჯახების გამოსახლებები, რომლებიც წლების, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ საკუთარ სახლებში“.
ევროპულმა კომისიამ ასევე დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა შესაძლო გამოსახლებების გამო.
„ასეთი ქმედება უკანონოა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით და მხოლოდ წყალს ასხამს დაძაბულობას“.