თანამშრომლობენ თუ არა ყაზახეთისა და საქართველოს საგამოძიებო უწყებები 26 წლის ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე, რომელიც 5 მაისს, თბილისში, კედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს? აპირებს თუ არა ყაზახური მხარე ოჯახის მიერ, ასსელის გაუპატიურებაში დადანაშაულებული ყაზახეთის მოქალაქის, მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემას, როგორც ამას გარდაცვლილი ქალის ოჯახი მოითხოვს? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით, არც ოჯახს აქვს, არც ოჯახის ადვოკატს და არც ყაზახ და ქართველ ჟურნალისტებს.
რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიურო 12 მაისს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეში, ყაზახეთის მხარის მონაწილეობის შესახებ კითხვა დაუსვა, თუმცა, როგორც ჩვენი ყაზახი კორესპონდენტი გვეუბნება, საგარეო საქმეთა სამინისტროში მათ მოკლე პასუხი გასცეს: „გამოძიებას საქართველო აწარმოებს. ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთდება“.
სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა სიძემ, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.
მურატ მეირბეკოვი, ამჟამად, სავარაუდოდ, ყაზახეთში იმყოფება. მან საქართველო ასსელის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, 4 მაისს დატოვა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის თქმით, სწორედ მურატის მოწვევითა და დახმარებით ჩამოვიდა ასსელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ 27 აპრილს. რამდენიმე დღეში კი ის გარდაცვლილი იპოვეს. მურატ მეირბეკოვი რუსთავში, ახლად დაფუძნებულ ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, „ყაზავტოტრანსში“ მუშაობდა და მან ნათესავი ქალი სწორედ ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
ორგანიზაცია "საფარის" იურისტი და ოჯახის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ტრეფიკინგის მიმართულებითაც. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები იკვლევენ იმ კომპანიის საქმიანობის დეტალებს, რომელშიც ასსელი მუშაობდა.
ადვოკატი ამბობს, რომ 10 მაისს, საქართველოში, შვილის გარდაცვალების საქმის მასალების გასაცნობად ჩამოსულმა დედამ, გამოკითხვის ოქმში პირდაპირ მიუთითა, რომ მისი შვილი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო:
„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ეჭვი და პოზიცია გამოძიებასთან, რომ ის ფირმა, სადაც ასსელი მუშაობდა, რეალურად სხვა საქმით არის დაკავებული. ვიცი, რომ გამოძიება ამ კუთხით მუშაობს. მათ გამოთხოვილი აქვთ ინფორმაცია ფირმასთან დაკავშირებით. რა საქმიანობას ეწეოდა ეს კომპანია, ასრულებდა თუ არა იმ ფუნქციას, რა ფუნქციითაცაა დარეგისტრირებული, ანუ, ვაჭრობდა თუ არა მანქანებით. ამ კითხვებზე პასუხს, იმედია, გამოძიების მსვლელობისას, უახლოეს მომავალში შევიტყობთ“.
მურატ მეირბეკოვს 10 მაისს, ყაზახეთში, „ტელეგრამის“ საშუალებით დავუკავშირდით. ის მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „მიმდინარეობს გამოძიება, არ მაქვს უფლება, გავახმაურო ეს ინფორმაცია. არ შემიძლია არაფრის თქმა, მიმართეთ პოლიციას“. ამის შემდეგ, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცი, ყაზახეთის საგამოძიებო უწყებებმა გამოკითხეს. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველოს გამოძიებას მურატ მეირბეკოვი არ დაუკითხავს. საქმის მასალებში მისი გამოკითხვის ოქმი არ დევს.
ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ასსელის გარდაცვალების საქმისთვის სწორი კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აუცილებელია, ქართულმა მხარემ მურატ მეირბეკოვის გამოკითხვა მოითხოვოს:
„ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. გამოძიების ამ ეტაპზე, ასსელის დედის ჩვენების თანახმად, რომელიც მან 10 მაისს მისცა ქართულ საგამოძიებო უწყებას, 26 წლის ქალის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის სწორედ მურატს. ასე რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებამ მისი გამოკითხვა, იქნება ეს ნებაყოფლობითი თუ იძულებითი, უნდა უზრუნველყოს. მის მიმართ უამრავი კითხვაა. ყველა ეს კითხვა ან უკვე გადაგზავნილი უნდა იყოს ყაზახეთში, საგამოძიებო უწყებებში, რათა იქ დაიკითხოს ეს პირი, ან ქართულმა მხარემ თავად უნდა გამოკითხოს ეს პირი. მთავარია, რომ ქართულმა მხარემ ეს მოინდომოს“.
12 მაისის მონაცემებით, 26 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე, ბესიკ თორდიაა დაკავებული. 56 წლის კაცი გამოძიებამ 6 მაისს დააკავა და მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით), რაც სასჯელის სახედ 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ნინო ანდრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაფართოვდეს როგორც ბრალდებულთა წრე, ისე საქმეს შეეცვალოს კვალიფიკაცია და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ქართულენოვანი აუდიო-ჩანაწერი, რომელიც ადვოკატს მიაწოდეს
ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას ცოტა ხნის წინ მიაწოდეს აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც ამ დროისათვის სწავლობს, იკვლევს, ვის მიერ და როდისაა ჩანაწერები გაკეთებული და გეგმავს, რომ გამოძიებას მიმართოს შუამდგომლობით, მოხდეს ამ მასალების საქმეზე დამაგრება მტკიცებულებების სახით. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ქართულენოვანია:
„ყაზახეთიდან მომაწოდეს დამატებით მასალები. შემიძლია ვთქვა, რომ ჩანაწერი ქარულენოვანია, თუმცა, ვინ მოიპოვა და როდის არის ჩანაწერი გაკეთებული, არ ვიცი. ახლა ველი პასუხს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი, რომელშიც ქართულენოვანი ქალი ლაპარაკობს. ვიდეო-აუდიო ჩანაწერებსა თუ სხვა დოკუმენტაციას, რომელიც ჩემს ხელთაა, მივაწოდებ გამოძიებას. აქედან გამომდინარე, როდესაც მექნება კონკრეტული წყარო, თუ ვის მიერაა ეს მასალები მოპოვებული, ვინ არის აღბეჭდილი ვიდეოზე, მივმართავ გამოძიებას და მოვითხოვ მტკიცებულების სახით საქმეზე მასალების დამაგრებას. ასეთი მასალები არსებობს, მე ახლა ველოდები დეტალების დაზუსტებას“.
26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიო ჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიო ჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.
26 წლის ასსელ აეტპაევა საქართველოდან სამშობლოში 11 მაისს დედამ გადაასვენა. ნურსულთანის აეროპორტში ასსელის ცხედარს ოჯახის წევრები დახვდნენ. ასსელის ბებიამ, რისბალა კაბიდენოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა: „მას არ შეეძლო თავის მოკვლა. ჩაატარონ პატიოსანი გამოძიება, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ ისინი“.
ასსელს 13 მაისს ნურსულთანის მახლობლად, სოფელ კაბანბაი ბატირაში დაკრძალავენ.