მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან მომდინარე ზეწოლა, რადგან ელიჯარაშვილი და ივანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდის წევრები არიან.
ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ „თანამდებობებს არ არიან გამოკერებული“ და მიდიან იმისთვის, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლონ.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, განაცხადა, კი არ გადადგნენ, უსაქმურობის გამო გადავაყენეო...
ისინი გორის მერს მოუწოდებენ თანამდებობიდან არ გაათავისუფლოს ის თანამშრომლები, რომლებიც ასევე გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან. ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებობს იმ თანამშრომლების სია, რომელთა გათავისუფლებასაც ახლო მომავალში აპირებენ.
მეორე ყოფილი ვიცე-მერი კი, პაატა ივანიშვილი, აცხადებს, რომ გახარიას გუნდთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლებს და ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდება.
ყოფილი მოადგილეების პასუხად, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, განაცხადა, კი არ გადადგნენ, უსაქმურობის გამო გადავაყენეო.
მისი თქმით, ბოლო ხანებში მოადგილეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, მხარდამჭერი საქმიანობით და სხვა თანამშრომლების გადაბირებით იყვნენ დაკავებული.
გორის მერიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გიორგი ხოჯევანიშვილმა გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შესახებ განაცხადა.
დღესვე თანამდებობიდან გადადგა ხაშურის ვიცე-მერი, ზურაბ როსებაშვილი. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება მას მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ მოსთხოვა. როსებაშვილი ხაშურის ვიცე-მერად 2019 წელს ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის, რეკომენდაციით დანიშნეს. როსებაშვილი ამბობს, რომ ხოჯევანიშვილთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს თანამდებობა. ზურაბ როსებაშვილს ხოჯავანიშვილების ოჯახთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს - ის დეპუტატის მამის ბიზნესპარტნიორი იყო და ურთიერთობას ამ ოჯახთან ახლაც აგრძელებს.
გორის მერიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გიორგი ხოჯევანიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შესახებ განაცხადა. ხოჯევანიშვილს „ქართული ოცნების“ შიგნით ჰყავდა გარკვეული გუნდი მომხრეებისა, რომლებიც მერიასა და საკრებულოში მუშაობენ. ცოტა ხნის წინ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, რომ მათ მხარდამჭერებზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ზეწოლას ახდენენ, დღეს კი გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ვიცე-მერებმა თანამდებობები დატოვეს.
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მასა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის. გახარიასთან ერთად თანამდებობიდან გადადგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, პარლამენტარის ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და, აგრეთვე, გახარიას მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. მოგვიანებით გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე. ხოჯევანიშვილებს, ანანიაშვილებს და საბანაძეებს ერთმანეთთან ნათესაური კავშირები აქვთ. ამ კავშირშია ერასტი ელიჯარაშვილიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გახარიას გუნდიდან გორის მერობაზე გორის ყოფილი ვიცე-მერის, ერასტი ელიჯარაშვილის, კანდიდატურა განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ახალი პარტიის პრეზენტაციას მაისში გამართავს. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე კიდევ არაერთი მოხელე და მმართველი პარტიის წარმომადგენელი გადავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში.