მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ხალხი მასობრივად გაიწვიეს საბრძოლველად, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ომში წასვლა არ სურდა. მიზეზი შეიძლება მრავალი ყოფილიყო, უბრალო შიშით დაწყებული იდეოლოგიით დასრულებული. ომის დეზერტირებს საბჭოთა რეჟიმი ყველგან ეძებდა და სამაგალითოდ სჯიდა.
„გაიყვანეს და პირდაპირ დახვრიტეს ზღვაზე“, - სოსო ტუხაშვილი, რომელიც ქერჩში იბრძოდა ყვება, რომ დეზერტირობის შემთხვევები ცოტა არ იყო, - „ქერჩში შვიდი თვე დღე-და ღამე მიწაში ვისხედით. ყირიმი როგორი ადგილია იცით? მთაგორიანი. აგერ ჩვენ ვართ და 10-15 მეტრში ხევი ჩამოდის. იქ უკვე გერმანელები არიან. შეაჩნიეს, რომ ერთი ოფიცერი ღამე გერმანელებთან გადადიოდა და დილით ისევ ბრუნდებოდა. დააკვირდნენ, ფაქტზე დაიჭირეს და საღამოს დაგვიძახეს ოფიცრებს. ზღვასთან დახვრიტეს ჩვენს თვალწინ. ასეთი კანონები იყო“.
ვეტერანი იხსენებს, რომ თუ საბჭოთა ჯარისკაცს დეზერტირობას შეამჩნევდნენ, მას საჯარიმო ბატალიონში უშვებდნენ, რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა. წინა ხაზზე ბრძოლა, თავის მხრივ, ნიშნავდა იმას, რომ ჯარისკაცს გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა.
რატომ გარბოდნენ?
საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ყვება, რომ ზოგი ცდილობდა ფრონტისთვის თავი აერიდებინა, გარბოდნენ ტყეში, იმალებოდნენ, მოგვიანებით კი რაზმებად ერთიანდებოდნენ.
დეზერტირობა სერიოზული პრობლემა განსაკუთრებით 1941-1942 წლებში იყო, როცა წითელი არმია მუდმივად უკან იხევდა. ფრონტის ხაზი კავკასიას უახლოვდებოდა, რამაც ბევრს შეუქმნა ილუზია, რომ ნაცისტური გერმანია საბჭოთა რეჟიმს დაამხობდა. ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მაშინ საზოგადოებას ფაშიზმზე სათანადო წარმოდგენა არ გააჩნდა, ინფორმაციას იღებდნენ მხოლოდ საბჭოთა რეჟიმისგან, რომლის მიმართაც ნდობა ნაკლები იყო, ამიტომ ნაცისტური გერმანიაში რაღაც გაგებით მხსნელიც კი დაინახეს, რის გამოც დეზერტირების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
„განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში გახშირდა დეზერტირობა, მთელი ჯგუფები გარბოდნენ. იგივე ხდებოდა დასავლეთშიც. შეიარაღებული ჯგუფები ტყეში გადიოდნენ და შემდეგ მათ საბჭოთა რეჟიმი ებრძოდა. ხშირად ამის გამო დეზერტირების საჩვენებელი დახვრეტებს აწყობდნენ, მათთან ერთად ეძებდნენ და ხვრეტდნენ გერმანელების მიერ გადმოსხმულ დივერსანტ პარაშუტისტებსაც“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
საქართველოში დეზერტირების რიცხვი შეიძლება რამდენიმე ასეული ყოფილიყო, თუმცა მათი რაოდენობა საგანგებოდ არავის დაუთვლია. რეჟიმი მათ მიმართ დაუნდობელი იყო არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. მკვლევარი ამბობს, რომ ყოფილ დეზერტირებს 50-იანი წლების დასაწყისამდეც კი აპატიმრებდნენ და გადასახლებაში უშვებდნენ.
საკუთარ სახლში დამალული
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე იხსენებს იანის პინუპსის შემთხვევას. ლატვიელი ჯარისკაცი ომის დროს ფრონტიდან გამოიქცა და საკუთარ სახლში ათეულობით წელი იმალებოდა. იანმა თავი გაამჟღავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლატვია დამოუკიდებელი გახდა, ისიც არა მაშინათვე, არამედ 1995 წელს. ამ დროისთვის ის უკვე 70 წლის იყო.
„გარდა სამხედრო დეზერტირებისა, იყვნენ ასევე დეზერტირები, რომლებიც შრომას გაურბოდნენ, განსაკუთრებით სამხედრო ქარხნებში. გარდა ჯოჯოხეთური სამუშაო პირობებისა, სავარაუდოდ მათ ისიც არ სურდათ, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო გაძლიერებაში შეეტანათ წვლილი. მაგრამ რადგანაც საბჭოთა კავშირს სამუშაო ძალა სჭირდებოდა, ამ სახის დეზერტირებს მაინც აპატიეს“.
ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ მიუხედავად სამხედრო დეზერტირებისადმი მკაცრი დამოკიდებულებისა, ომის პერიოდში და მას შემდეგ იყო ადამინების კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი კიდევ უფრო დაუნდობლად მოექცა. ეს გახლდათ ის ჯარისკაცები, ვინც გერმანელებს ჩაუვარდნენ ტყვედ. ტყვეთა ბანაკებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებული ჯარისკაცები საბჭოთა რეჟიმმა ან ფიზიკურად გაანადგურა ან გადაასახლა ციმბირში, სადაც ისინი სტალინის სიკვდილამდე იმყოფებოდნენ.