დეკანოზი, რომელსაც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მძღოლი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ამბობს, რომ მომხდარი ეკლესიის გარეთ არ უნდა გამოსულიყო და ჩივილს არ აპირებს.
ეკლესიაში მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქ არსებული დაძაბულობის, კონფლიქტების, ხმაურის გამო - იმოქმედებს თუ არა ეკლესიის წიაღში მიმდინარე გარჩევები და დაპირისპირებები მის ავტორიტეტსა და გავლენაზე, დრო აჩვენებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობით სარგებლობს - სასულიერო პირებს შორის თითქმის ვერავინ ბედავს ილაპარაკოს იმაზე, რა პრობლემებიცაა სისტემის შიგნით. ვინც კითხვებს სვამს, მას სჯიან. ეკლესიას არც მედიის ყურადღება მოსწონს. სააღდგომო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ თქვა, რომ მედია ეკლესიის ინსტიტუციონალურ დისკრედიტაციას ცდილობს და ეს არ მოსწონს.
„ეს არის მსვლელობა თვითგანადგურებისკენ, მაგრამ სანამ ფსკერს საბოლოოდ მიაღწევენ, უფრო და უფრო საშიში იქნება მათი ბატონობა, როგორც ურჩხულის მიერ ბოლო კუდის მოქნევა. არ შეიძლება, ასეთი მაფიოზური დაჯგუფების ბრმა თაყვანისცემა მოდებული იყოს საზოგადოებაში ისე, როგორც ჩვენთან არის”, - ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე. მან წლების წინ საჯაროდ თქვა უარი მღვდელმსახურის წოდებაზე მას შემდეგ, რაც სისტემის შიგნით კრიტიკა უშედეგო აღმოჩნდა. ბასილ კობახიძემ სხვადასხვა წყაროდან იცის, რაც მოხდა გუშინ რუის-ურბნისის ეპისკოპოსის რეზიდენციაში და ამბობს, რომ ნაცემი მღვდელი არასწორად იქცევა, როცა მასზე ძალადობის შემთხვევას მედიასთან „შელამაზებულად” ჰყვება და უარს ამბობს მოძალადის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. მისთვის ეს სიმხდალეა, რაც საკუთარი პრივილეგიების დაკარგვის შიშით არის განპირობებული.
რა მოხდა რუის-ურბნისის ეპისკოპოს იობის რეზიდენციაში
მიტროპოლიტ იობთან გიორგობის დღესასწაულზე სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ დეკანოზმა ეპისკოპოსის მიმართ, როგორც თვითონ ამბობს, „უდიერი განწყობა” გამოხატა, უფრო კონკრეტულად კი თქვა, რომ მის ნახვას გველის ნახვა ერჩია. დეკანოზი ამბობს, რომ მას მხოლოდ მძღოლი გაუსწორდა, ბასილ კობახიძე კი თავის წყაროებზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ჩხუბს, რომელშიც მეუფე სვიმეონიც მონაწილეობდა, ესწრებოდა მიტროპოლიტი იობი, რამდენიმე სასულიერო პირი და დეკანოზს არა მხოლოდ ხელით შეეხნენ, მისგან დამამცირებელი ფორმით მოითხოვეს ბოდიშის მოხდა.
„ეს არის ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად. არავითარი გამოხმაურება და სხვადასხვა ინტერპრეტაცია ამისთვის საჭირო არ არის. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა. თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არა მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს“, - ასე ჰყვება თავად ძალადობის მსხვერპლი, მამა თეიმურაზი ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომხდარის შესახებ.
„ღირსეულია მამა თეიმურაზ თათარაშვილის პოზიცია. თავმდაბლობასა და მიმტევებლობაში ჩანს მისი ეკლესიური ერთობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება”, - ასე შეაქო საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ ნაცემი დეკანოზი.
„რასაც დეკანოზი თეიმურაზი ლაპარაკობს საჯაროდ, არის ტყუილი”, - ამბობს ბასილ კობახიძე. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოძალადე მძღოლი ეპისკოპოს სვიმეონის ახლო ნათესავია და თავისთავად ის ფაქტი, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ახლობლებს და ოჯახის წევრებს ასაქმებენ ეკლესიაში, ჯანსაღი პროცესი არ არის. ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიან ეპარქიაში ახლად მისულმა მეუფე სტეფანემაც ძმა წარადგინა საქმის მწარმოებლად მონასტრების გადაბარებისას და ეს გავრცელებული პრაქტიკააო, ამბობს ბასილ კობახიძე.
ეპისკოპოსი სვიმეონი მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის სანდო პირთა წრეს წარმოადგენს. მან აღკვეცა 23 წლის ასაკში ბერად და მანვე „შეუქმნა საეპისკოპოსო“. ხაშურ-სურამის ეპარქია რუის-ურბნისის ეპარქიის გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ეპარქიაა, რომლის ეპისკოპოსადაც სვიმეონი მცირე ასაკში, საეკლესიო კანონების დარღვევით დაინიშნა.
ახალგაზრდა მღვდელმთავარი მართავს ხაშურში მდებარე საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს და არის ხაშურში ბანას მსგავსი ტაძრის აშენების ინიციატორი. ამ იდეის დამუშავებაში სასულიერო პირებთან ერთად ჩართული იყო მეცნიერებათა აკადემია.
დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილზე ძალადობა არ არის რუისისა და ურბნისის ეპარქიაში ძალადობის პირველი შემთხვევა, რომელშიც სასულიერო პირები მონაწილეობენ. 2020 წელს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს სასულიერო პირი ყინწვისის მონასტრიდან, რომელიც სხვა სასულიერო პირებთან დაპირისპირების შემდეგ, იარაღით შეიარაღებული სოფლის გზაზე თავს დაესხა ამავე მონასტრის ბერებს.
არც რუის-ურბნისის ეპარქიაა ის ერთადერთი ადგილი, სადაც სასულიერო პირების „საქმეებს არჩევენ“. ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბული ვითარებაა ჭყონდიდის ეპარქიაში, დავითგარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულ ივერი მელაშვილს და „მთავარის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ სტუმრად ჩასულმა სასულიერო პირებმა. სასულიერო პირების მონაწილეობით ჩხუბი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ თითქმის არასოდეს დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიება ან არ იწყება, ან იწყება და უვადოდ გრძელდება დამნაშავეების დაუსჯელად.
„ესეც შერჩებათ. საზოგადოება მიაჩნიათ ნახირად. ერთადერთი, რაც მათ ხელს უშლის, არის მედიის პროჟექტორი. მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ მიდგომას შეცვლის, რაც არის ეკლესიის მიმართ. თაობების ცვლასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ნელი პროცესი იქნება”, - ამბობს ბასილ კობახიძე.