დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო წნეხის საფუძველზე მოუწევს ამნისტიის საკუთარი პროექტიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ეწინააღმდეგება და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპატიმროში დატოვებას ისახავს მიზნად.
- როგორ ჩაერევიან და საერთოდ, ჩაერევიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები შეთანხმების შესრულების პროცესში?
საერთაშორისო წნეხის იმედი
პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ, 5 მაისს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას შეეხებოდა და რომ ამ კუთხით გადამწყვეტი როლი ეკისრება საკანონმდებლო ორგანოს, სადაც დებატები უნდა მიმდინარეობდეს.
პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად კი, კუჭავა თავის მხრივ დაჰპირდა ელჩს, რომ „პირადად გაუწევს მონიტორინგს“, რომ „დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს“.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების პროცესს ბარიერები პირველსავე ნაბიჯებზე შეხვდა. ხელმოწერიდან თითქმის 20 დღის შემდეგ, შეთანხმების გეგმიდან, სადავო ამნისტიის პროექტების ინიცირების გარდა, პარლამენტში ჯერჯერობით სხვა არაფერი შესრულებულა.
საკანონმდებლო ორგანომ ვერც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ინიცირებული ორი პროექტის ბიუროს სხდომაზე გატანა და დარეგისტრირება მოასწრო, COVID-19-თან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ხანგრძლივი უქმეების გამო.
წინასწარი ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესს თვეზე მეტი დასჭირდება.
„შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმომწერი ოპოზიციონერები თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული და ჯერ ისევ ოფიციალურად გამოუქვეყნებელი კანონპროექტი, ამ შეთანხმების პრინციპებს ეწინააღმდეგება და პროცესი აუცილებლად მოითხოვს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებასა და წნეხს.
- „დავიწყეთ აქტიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და შემიძლია დარწმუნებით ვივარაუდო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ვერსია არ იქნება ის საბოლოო ვერსია, რომელიც დამტკიცდება... ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით მეშვეობით ვაიძულებთ მათ, რომ გადახედონ საკუთარ პოზიციებს“ - სალომე სამადაშვილი, დეპუტატი;
- „ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, და ასევე, ჩავრთოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმების სულისკვეთებას“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელოს“ დეპუტატი.
ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის აუცილებლობას ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, რომელსაც ხელი არ მოუწერია „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“.
ენმ-ის წევრი, ნიკა ობოლაძე გვეუბნება, რომ „ოცნების“ ამნისტიის პროექტის ამჟამინდელი ვარიანტი მელიას საპატიმროში დატოვების მექანიზმია.
„მჯერა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეთანხმებაზე ხელი იმის გამო არ მოუწერიათ, რომ ამნისტიის მიღებით მელია ციხეში ჩარჩეს, ხოლო დამნაშავეები გათავისუფლდნენ.
მაგრამ ახლა, მათ უნდა სცადონ და მედიატორებთან ერთად გაარკვიონ, ითვალისწინებს თუ არა შეთანხმება ამგვარი შინაარსის ამნისტიის მიღებას...
თუკი ხელისუფლებამ გაიტანა ამნისტიის თავისი ვარიანტი, რაშიც ეჭვი მეპარება, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რჩება თუ არა ამ შეთანხმების ხელმომწერად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა ობოლაძემ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს; ამნისტიაზე უარის თქმის შესაძლებლობის პროექტში ასახვა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა და რომ ოპოზიცია ამ ჩანაწერს მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკური მიზნების გამო არ ეთანხმება.
„თუკი ნიკა მელია არც უარყოფით და არც დადებით პოზიციას გამოხატავს; არანაირ პოზიციას თუ არ გამოავლენს... აი, ბოიკოტს თუ გამოუცხადებს ამნისტიის პროექტს, ამ შემთხვევაში მას ამნისტია შეეხება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
უცვლელი პოზიცია და ციხეში დარჩენის ფორმულა
თანაგუნდელებმა პარტიის დაპატიმრებული თავმჯდომარე რუსთავის ციხეში 6 მაისსაც მოინახულეს და ამბავი გამოიტანეს, რომ ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია - ის ძველებურად ეწინააღმდეგება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ფართო ამნისტიას, რაც სამართალდამცველებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
ენმ-ის თავმჯდომარე თავიდანვე სწორედ ამნისტიის კანონის უკან გაწვევას უკავშირებდა „ევროკავშირის გირაოს მექანიზმით“ სარგებლობის პერსპექტივასაც.
რა არის სადავო?
ექსპერტების განმარტებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ნიკა მელიას არჩევანს არ უტოვებს:
- მართალია, ამნისტიას ოფიციალური თანხმობა არ ესაჭიროება, თუმცა თანხმობად ჩაითვლება - თუკი ბრალდებული ოფიციალურ უარს არ იტყვის ამნისტიაზე;
- ხოლო თუკი უარს იტყვის, ის საპატიმროში დარჩება და, ამ უარის უკან წაღების გარეშე, ვერ ისარგებლებს ამნისტიით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „უარის თქმასთან თუ უსიტყვო თანხმობასთან“ დაკავშირებული ამგვარი ჩანაწერი მათ ძველ ამნისტიებში არ ახსენდებათ.
მისი განმარტებით, მართალია, ბრალდებულისთვის არჩევნის მიცემა იურიდიულ ხარვეზებს არ შეიცავს, მაგრამ საიას თავმჯდომარეს ესმის გაჩაღებული დისკუსიის მიზეზიც, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამგვარ ჩანაწერს პოლიტიკურად, დისკრედიტაციის მიზნით, ბრალდებულის წინააღმდეგ იყენებდეს.
ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამნისტიაზე უარის თქმის შემთხვევაში, „ოცნების“ პროექტის თანახმად:
- ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნით, განაჩენის გამოტანამდე მოუწევს;
- რადგან საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გარეშე, მას ამნისტია ავტომატურად ვერ შეეხება და ვერ გათავისუფლდება.
საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა კი, უკვე დიდი ხანია პრობლემურია, მათ შორის - ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმის სავარაუდო ამოქმედებისთვის.
იურისტების განმარტებით, მელია გირაოს გადახდასაც რომ დაეთანხმოს, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ის ამას ვერ შეძლებს - რადგან პატიმრობა აქვს შეფარდებული.
5 მაისს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ „ევროკავშირის გირაოს“ საკითხთან დაკავშირებით „მსჯელობა მიმდინარეობს“ და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
„ლელოში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა არც მათი ინიციატივა ევროპარლამენტის დეპუტატების თავდებობის შესახებ. თუმცა პარტიაში დეტალების გარკვევის საშუალება აღარ მოგვეცა.
საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია
რა სახით ერევიან ან რა ეტაპზე ან რა ფორმით ჩაერევიან საერთაშორისო პარტნიორები ამნისტიასთან დაკავშირებულ პროცესებში - ოპოზიციონერი დეპუტატები არ აკონკრეტებენ და ჯერჯერობით არც საერთაშორისო პარტნიორების კონკრეტული ქმედებები იკვეთება.
ზოგადად კი:
- შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის მზადყოფნა გამოხატული აქვთ როგორც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებს, ასევე ევროპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფსა და ევროკავშირის ქვეყნების ცალკეულ ლიდერებს, მაგალითად - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს.
- მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ითქვა და ამას თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი ახლა უკვე ქართული მხარის საზრუნავია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე დააყენა წინადადება შეთანხმების ტექსტთან ერთად, ამნისტიის პროექტის შედგენასთან დაკავშირებით. თუმცა მედიატორების პოზიცია იყო, რომ - ამნისტიის შინაარსი და დეტალები მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თავად უნდა შეეჯერებინათ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჯერჯერობით პროცესების ბუნებრივ მსვლელობას ადევნებენ თვალყურს და, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამენ.