არის თუ არა საჭირო ნიკა მელიას თანხმობა იმისთვის, რომ საპატიმრო დატოვოს - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" შემუშავებული "ამნისტიის კანონის" გასაჯაროების შემდეგ გაჩნდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჩანაწერი ისე განმარტეს, რომ ეს აუცილებელი პირობაა.
რა წერია "ქართული ოცნების" კანონპროექტში
"სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე".
რას ამბობენ პოლიტიკოსები
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი "ქართული ოცნების" კანონპროექტს ისე განმარტვენ, რომ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად აუცილებელია მისი თანხმობა.
- "ეს ჩანაწერი, რომ პირი თანახმა უნდა იყოს, რომ მასზე ეს ჩანაწერები გავრცელდეს, არის აშკარად და ღიად მიმართული ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით", - სალომე სამადაშვილი, პარლამენტის წევრი, შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგენილი დოკუმენტის ხელმომწერი.
- "ჩანაწერს, რომელიც წინასწარ თანხმობას ითხოვს, არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ხელშეკრულებასთან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მსჯელობის პროცესში ამ საკითხზე იქნება საკუთარი წილი რეაქცია მედიატორებს", - ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგენილი დოკუმენტის ხელმომწერი.
- "ბუნებრივია, ამაზე თუ ნიკა მელიას თანხმობას მოითხოვენ, თანახმა არ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჩადებული ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომ ნიკა მელია დარჩეს ციხეში - ანუ ამნისტია შეეხება ყველას, გარდა ნიკა მელიასი", - ზაალ უდუმაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის არჩეული დეპუტატი.
როგორ განმარტავს ჩანაწერს საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ქართული ოცნების" შემუშავებული კანონპროექტი სამართლებრივი კუთხით კითხვებს არ აჩენს - ქართულ კანონმდებლობაში რაიმე ამნისტიის დროს რაიმე კონკრეტული პროცედურები გაწერილი არ არის. მისი თქმით, ეს პოლიტიკური საკითხია და შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ პოლიტიკურ პროცესია.
"საუბარი არის იმაზე, რომ ბრალდებულმა უარი არ უნდა განაცხადოს ანუ ფაქტობრივად "დუმილით თანხმობა" საკმარისი იქნება. "უარს არ აცხადებს" - ერთგვარად გულისხმობს, რომ თანხმობა უნდა განაცხადოს დუმილის ფორმით", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
როგორ განმარტავს კანონპროექტს "ქართული ოცნება"
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, მიხელ სარჯველაძე ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული "ამნისტიის კანონპროექტით" ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად პირის თანხმობა არ არის საჭირო. კანონპროექტი იძლევა მხოლოდ ამნისტიაზე უარის შესაძლებლობას.
"თუ ისეთ ინტერპრეტაციას მივცემდით, რომ თანხმობას არ ვეკითხებით არავის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩენილიყო არაკონსტიტუციურობის პრობლემა", - უთხრა სარჯველაძემ რადიო თავისუფლებას.
მას კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებაც ვკითხეთ. იყო თუ არა მის გასათავისუფლებად მისვე თანხმობა. კითხვას სარჯველაძემ ასე უპასუხა.
"არ მოეთხოვება თანხმობითვის მიმართვა. [პირიქით] თუ მელია ოფიციალური სახით მიმართავს და იტყვის, რომ არ უნდა მასზე გავრცელდეს კანონი, აი, ამ შემთხვევაში არ შეეხება - ანუ თუ არც თანხმობა განაცხადა და არც უარყოფა, ასეთ შემთხვევაში ასეთი საჭიროება არ დგას".
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი ნორმა ჩადებულია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ "ამნისტიის კანონპროექტშიც".
რა წერია ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში
ოპოზიციის მიერ შემუშავებულ "ამნისტიის პროექტის" მიხედვით, პირს, რომელსაც ამნისტია შეიძლება შეეხოს, უარის თქმის საშუალება ექნება.
"ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს შორის ამნისტიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განსხვავებებია.
"მაგალითად, მელია ზის ციხეში, გამოიცა ამნისტიის კანონი. ჩვენი კანონპროექტით, მელია გამოდის ციხიდან და მერე მიდის სასამართლოში და ამბობს, რომ მას არ უნდა შეხებოდა აგრძელებს დავას. "ქართული ოცნების" კანონპროექტით, მელია ზის ციხეში, გამოსცემენ ამნისტიას და არ გაათავისუფლებენ მას, თუ იტყვის, რომ არ იზიარებს, რომ მასაც შეხებოდა", - ამბობს სამადაშვილი.