Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის უქმეები - ვინ ისვენებს საქართველოში?


4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული, ხოლო 12 მაისს ისედაც უქმე დღე უწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი უქმეები უკვე მეორედ გამოცხადდა.

ეკონომისტებმა სწორედ დაწესებულ უქმეებს დაუკავშირეს იანვარში ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საყოველთაო „დასვენებას“ დასავლეთის განვითარებული ქვეყნები არ აცხადებენ - COVID-19-თან ამგვარ ბრძოლას იქ დამაზიანებელ „ჩაკეტვად“ თვლიან.

მწვავე დისკუსიის საგნად იქცა სამუშაო პროცესის შეჩერება საქართველოს პარლამენტში, სადაც 4 მაისს ბოლო კვირების ყველაზე სადავო კანონპროექტების განხილვა უნდა დაწყებულიყო.

საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო „არდადეგები“ უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველად იყო წლის დასაწყისში, 3-დან 15 იანვრამდე; ხოლო ამჯერად, 4-დან 11 მაისამდე. თუმცა საქართველოში 12 მაისიც უქმე დღეა და, შესაბამისად, უქმეების ვადა კიდევ ერთი დღით ხანგრძლივდება.

  • 4-11 მაისი უქმე დღეებად მთავრობის #175-ე დადგენილების შესაბამისად გამოცხადდა;
  • 12 მაისი უქმეა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იმედის დღედ საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს დააწესა.

გარკვეული გამონაკლისების გარდა, 13 მაისამდე ისვენებს თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და, მთავრობის განცხადებით, უქმეები კერძო სექტორსაც ეხება. თუმცა პანდემიისგან დაზარალებული სავაჭრო და სარესტორნო სექტორები მუშაობას ჩვეულებრივად, ისედაც შეზღუდული გრაფიკით აგრძელებენ.

ექსპერტები გვეუბნებიან, რომ უქმეების გამოყენების ფუფუნება ამ ეტაპზე ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ, რადგან მათი თანამშრომლებისთვის გარანტირებულია ყოველთვიური მოჭრილი ხელფასი და დასვენების დროს, უწყვეტი შემოსავლის პირობებში, დასაკარგიც არაფერი აქვთ.

რა ხდება პარლამენტში?

4 მაისს მწვავე სადისკუსიო თემად იქცა სამუშაო პროცესის შეჩერება საქართველოს პარლამენტში, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტების განხილვა სწორედ 4 მაისს უნდა დაწყებულიყო.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, უქმეების განმავლობაში არ გაიმართება არც ბიუროს სხდომები, არც საკომიტეტო მოსმენები და არც პლენარული სხდომები; ისე კი, დეპუტატები „საჭიროების მიხედვით, მაგალითად, მედიასთან შესახვედრად დადიან პარლამენტში და ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას მიმდინარე კანონპროექტებზეც“.

პარლამენტმა ამ უქმეებზე მუშაობა რიგგარეშე სესიის ფარგლებში არ გააგრძელა, როგორც ეს იანვარში გამოცხადებული უქმეების დროს მოხდა. იანვარში იმართებოდა საკომიტეტო სხდომებიც და რიგგარეშე პლენარული სხდომებიც. 5 და 11 იანვარს პარლამენტმა დაამტკიცა ათამდე კანონპროექტი.

ამნისტიის კანონისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტის გარდა, ასევე დამტკიცდა, მაგალითად, კანონპროექტები:

  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
  • „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
  • „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
  • „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
  • „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“,
  • „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

რატომ არ მუშაობენ ამ უქმეებზე? ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 4 მაისს თქვა, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია ისედაც არასოდეს მუშაობდა და სულ უქმე დღეები იყო მათთვის. „დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება მათთვის“, - თქვა სუბარმა ოპოზიციის პარლამენტში ახლახან შესულ ნაწილზეც.

16 აპრილს, როცა მთავრობამ უქმეების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უქმე დღეები ადამიანების მობილობის შემცირებისა და ვირუსის გავრცელების შეჩერების მეთოდს წარმოადგენს - „ზოგადად, მობილობის დაგდება გახლავთ გაუარესებული ეპიდსიტუაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი“.

მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი აკრძალვები პერიოდულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წესდება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი სახელმწიფო უქმეების გამოცხადება ნაკლებად განვითარებული და „ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი“ ქვეყნების მიერ გამოყენებული პრაქტიკაა.

  • რუსეთში სააღდგომოდ ისევ გამოცხადდა სახელმწიფო უქმეები და, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, 1-დან 10 მაისის ჩათვლით ხალხი არდადეგებზე გაუშვეს;
  • გერმანიაში მწვავე დებატები მოჰყვა აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებული დასვენების დღეების 2 დღით გახანგრძლივების იდეას. შედეგად, კანცლერმა, ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება უკან წაიღო და გაუთვლელი ინიციატივისთვის ბოდიში მოიხადა.

„აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პროცესის შენელება... ხელისუფლებას აწყობს, რომ გაიწელოს, გაიწელოს პროცესი და ბოლოსკენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე თქვას - ვაი, ვეღარ ვასწრებ და რაც არის, ეს იყოსო... მშვიდად არის „ქართული ოცნება“, მისი საარჩევნო ბაზა არ იცვლება - ამ ბაზას ის მეტ-ნაკლებად ეხმარება სოციალური ტრანსფერებით და არც იმაზე ღელავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კვდება და ხალხი საზღვარგარეთ გარბის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი და ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გაჭიანურებული ვაქცინაციის ფონზე, უქმეების გამოცხადების აუცილებლობას ჭიაბერაშვილი სამწუხარო ფაქტს უწოდებს, რადგან მობილობის შემცირების მიზნით გადადგმული ეს იძულებითი ნაბიჯი, მისი აზრით, არასწორი მოქმედებების შედეგია:

„ამჟამად მობილობის მაჩვენებელი მართლაც მაღალია და „our world in data“-ს მიხედვით, პანდემიამდელ ვითარებასაც კი აღემატება. ხალხის სახლში დასარჩენად იძულებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ერთ რამეზე მეტყველებს, რომ არც სათანადო ნდობაა და არც შესაბამისი კომუნიკაცია მთავრობასა და ხალხს შორის და ერთადერთ იარაღად მთავრობას იძულება რჩება. ქვეყნებში, სადაც ხალხი მთავრობას ენდობა, იქ ხალხი, შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, თავად იაზრებს, თუ როგორი მოქცევაა საჭირო მოცემულ მომენტში“.

ვინ ფიქრობს ეკონომიკაზე?

2021 წლის იანვრის სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა და ეს მაჩვენებელი ეკონომისტების ერთმა ნაწილმა სწორედ 3-15 იანვარს გამოცხადებულ უქმეებს დაუკავშირა. ეკონომიკის ექსპერტი, რამაზ გერლიანი ვარდნას მოელის ამჯერადაც, რადგან, მისი თქმით, მსგავსი უქმეების გამოცხადება ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან კლებას იწვევს და შემდეგ ეს შედეგზეც აისახება:

„ისედაც ნახევრად ჩაკეტილი იყო ქვეყანა, კომენდანტის საათის შეზღუდვა ისევ ძალაშია და ახლა ეს უქმეებიც დაგვემატა... ეს ორკვირიანი ჩაკეტვა აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს. ბიზნესი ინერტული გახდება - ტრანსპორტი არ მუშაობს და ყველას არა აქვს ინდივიდუალური ტრანსპორტისა და ტაქსების გამოყენების საშუალება, რადგან დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

გადაადგილების შეზღუდვის დროს მომხმარებლები არც სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს ემატება... ასეთი ტიპის დასვენება მაშინ არის კარგი, როცა ყველა არჩევანი თავისუფლად ხელმისაწვდომია. ეს უქმეები თითქოს პანდემიასთან ბრძოლაში დროის მოგების მიზნით წესდება, მაგრამ ეკონომიკისთვის ძალიან მძიმეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გერლიანი.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მშვიდად არის, რადგან ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ „საქართველოში ეკონომიკური პრობლემების გამო ხალხი პროტესტს გამოხატავს და ქუჩაში გამოვა“.

ვის არ შეეხება მაისის უქმეები?

საქართველოს ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების 23 აპრილის ერთობლივ ბრძანებაში (№01-39/ნ / №1-1/165 / №2-529) ჩამოთვლილია საწარმოები და საქმიანობა, რომლებსაც უქმე დღეები არ შეეხება. ამ სიის შედგენა ამ სამ სამინისტროს მთავრობის #175-ე დადგენილებით დაევალა.

ჩამონათვალში შედის:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის, პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • ფარმაცევტული საქმიანობა.
  • 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • საავტომობილო და სატვირთო გადაზიდვები.
  • სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა.
  • სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
  • სამაშველო საქმიანობა.
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.
  • ნარჩენების მართვა.
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა.
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება.

მთავრობის #176-ე დადგენილების მიხედვით, უქმე დღეები არ ვრცელდება „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე“.

ასევე, საჯარო დაწესებულებებს შეეძლოთ განესაზღვრათ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები/მოსამსახურე პირები, რომლებიც ვერ ისარგებლებდნენ უქმე დღეებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG