Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხთა გენოციდი: აშშ-ის პრეზიდენტის აღიარება ახარებს სომხებს, აბრაზებს თურქეთს


ერევანში ათასობით სომეხმა ჩირაღდნებით მსვლელობით აღნიშნა სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავი და პატივი მიაგო დაღუპულებს.
ერევანში ათასობით სომეხმა ჩირაღდნებით მსვლელობით აღნიშნა სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავი და პატივი მიაგო დაღუპულებს.

ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომეხის დახოცვას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უწოდა გენოციდი - ყველაზე საზარელი დანაშაული. ბაიდენი პირველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ თურქეთი - ნატოელი მოკავშირე და სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა.

„ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ემსხვერპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ წინ აღვუდგებით ამგვარ სისასტიკეს, რათა ის აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა ბაიდენმა ტრაგიკული მოვლენების დაწყების 106-ე წლისთავზე.

რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის აღიარება ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ან გადარჩენილთა შთამომავლებისთვის? როგორ აისახება ბაიდენის გადაწყვეტილება აშშ-თურქეთის ისედაც გართულებულ ურთიერთობებზე?

გენოციდის შესახებ

1915 წლის 24 აპრილს, ოსმალეთის პოლიციამ დაახლოებით 250 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა კონსტანტინოპოლში. „წითელი კვირის“ სახელით ცნობილ დღეს დაიწყო მრავალწლიანი კამპანია სომხების წინააღმდეგ. მოკლულთა რიცხვი მთავარი სადავო საკითხია, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებული დათვლით, ის 600 000-დან 1,5 მილიონამდეა.

სომხების ჩამოხრჩობა სტამბულში. ივნისი, 1915 წელი.
სომხების ჩამოხრჩობა სტამბულში. ივნისი, 1915 წელი.

გენოციდს ზოგადად განმარტავენ, როგორც ადამიანთა კონკრეტული რასობრივი, პოლიტიკური ან კულტურული ჯფუფის მიზანიმართულ მკვლელობას, ამ ჯგუფის განადგურების მიზნით.

ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სომეხთა სიკვდილი იყო მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი. საუკუნის წინანდელ მოვლენებს დღეს გენოციდად აღიარებს 30-მდე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, იტალია, ლიბანი, არგენტინა. საქართველო მათ რიგებში არაა.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

„ეს მნიშვნელოვანი დღეა ყველა სომეხისათვის. 2019 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა პატივი მიაგო სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ურყევი ერთგულება ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებების დასაცავად“, - დაწერა მან.

ათასობით სომეხი შეიკრიბა ერევანში 23 აპრილს, მათი ნათესავების მასობრივი მკვლელობის გასახსენებლად.

სომხური მემკვიდრეობის კომპენსაცია?

დაახლოებით 500,000 სომეხი გადაურჩა დევნას, მათ შორის გიორგი ტუმასიანის წინაპრები, რომლებიც ქალაქ ყარსიდან და მუშიდან გამოიქცნენ და თბილისს შეაფარეს თავი.

ტუმასიანი - სომხური სათემო პლაფტორმა „არძაგანქის“ ხელმძღვანელი - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბაიდენის აღიარება ისტორიული სამართლიანობის დადგენის გარდა, შესაძლოა გახდეს შესაძლებლობა, რომ ოსმალეთის იმპერიიდან განდევნილმა სომხებმა მის სამართალმემკვიდრეს, თურქეთის რესპუბლიკას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენონ:

„ყველა ეთნიკურად სომეხისთვის და გენოციდის დროს დაზარალებულთა შთამომავლებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღიარების, არამედ შემდგომი ნაბიჯების კუთხით. ეს გულისხმობს რესტიტუციას, არქივების გახსნას, მიწის საკუთრების უფლებას, არსებობს კონკრეტული შენობა-ნაგებობები, რელიგიურ-კულტურული ძეგლები რომლებიც დარჩა იქ, სხვა საკუთრებები, რაც დასტურდება, რომ ამ ადამიანების [სომხების] საკუთრება იყო“.

სომხური ეკლესია აღმოსავლეთ თურქეთში.
სომხური ეკლესია აღმოსავლეთ თურქეთში.

ტუმასიანის აზრით, ბაიდენის განცხადება იყო პრევენციული გზავნილიც თურქეთისთვის, რომელიც აზერბაიჯანს უჭერდა მხარს ყარაბაღის მეორე ომში.

მკვლევარი და თურქოლოგი, ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ბაიდენის განცხადებამ აჩვენა, რომ ნაადრევია საუბარი თურქეთ-აზერბაიჯანის დაკავშირებაზე სომხეთის გავლით. კორიდორის გახსნა გათვალისწინებულია ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებით.

„სკეპტიკურად ვიყავი და ვარ განწყობილი, რომ მოკლე ხანში შესაძლებელი გახდება დიდი შერიგების ორგანიზება სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთის მონაწილეობით“, - ეუბნება ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

წინაპირობები

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ჯო ბაიდენმა მისი განზრახვების შესახებ გასულ წელს განაცხადა. მან გამოიყენა ტერმინი „სომეხთა გენოციდი“ და განაცხადა, რომ „არასდროს უნდა დავივიწყოთ და გავჩუმდეთ განადგურების ამ საზარელი და სისტემური კამპანიის შესახებ“.

ზურაბ ბატიაშვილის აზრით, გასათვალისწინებელია სომხეთის მოახლოებული არჩევნებიც:

„დასავლეთს სჭირდებოდა ფაშინიანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა. ვაშინგტონში კარგად ხედავენ, რა პროცესებიც მიმდინარეობს რეგიონში, მათ შორის, პრორუსული ძალების განწყობები და ქმედებები სომხეთში თვალსაჩინოა“, - ამბობს ბატიაშვილი.

გასულ წლებში, აშშ-ში სულ უფრო იზრდება ბრაზი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიმართ. ამასთან, ზურაბ ბატიაშვილის აზრით, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესების გაიყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რითიც გაქრა თურქეთისთვის ეგზისტენციური საფრთხე.

ურთიერთობები გაუარესდა თურქეთის მიერ რუსული თავდაცვის სისტემების S-400-ების შეძენის შემდეგ, როცა აშშ-მ NATO-ელ მოკავშირეს სანქციებიც დაუწესა.

ერდოანი მწვავედ აკრიტიკებდა აშშ-ს სირიელი ქურთების მხარდაჭერის გამო, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს.

2016 წლის გადატრიალების მცდელობა იყო კიდევ ერთი საკითხი, რის შემდეგაც მოიმატა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ხარისხმა. მათ შორის, ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს თურქი თანამშრომლების დაპატიმრება, რომლებიც დღემდე საპყრობილეში არიან. ერდოანი გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეთულა გიულენს და მის ექსტრადიციას მოითხოვს, თუმცა აშშ მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

რას ამბობს თურქეთი?

ბაიდენის განცხადების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უმალვე გააკრიტიკა გადაწყვეტილება.

„სიტყვებს არ შეუძლიათ ისტორიის შეცვლა ან მისი გადაწერა“, - დაწერა ჩავუშოღლუმ ტვიტერზე: „ჩვენ არავისგან მივიღებთ გაკვეთილებს საკუთარ ისტორიაზე. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის ყველაზე დიდი ღალატია. ჩვენ სრულიად ვგმობთ ამ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია პოპულიზმზე. #1915მოვლენები“

ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, თურქეთი საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და თურქული ლირა უფასურდება იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ, პანდემია მძვინვარებს და მეორე მხრივ, დასავლური ინვესტიციები გადის ქვეყნიდან:

„ამიტომ თურქეთის რეაქციაც არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო 2-3 წლის წინ“.

თურქეთში პატარა ასაკიდან ისწავლება გენოციდის უარყოფა, სკოლის სახელმძღვანელოები იმ პერიოდის სომხებს მოღალატეებად აღწერს, ოსმალების ქმედებებს კი აცხადებს „აუცილებელ ზომებად“ სომხური სეპარატიზმის წინააღმდეგ.

თურქეთის ხელისუფლება აღიარებს საუკუნის წინ ჩადენილ სისასტიკეებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ასევე დაიხოცა უამრავი თურქი და სომეხ მსხვერპლთა რიცხვი გაზვიადებულია.

თურქეთი შიშობს, რომ გენოციდის მსხვერპლთა ან გადარჩენილთა შთამომავლები მოითხოვენ კომპენსაციებს, მათ შორის, ექნებათ პრეტენზია ტერიტორიებზე თურქეთის აღმოსავლეთით.

უძველესი სომხური ქალაქის, ანის ნანგრევები დღევანდელ თურქეთში.
უძველესი სომხური ქალაქის, ანის ნანგრევები დღევანდელ თურქეთში.

„გასათვალისწინებელია, რომ სომხეთში არიან ასეთი ძალები, თუმცა ძალიან არარეალისტური იქნებოდა რაიმე სახის ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება სომხეთის მხრიდან“, - ამბობს ბატიაშვილი და ამატებს: „ალბათ, არც ერთი ქვეყნისთვის მიმზიდველი არ არის, რომ ისტორიაში ეწეროს გენოციდი“.

პრეზიდენტმა ერდოანმა თავადაც გამოთქვა მწუხარება „ოსმალეთის სომხების მიმართ, რომელთაც დაკარგეს სიცოცხლე პირველი მსოფლიო ომის რთულ გარემოებებში“.

აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთონ. გიორგი ტუმასიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეთნიკური სომხები მიაღწევენ საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებას.

„აღიარებამდე უპრიანი იქნებოდა, სულ მცირე განცხადების გაკეთება მაგ დღეს. თუნდაც იმ ადამიანების გახსენების მიზნით, ვინც დაიღუპა… თუ ერდონს შეუძლია წუხილის გამოთქმა, ძალიან უცნაურია, საქართველოს ხელისუფლებას რატომ არ შეუძლია იგივე, თუნდაც გარკვეული რთული ტერმინების გამოყენების გარეშე?!“ - ამბობს ტუმასიანი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG