ტახტისძირის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მეზობელ სოფელ დირბშიც გამოჩნდნენ, სადაც ტრაქტორები მიიყვანეს და შეიარაღებულ პირთა თანხლებით ხნულების გავლება დაიწყეს. ტახტისძირსა და დირბს შორის მოქცეულ მინდორში ე. წ. ბორდერიზაციის ახალი ტალღა სამი დღის წინ დაიწყო, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე. წ. სასაზღვრო ბანერებთან წითლად შეღებილი ხის ძელები ჩასვეს და ტერიტორია შესაღობად მონიშნეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საოკუპაციო ძალთა შეიარაღებული პირები 19 აპრილის შემდეგ მუდმივად პატრულირებენ. იქვე არსებულ საგუშაგოზე შეიარაღებული პირები გერმანული ნაგაზებით იმყოფებიან და ქართულ სოფლებს აკვირდებიან, დირბელები და ტახტისძირელები კი საკუთარ ნაკვეთებში მისვლას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე მოქცეულია 15 ჰექტარამდე სახნავ-სათესი ფართობი და საძოვარი. ტრაქტორების მუშაობას ტახტისძირელები თვალს შორიდან ადევნებენ და მინდვრებში შიშით ვერ მიდიან, რადგან არსებობს მათი დაკავების საფრთხე.
“აბა, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ჭამო?! კაკალი, ვაშლი და სხვა ხილი სულ იქა მაქვს, მდინარე ფრონის გაღმა, სხვა არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. თუ ხაზს ტახტისძირიდან დირბისკენ გაჰყვნენ, ალბათ, საბოლოოდ, 50 ჰექტარამდე მოექცევა ღობეებს იქით“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები თამაზ კობერიძე.
საოკუპაციო ძალთა წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში ზუსტად ერთი წლის წინაც გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ისინი, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებს ღობავდნენ. წლისთავზე სამუშაოები ისევ განაახლეს. ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.
ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ტახტისძირში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე. წ. ნიშნულები დამონტაჟდა.
„მიმდებარე ლოკაციაზე გასულ წელს უკანონოდ აღმართეს ბანერები. ახლა დაამონტაჟეს მცირე ზომის ხის ბოძები. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სუს-ში.
ტახტისძირელები აცხადებენ, რომ სოფელში მათი პრობლემების გასარკვევად ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. მიწადაკარგულებმა ჯერ არც ის იციან, მიეცემათ თუ არა კომპენსაცია. ბორდერიზაციის ახალი ტალღის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 27 აპრილს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე ოსურ და რუსულ მხარეებთან იმსჯელებენ. ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც დადგება.