თამაზაშვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებს 11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ გუმათში შეხვდა - მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში აქციის ორგანიზატორების 5 კარავი დაშალა. კარვები ადგილობრივი მკვიდრის კერძო მიწაზე იყო გაშლილი.
„ნამოხვანიდან ეს კარვები ავიღეთ. ამ კარვებს თავის ინვენტართან და ყველაფერთან ერთად, რაც არის, გადმოგცემთ ორგანიზატორებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას და იმ ადგილას მოგიტანთ, სადაც პროტესტს გააგრძელებთ. გუმათში ხართ ახლა და გნებავთ, აქ მოგიტანთ...“ - უთხრა სულხან თამაზაშვილმა „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეთა უწყვეტი აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში სოფელ ნამოხვანში ჩასვლა ეკრძალებათ.
„სრულიად ლეგიტიმურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, რაც დროებით ზღუდავს მოქალაქეებს აქციის ფარგლებში გადაადგილების კუთხით. შეზღუდული არ არის ადგილობრივ მცხოვრებთა მოძრაობა. მათ ვატარებთ და შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
„რიონის ხეობის მცველთა“ განმარტებით, პოლიციამ ისინი მიზანმიმართულად გამოდევნა სოფელ ნამოხვანიდან და სამართალდამცველების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნისგან მოითხოვდნენ კანონის იმ მუხლების დასახელებას, რომლებიც პოლიციას ამგვარი მოქმედებების საშუალებას აძლევს. თამაზაშვილმა მათ უპასუხა, რომ დებატებში შესვლასა და საკითხში ჩაღრმავებას არ აპირებს.
„არ გვაძლევენ უფლებას, რომ ხეობაში მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელოთ პროტესტი და გამივხატოთ ჩვენი დამოკიდებულება იმ უკანონო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფომ გააფორმა კომპანია „ენკასთან“. ჩვენ გვითხრეს, რომ არ გვაქვს სირცხვილის კორიდორის მოწყობის უფლება, ჩვენ გვითხრეს, რომ უნდა შევარჩიოთ ლექსიკონიდან სიტყვები, ვის როგორ მივმართოთ... მათი დღევანდელი ქმედება ემსახურება ჩვენს გამოდევნას ნამოხვანიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.
მანამდე „რიონის ხეობის მცველები“ აცხადებდნენ, რომ მათ იმერეთის სამხარეო პოლიციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ კარვები რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უშლიდა ხელს. აქციის მონაწილეებისთვის არცერთი მიზეზი არ არის დამაჯერებელი. მათი განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურ მიზეზებს იშველიებს აქციის ხელშეშლის მიზნით.
11 აპრილს, როცა სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კარვების აშლა დაიწყო, ამ დროს სოფელ გუმათში იმყოფებოდნენ აქციის მთავარი ორგანიზატორები და მათ შორის - ვარლამ გოლეთიანი.
„ცდილობენ, რომ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებებით, რომ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და არ გვითვალისწინებენ. ვერაფერს ისინი ვერ ასაბუთებენ. უბრალოდ აქვთ ძალაუფლების ბერკეტი ხელში და ბოლომდე იყენებენ ამ თავის ძალაუფლებას. ამას ყველაფერს ადეკვატურ პასუხს გასცემს ხალხი“, - უთხრა გოლეთიანმა ჟურნალისტებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში 30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 11 აპრილსაც გაგრძელდა.
რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.
„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.
„რიონის ხეობის მცველები“ აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და კვლავაც გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.