Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაცია, კრიზისი, სანქციები და ნამახვანჰესი - აქცენტები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან


საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, ამ მოხსენებისთვის სპეციალურად აარჩია 9 აპრილი, ​​​​​​​"სამმაგი გამარჯვების დღე", რომელიც აჩვენებს, როგორი მნიშვნელოვანია გაერთიანება საერთო მიზნებისთვის.

პრეზიდენტის 25 წუთიანი გამოსვლა, რომელიც პირობითად 4 ნაწილად შეიძლება დავყოთ, მოულოდნელად კრიტიკული აღმოჩნდა ხელისუფლების მიმართ. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა პანდემიაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და ოკუპაციაზე და თითოეულ თემაზე საუბრისას ხაზს უსვამდა იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო პრობლემებთან გასამკლავებლად, კრიზისის დასაძლევად.

პრეზიდენტმა პარლამენტში მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა: მან თქვა, რომ 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება მასთან ხელისუფლების მხრიდან განხილული არ ყოფილა. გამოსვლის ბოლოს კი ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლად დააბრუნოს უკრაინაში საქართველოს ელჩი კვლავ კიევში, საიდანაც ის დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის. ელჩის გამოწვევა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინას დღეს რუსეთთან ბრძოლაში სოლიდარობა სჭირდება და ელჩის კვლავ კიევში გაგზავნა სწორედ სოლიდარობის გამოცხადება იქნება უკრაინისთვის.

პანდემია

“ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა” - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ ერთიანი მიდგომების უშედეგო იქნება საზოგადოების ჯანდაცვაზე ზრუნვა ან ეკონომიკის გახსნის მცდელობები. ერთიანი მიდგომების კონტექსტში ახსენა მან “პოზნერის ნადიმი”, რუსი ჟურნალისტის ნაადრევად შეწყვეტილი ვიზიტი საქართველოში.

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას [პანდემიას] მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა. აქ საჭირო არის პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება.

..…

უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით” - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და მოუწოდა ყველას, შეიტანონ წვლილი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

პოლიტიკური კრიზისი

“სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში” - უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტარებს და ისაუბრა ევროკავშირის მედიაციით უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებზე და მიმდინარე კრიზისზე, რომელიც უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს დასავლურ კურსზე.

ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის.

ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის მძიმე პერიოდს.” - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და მერე უფრო კონკრეტულად ისაუბრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობებზე. მისი თქმით, თუკი საქართველო ფინანსური სანქციების ქვეშ იქნება, ეს მთელი ქვეყნის მომავალზე ცუდად იმოქმედებს და უადგილო იქნება ოპოზიციის სიხარული ამ ფაქტის გამო, ხელისუფლებას კი კონსესუნსის მიღწევის მეტი მცდელობა და უფრო გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოება მოეთხოვება.

“მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ყოფილა. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას.

ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, შეიძლება კიდევაც, ვაჟკაცობა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალურად პოლიტიკური მოღვაწეობა სურთ” - ასე შეაფასა უშედეგოდ დასრულებული მედიაციის ორი მცდელობა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც სიტყვის შესავალ ნაწილში ილაპარაკა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენება.

“ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება და თუ არა ეს, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება!” - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს.

ეკონომიკური კრიზისი

ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას პრეზიდენტმა ირიბად გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა ნამახვანჰესის შემთხვევაში და თქვა, რომ ამგვარ პროექტებს უკეთესი კომუნიკაცია, კვლევა და დიალოგი ჭირდება მოსახლეობასთან.

“საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის. სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნება დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის” - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორ შეაფასა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები

პარლამენტის თავმჯდომარესთვის საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გამოსვლა იმის დემონსტრაცია აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგომა, კრიტიკა უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებების მიმართ კი გაიგო როგორც მოწოდება ოპოზიციისთვის, შესულიყო პარლამენტში.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ. ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე ქართული ოცნების სარეკლამო ანგარიშიდან დაიწყო ზეპარტიული პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფოტოალბომის რეკლამირება.

პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებით უკმაყოფილო დარჩნენ პარლამენტში შესული ორივე ოპოზიციური პარტიის, მოქალაქეების და ევროპელი სოციალისტების წევრები.

“არ ვარ კმაყოფილი არც პრეზიდენტით, არც მისი მოხსენებით, არც პათოსით, რითაც მან პარლამენტის წინაშე ისაუბრა” - უთხრა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისსტებს. ის პრეზიდენტისგან მისი საქმიანობის შეფასებას მოელოდა და არა “პრეტენზიებს გაურკვეველი მიმართულებით.”

“აქ იყო დარიგება, პრეტენზიები გაურკვეველი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ზუსტად ის მედიატორი სახელმწიფო შტოებსა და უმრავლესობა - უმცირესობას შორის, რასაც ევროპელი მედიატორები აკეთებენ” - თქვა ფრიდონ ინჯიამ, ევროპელი სოციალისტების წევრმა დეპუტატმა.

“ზერელედ შეეხო საკითხებს” და “არსად ჩანდა გამოსავალი” - ეს ორი ძირითადი პრეტენზია ჰქონდა პარტია მოქალაქეების წევრს, ალეკო ელისაშვილის სალომე ზურაბიშვილის მისამართით. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, სალომე ზურაბიშვილი იტყოდა რამეს შეწყალების პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტმა საკუთარ თავს მორატორიუმი დაუწესა, თუმცა არც ეს მოლოდინი გამართლდა და ფრიდონ ინჯიას მსგავსად ისურვა, მეტად ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში.

„პრეზიდენტი გამოვიდა და უცხოელ ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა. მის ადგილას თავს უხერხულად ვიგრძნობდი, რადგან პირველი ფასილიტატორი და მედიატორი პოლიტიკური კრიზისის დროს უნდა იყოს პრეზიდენტი. რომ ჰკითხო, ზეპარტიული პრეზიდენტია და რაში გვჭირდება ეს ზეპარტიულობა, თუ რეალურად არ განხორციელდება. პირველი სივრცე, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დიალოგი, საელჩოები კი არ უნდა იყოს, კარგია, რომ საელჩოებია, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს. ერთხელ გვიმასპინძლეს და ისიც იმისთვის, რომ შარლ მიშელისთვის უნდა მოგვესმინა და არა – ზურაბიშვილისთვის. ამისთვის ვიხდით ფულს. მისი მხრიდან ფასილიტატორებისთვის მადლობა კი არ უნდა მოგვესმინა, არამედ უხერხულობა და თვითკრიტიკა, რომ ამ კუთხითაც მისი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ ახერხებს“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენება არც პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციისთვის აღმოჩნდა მოსაწონი. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის კრიზისის განმუხტვის მაგალითი გიორგი რურუას შეწყალებით, თუმცა მან ეს არ გააკეთა და იმ შემთხვევაში, როცა თავად არ გაქვს მკაფიო პოზიცია იმაზე, რაზეც მკაფიო პოზიციის ქონა მნიშვნელოვანია, ყველა განცხადება ფარისევლობაა.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს რაღაც მორალური სიმაღლეებიდან საუბრის ნაცვლად, ჯობდა, მაგალითი მიეცა ყველასთვის, მით უმეტეს თავისი პოლიტიკური გუნდისთვის, ანუ ივანიშვილის გუნდისთვის. რას ნიშნავს კრიზისის განსამუხტად ნაბიჯის გადადგმა და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური უფლება პოლიტპატიმრების შეწყალების, ამ შემთხვევაში რურუას შეწყალებისთვის.

ადამიანი, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას შეუწყო ხელი იმით, რომ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, - პოლიტიკურ და მორალურ მოვალეობას ვგულისხმობ, არა იურიდიულს, - ახლა ჭკუას არავის არ უნდა არიგებდეს" – თქვა ბოკერიამ.

პრეზიდენტმა 9 აპრილს პარლამენტის ტრიბუნის მიღმაც ისურვა პოლიტიკოსებთან შეხვედრა და საუბარი და პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ვისაც პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული.

სალომე ზურაბიშვილის 2021 წელს პარლამენტში გაკეთებული მოხსენება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა წლებში, მაგალითად2019 წელს გაკეთებული მოხსენებისგან - მაშინ ის სამეცნიერო, ტურისტულ ინიციატივებზე საუბრობდა პარლამენტის ტრიბუნიდან.

XS
SM
MD
LG