Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მაგრამ თანამდებობაზე რჩება


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ე. წ. დეპუტატებს დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევისთვის უფლებამოსილება უნდა შეეწყვიტათ და ახალი ე. წ. გენერალური პროკურორი დაემტკიცებინათ. ბიბილოვის მომხრე მმართველმა პარტიამ, „ედინაია ოსეტიამ“, სესიაში მონაწილეობა აღარ მიიღო და ე.წ. დეპუტატები პრეზიდიუმის სხდომიდანვე გავიდნენ. არადა, ახალი ე.წ. გენპროკურორის კანდიდატურა დე ფაქტო პარლამენტს სწორედ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წარუდგინა. ვიტალი სავჩენკო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სოჭიდან ჩამოიყვანეს. 35 წლის ვიტალი სავჩენკოს ცხინვალელმა ანალიტიკოსებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უკვე უწოდეს ჯაგაევის კაცი. ოპოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად ითხოვდა ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას და მას ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიების გამო უნდობლობას უცხადებდა. ოპოზიცია არ აპირებს დე ფაქტო გენერალური პროკურორის ახალ კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

ურუზმაგ ჯაგაევი
ურუზმაგ ჯაგაევი

ადგილობრივ პრესაში უკვე გამოქვეყნდა ურუზმაგ ჯაგაევის მემკვიდრის ბიოგრაფია. ვიტალი სავჩენკო 35 წლისაა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბადებული ურუზმაგ ჯაგაევისგან განსხვავებით, გენერალური პროკურორობის ახალი კანდიდატი დაიბადა და გაიზარდა კრასნოდარის მხარეში. სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სამართლის აკადემიაში. ცხინვალში წამოსვლამდე მუშაობდა კრასნოდარის რაიონის პროკურატურაში.

არც ერთმა კომისიამ მხარი არ დაუჭირა ამ კანდიდატურას, ამიტომ მე ვფიქრობ, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დრო გაეწელათ...
დავით სანაკოევი

სავჩენკოს ერთადერთი კავშირი ცხინვალის რეგიონთან არის ამჟამინდელი დე ფაქტო გენერალური პროკურორი ჯაგაევი, რომელიც ცხინვალში დაბრუნებამდე, 2016 წელს, იყო ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ოპოზიციის გარდა საკომიტეტო მოსმენებზე სავჩენკომ ვერც მმართველი პარტიის წევრთა მხარდაჭერა მიიღო, ამიტომ მისი კანდიდატურა სესიაზე ჩაგდების პირას იყო. დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა სხდომის ჩაშლა მაინც ოპოზიციონერ დეპუტატებს დააბრალა. ოსურ მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისევ რეგლამენტის საკთხი წამოსწიეს, რაც განხეთქილების თემად იქცა.

„პარლამენტში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. დეპუტატების ნაწილმა დასვა საკითხი, თუ რომელი რეგლამენტის მიხედვით მიდიოდა საკითხის განხილვა. პარლამენტი მუშაობს კონსტიტუციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შესახებ კანონი არ არსებობს, ერთი კვირის განმავლობაში კანონპროექტი მზად იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზადდება პარლამენტის კანონი პარლამენტის შესახებ და ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ რეგლამენტი, როგორც შიდა დოკუმენტი ”, - თქვა ტადტაევმა.

დე ფაქტო პარლამენტმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ბიუჯეტი რეგლამენტის დარღვევით მიიღო, როცა, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა ჩაატარეს და ბიუჯეტს კენჭი უყარეს. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2004 წელს მიღებული პარლამენტის რეგლამენტი პრესაში თავის დროზე არ იყო გამოქვეყნებული და ის კანონიერად არ ითვლებოდა. თუმცა სავჩენკოს შემთხვევაში უმრავლესობა უკვე აღარ შეკრებილა. ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ სავჩენკოს კანდიდატურა ჩავარდნისგან სხდომის ჩაშლით იხსნეს.

„რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კომიტეტების სხდომაზე პრაქტიკულად ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაუჭირონ ახლად წარდგენილ ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურას. არც ერთმა კომისიამ მხარი არ დაუჭირა ამ კანდიდატურას, ამიტომ მე ვფიქრობ, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დრო გაეწელათ, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, დაასრულა თავისი საქმიანობა, იმიტომ რომ ის ზუსტად 5 წლის წინ აირჩიეს და დღეს ეს 5 წელი დასრულდა. დღეს ჯაგაევს უნდა შეედგინა ბრძანება, რომლითაც იგი უფლებამოსილებას გადასცემდა პირველ მოადგილეს, კანონის შესაბამისად. დღეიდან ჯაგაევი გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებულია, როგორც ყოფილი პროკურორი. მას უკვე შეხება აღარ უნდა ჰქონდეს უწყებასთან“, - ამბობს დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

ახლა აგვიხსენით, რა ხდება, რატომ არ იკრიბებით და თქვენივე პრეზიდენტის შემოთავაზებულ კანდიდატურას რატომ არ ამტკიცებთ?..
დინა ალბოროვა

ურუზმაგ ჯაგაევს მოადგილისთვის უფლებამოსილება არ გადაუბარებია. ის ე.წ. პარლამენტში მომდევნო სესიის დანიშვნას ელოდება, თუმცა დე ფაქტო პარლამენტში როდის გაიმართება მომავალი სხდომა, არავინ იცის.

დე ფაქტო მმართველი პარტიის პროტესტმა ადგილობრივი ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც გააკვირვა. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კითხულობს, ვის უცხადებენ ბოიკოტს ბიბილოვის მომხრე დეპუტატები, როცა სავჩენკო თავად ბიბილოვმა წარადგინა.

„ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რომ სესიაზე შეკრება კვორუმის გარეშეც შეუძლიათ. ამ გზით მიიღეს ბიუჯეტი და თავად „ედინაია ოსეტიამ“ გააკეთა ეს. მაშინ ახლა აგვიხსენით, რა ხდება, რატომ არ იკრიბებით და თქვენივე პრეზიდენტის შემოთავაზებულ კანდიდატურას რატომ არ ამტკიცებთ?“

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ბიბილოვს კრემლის ახალ კურატორთან ნორმალური ურთიერთობა არა აქვს. მისი აზრით, მოსკოვის ნებართვის გარეშე ცხინვალში თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება და პარლამენტში ჩაშლილი სხდომაც რუსული სცენარი ჰგონია.

„2017 წლამდე სამხრეთ ოსეთში კაგებეს უფროსად მუშაობდა რუსეთიდან ჩამოსული ვიქტორ შარგაევი. ამჟამად ის დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ საზღვარგარეთის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის კულტურული კავშირების მიმართულებით. ფაქტობრივად, პუტინმა ის სამხრეთ ოსეთის კურატორად დანიშნა. შარგაევმა კი აქ მუშაობის პერიოდიდან ბევრი რამ იცის ბიბილოვზეც და ჯაგაევზეც, თან ბოლო წლებში მას ბიბილოვთან ურთიერთობა გაურთულდა და 2017 წელს ის პრეზიდენტმა მოხსნა. შარგაევი ცხინვალიდან მოსკოვში წავიდა და ახლა, ფაქტობრივად, ჩვენი კურატორია. შარგაევმა კარგად იცის ჯაგაევისა და ბიბილოვის კავშირები კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციასთან და მათი უეცარი გამდიდრების შესახებ, ამიტომ გენერალურ პროკურორად ისევ ჯაგაევის კაცის, სავჩენკოს მოყვანა და ამით მათივე კლანის გაძლიერება, როგორც ჩანს, კრემლში არ აწყობთ. ამიტომ შარგაევი ამოქმედდა და, როგორც ჩანს, პარლამენტში გათამაშებული ეს სცენაც ამიტომ დაიდგა. ახლა სურათი ასე გამოიყურება: აი, ბიბილოვმა კი წარადგინა, მაგრამ პარლამენტის დეპუტატები არიან ჩამოსული კაცის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი, კრემლში არიან წინააღმდეგი“, - გვეუბნება ინფორმირებული წყარო ცხინვალიდან.

ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურა ახლა დე ფაქტო პარლამენტშია გაჭედილი. ჯერ არავინ იცის, სხდომა როდის ჩატარდება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატს, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს 6 თვის შემდეგ სხვა კანდიდატურა შესთავაზოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ურუზმაგ ჯაგაევი კიდევ 6 თვით დარჩეს თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG