Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგო რაუნდი#2 - რაზე მსჯელობდნენ და რა ჩაიწერა შეთანხმებაში?


ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს კრიზისის დაძლევის გზები საქართველოში. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ორი მცდელობა.  

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ოპოზიციის ულტიმატუმების გამო ჩაიშალა. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ შეთანხმებას ხელი არც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და არც ოპოზიციურმა პარტიებმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 30 მარტს თითქმის 8 საათის განმავლობაში მიმდინარე ორმხრივი თუ ცალმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომლებსაც ვერ ვხვდებით მედიატორის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.

  • კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია?
  • რა დარჩა დოკუმენტის ტექსტის მიღმა, მხოლოდ ზეპირ მსჯელობაში?
  • რა შეიძლება მოჰყვეს უშედეგო მეორე რაუნდს?

ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე კრისტიან დანიელსონმა გარკვევით თქვა, რომ მის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტის შინაარსი „მთლიანობაში“ არცერთმა პარტიამ არ გაიზიარა, ევროკავშირი ძალას ვერავის დაატანს და პროცესის შემდგომი ბედი მოლაპარაკებების ინიციატორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადასაწყვეტი იქნება.

შვედმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა კომპრომისის აუცილებლობასა და მმართველი პარტიის საგანგებო პასუხისმგებლობასაც:

„ევროპულ მისწრაფების განხორციელება საჭიროებს კომპრომისს და განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიისგან, რომელმაც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს“.

რატომ არ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“?

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან განაგრძო ულტიმატუმების ენით საუბარი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით.

  • ამ ორი საკითხიდან ვადამდელი არჩევნები საერთოდ არ არის ნახსენები შეთანხმების ტექსტში, რომელიც მედიატორმა ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, 30 მარტს გაასაჯაროვა.
  • დოკუმენტის ტექსტში ასევე არ არიან მოხსენიებული ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია და „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა.

მაშინ რატომ არ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ არ ამბობენ, რომ ხელი არ მოაწერეს კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს. მედიის მიერ ამ თემაზე დასმული მრავალი შეკითხვის საპასუხოდ, ისინი განმარტავენ, რომ შეთანხმების ტექსტში იყო ზოგიერთი ისეთი საკითხი, რაც მათი ხედვით დამატებით მსჯელობას საჭიროებდა.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცირე მნიშვნელობის შენიშვნა დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გახდებოდა წყალგამყოფი. მაგალითად, ეს არის ცესკოს წევრების (პარლამენტის სრული შემადგენლობის) 2/3-ით არჩევა“ - განაცხადა 30 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

რადიო თავისუფლებას ოპოზიციის ლიდერებმა უთხრეს, რომ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა სხვა არაერთ საკითხსაც და ასე მაგალითად: გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტებისა თუ საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში თავმჯდომარის პოსტის ოპოზიციისთვის წელსვე დათმობას. ეს ის საკითხებია, რაზეც, მათი თქმით, თანახმა იყო ოპოზიცია, მაგრამ არა ორი მთავარი საკითხის ხარჯზე.

ასევე ოპოზიციონერების თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ულტიმატუმის შედეგად გაქრა დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელთან დაკავშირებული მექანიზმზეც მანამდე იყო მსჯელობა.

  • „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მედიატორს წინა შეხვედრებზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული მექანიზმი ჰქონდა წარმოდგენილი.
  • „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გვითხრა, რომ ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა 45%-ზე ნაკლებს, უნდა დანიშნულიყო ვადამდელი არჩევნები. მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არასაჯარო დისკუსიაში ამ ნიშნულის 40%-მდე დაყვანაზეც ლაპარაკობდნენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე OSCE/ODIHR-ის შეფასებების გათვალისწინებით, მედიატორმა თავად არ ჩათვალა საჭიროდ შეთანხმებაში ამ საკითხის ჩაწერა.

ვადამდელი/ადრეული არჩევნების საკითხი შეტანილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო-გეგმაში.

რატომ არ მოაწერა ხელი ოპოზიციამ?

ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აცხადებს , რომ ვერაფრით დათმობს ორ მთავარ საკითხს - „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა“ და „ვადამდელი არჩევნების დანიშვნას“, რასთან მისასვლელ გზად მხოლოდ პლებისციტს თვლის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეთანხმების ტექსტი საერთოდ არ ასახავს ვადამდელი არჩევნების თემას და ის არც ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ახსენებს.

  • შეთანხმების ტექსტში ლაპარაკია მხოლოდ 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე, რომელიც, „ქართული ოცნების“ ზეპირი განმარტებით, ნიკა მელიას საკითხსაც გულისხმობს. ტექსტი ასეთ ბმაზე არ მიანიშნებს.
  • 30 მარტს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ამნისტია არ იქნებოდა საკმარისი და მელიას გირაო მაინც უნდა გადაეხადა. შეთანხმების ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები გირაოს გადახდის საკითხი.
  • 31 მარტს ირაკლი კობახიძემ მკაფიოდ თქვა, რომ შეთანხმების ჩაშლის გამო დღის წესრიგიდან მოიხსნება ამნისტიის საკითხიც, რადგან ეს საკითხი არა რეფორმების, არამედ უშუალოდ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა.

„გირაოს გადახდაზე უარის თქმა პრინციპული საკითხია ნიკა მელიასთვის, რადგან ის უსამართლოდ მიიჩნევს და გირაოს გადახდაც ამჟამად აღარც სამართლებრივი საფუძველიც აქვს (რადგან უკვე შეფარდებულია საპატიმრო სასჯელი)...

პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ გვჭირდებოდა მყარი გარანტიები და მკაფიო ჩანაწერები, რადგან გვახსოვს, რომ 8 მარტის შეთანხმების შედეგად, დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებამ აღარ გაათავისუფლა გიორგი რურუა“ - გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილი გვიდასტურებს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილ რამდენიმე ფაქტს:

  • მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე იყო მსჯელობა ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ევროკავშირის დახმარებით გადახდასთან დაკავშირებით - „ესეც აჩვენებს რამდენად აბსურდულ სიტუაციაში ვართ“;
  • მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე იყო მსჯელობა გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შემოდგომაზე, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენებით.

სამადაშვილი გვეუბნება, რომ მას არ უნახავს ამ საკითხების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი და მსჯელობა მხოლოდ ზეპირად მიმდინარეობდა.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ გიორგი რურუას საკითხის მოგვარება შეწყალების გზით იოლად შეეძლო საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ ეს მან არ გააკეთა იმ მოლოდინის მიუხედავად, რაც მასთან კრისტიან დანიელსონის არაერთმა შეხვედრამ წარმოშვა.

კოსტრუქციულები და არაკონსტრუქციულები

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი არაკონსტრუქციულად მოქმედებდა და ასეთებად დასახელდნენ: „ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო, „ლელო“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ამ სიაში არ მოხვდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, მათი პოზიცია არ განსხვავდება სხვებისგან და არც ისინი აპირებენ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების დათმობას.

„რა უნდა დავთმოთ, აბა მითხარით - სამართლიანი არჩევნების იდეა დავთმოთ თუ თავისუფლება?! ხელისუფლება ებღაუჭება ძალაუფლებას და არაფრის დათმობას არ აპირებს მანამ, ვიდრე ხალხი არ მოითხოვს ამას... ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას ველაპარაკოთ არადიპლომატიურ ენაზე, ანუ მისთვის გასაგებ ენაზე“ - გვეუბნება მანჯგალაძე.

რა შეიძლება მოხდეს?

ჯერჯერობით არ არის პასუხი შეკითხვაზე - გაგრძელდება თუ არა დიალოგი ევროკავშირის მედიაციით. „თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება იქნება, ჩვენ მომავალშიც ვიქნებით მზად, რომ ჩავერთოთ ასეთი ტიპის დიალოგში“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან 31 მარტსაც გაიმეორა, რომ საქართველოში „ხელოვნური კრიზისია“ და ამ საკითხის გადაწყვეტას კვლავაც „ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან“ საერთო ენის გამონახვის გზით შეეცდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ისევ ელოდებიან პარლამენტში.

ხელისუფლებასთან პირისპირ მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე მხოლოდ იაგო ხვიჩიას „გირჩი“ აწარმოებს. როგორც ორიოდე დღის წინ ამ პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას - გადაწყვეტილებები ევროკავშირის მედიაციის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებული. ოპოზიციაში არავის გაუკვირდება, თუკი„გირჩის“ 3 დეპუტატი პარლამენტში შევა. ასეთი მზაობა მათ არაერთხელ გამოუხატავთ.

ოპოზიციის უდიდეს ნაწილს კი იმედი აქვთ, რომ დიალოგი გაგრძელდება ევროკავშირის მედიაციითაც და აშშ-ის მეტი ჩართულობით ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლაც მოიწევს. მანამდე კი, ოპოზიცია 15 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG