საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, მედიაციისთვის მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ხელმოსაწერად, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს დანიელსონის წინადადებით წარვმართავთ. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ,“ - წერს ტვიტერზე არჩილ თალაკვაძე.
წუხელ, თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.
12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.
როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.