„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო".
კობახიძემ დაასახელა ის საკითხები, რომლებიც მისი თქმით, აისახა მედიატორის, კრისტიან დანიელსონის პროექტში. როგორც კობახიძე ამბობს, მათ დიდ ნაწილს „ქართული ოცნება" ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც მიიღებს.
საარჩევნო რეფორმა
„ბატონი დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა საკითხზე, პირველი ეს არის საარჩევნო რეფორმა, კერძოდ, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, რაშიც შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისებრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის 8 წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა, საარჩევნო უბნების გარშემო 100 მეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ. ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან შეთანხმების გარეშეც განახორციელებს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა რასაც ვიღებთ", - თქვა კობახიძემ
სასამართლო
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, დანიელსონის დოკუმენტი ასახავდა შეთავაზებებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე „ქართული ოცნება“ იღებდა პასუხისმგებლობას „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
„ეს კანონი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და მასაც მივიღებთ საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე. „ქართული ოცნება“ ასევე იღებდა პასუხისმგებლობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე, რაზეც ასევე ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით. საბოლოოდ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლა და დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა-გატარება, რასაც ასევე გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით და არ გვჭირდება შეთანხმება ოპოზიციასთან", - თქვა კობახიძემ.
ნიკა მელიას საქმე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ, „ქართული ოცნება" მზად იყო „20 ივნისის საქმეებზე" ამნისტიის კანონის მისაღებად, თუმცა, მისი თქმით, ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტის ბოლო პუნქტი ეხებოდა ოპოზიციის აღჭურვას ქმედითი პოლიტიკური ბერკეტებით.
როგორც ბრიფინგზე თქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.