Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატი მედიაში თვალსაზრისების გამოქვეყნების შემდეგ გაათავისუფლეს


გიორგი ფანიაშვილი
გიორგი ფანიაშვილი

გიორგი ფანიაშვილი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში 13 წელი მუშაობდა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციიდან გათავისუფლებას უკავშირებს Civil.ge-ზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებას. 

დიპლომატმა ონლაინგამოცემასთან თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო. პირველი სტატია მისი გვარით 10 აგვისტოთი თარიღდება. ფანიაშვილმა რადიო თავისუფლებას გააცნო თვალსაზრისის გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავასგან სმს-ით მიღებული შენიშვნის შინაარსი. მისივე თქმით, ელჩმა შენიშვნა ზეპირადაც მისცა.

ელჩის მითითების მიუხედავად, ფანიაშვილმა განაგრძო Civil.ge-სთან თანამშრომლობა.

გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ მოსაზრებების გამოქვეყნების მიზანი „საგარეო პოლიტიკის პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის გამოწვევა და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხების ძიება იყო და არა რომელიმე ჩინოვნიკის თუ პარტიის კრიტიკა“. დიპლომატის შეფასებით, კრიზისმა მწვერვალს დავით ზალკალიანის მინისტრობის პერიოდში მიაღწია. „სწორედ ამ პრობლემატიკაზე დისკუსიის ინიცირებას ვცდილობდი“, - გვითხრა მან.

„ადაპტირების გარეშე, ძველი, თავკერძა საგარეო პოლიტიკის წარმოება სულ უფრო მეტ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს შექმნის. საქართველოს ინტერესების დაცვა მხოლოდ ვიწროდ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტით ვერ მოხდება. ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთ მთავარი საშუალება მათთან ღირებულებების ერთიანობის ყოველდღიური დადასტურება, საერთო ინტერესების გულიანი დაცვაა და არა - უხერხული სიჩუმე“, - წერდა გასული წლის ოქტომბერში ფანიაშვილი, თუმცა ეს წერილი, მისივე თხოვნით, უავტოროდ იყო გამოქვეყნებული.

2020 წლის დეკემბერში სოფიო ქაცარავამ, რომელიც ელჩად დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, გიორგი ფანიაშვილის შესახებ წერილი მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. მიუხედავად იმისა, რომ წერილში ნახსენები არ არის გიორგი ფანიაშვილის თანამშრომლობა მედიასთან, და ყურადღება ელჩის დავალებების შეუსრულებლობაზეა გამახვილებული, ფანიაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ „შესაბამისი რეაგირების“ თხოვნა, სწორედ, მედიაში გამოქვეყნებულმა თვალსაზრისებმა განაპირობა.

ელჩი მინისტრს სწერს: „გიორგი ლონდონში ივლისის შუა რიცხვებში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე მე მასთან არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია, სადაც განვიხილეთ მისი ფუნქცია-მოვალეობები (რაც მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციებს და უსაფრთხოების თემებს). მან თავიდანვე უარი განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების თემატიკაზე მუშაობის თაობაზე. მისი არგუმენტი იყო, რომ ის არასდროს ეთანხმებოდა მის ამ ფუნქცია-მოვალეობებს, მიუხედავად იმისა, რომ როტაციაში ჩამოსვლამდე ნათლად იყო გაწერილი ამ კონკრეტული თანამდებობის ფუნქციები.

ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მან [გიორგი ფანიაშვილმა] სრულიად უგულებელყო ჩემ მიერ მიცემული დავალება, რაზეც მან განაცხადა, რომ „ასეთი ტექნიკური სახის დავალებებს, იგი არ შეასრულებდა“ (მაგალითად, როდესაც დავავალე მოეძიებინა ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის „უსაფრთხო კორიდორებთან“ მიდგომის შესახებ).

ამასთან, სისტემატურად მიხდებოდა მასთან პოლემიკა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შეესრულებინა ჩემი დავალებები, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევებში ყველაზე აქტუალური და საჭირო იყო საელჩოს საქმიანობისთვის. ფანიაშვილი მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ითხოვდა დავალების მიცემას“.

სოფიო ქაცარავას წერილი

სოფიო ქაცარავას წერილის საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი თვალავაძემ ერთ დღეში მოახდინა რეაგირება და მინისტრს მიმართა, შესაბამისი დეპარტამენტებისთვის დაევალებინა დისციპლინური წარმოების დაწყება.

გიორგი თვალავაძის მოხსენებითი ბარათი

ხუთი დღის შემდეგ, 2020 წლის 9 დეკემბერს დავით ზალკალიანმა გიორგი ფანიაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების ბრძანება გამოსცა, რომელსაც საფუძვლად დაედო სოფიო ქაცარავას წერილი და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი.

დავით ზალკალიანის ბრძანება

„ელჩის წერილი „შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს და არ არის გამყარებული არანაირი დოკუმენტით, მასალითა (აუდიო, ვიდეო, დოკუმენტური, ელექტრონული თუ სხვა სახის) და სხვა ფაქტობრივი გარემოებით, ჩემთვის გაუგებარია, რა არის ელჩის მიერ თავის წერილში მოყვანილი მოსაზრებების და დაწყებული დისციპლინური წარმოების რეალური მიზეზი“, - წერს გიორგი ფანიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ ახსნა-განმარტებით ბარათში და პუნქტობრივად პასუხობს სოფიო ქაცარავას მიერ წამოჭრილ საკითხებს.

საელჩოს უფროსი მრჩეველი წერს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე მას დავალება არც ელექტრონული პროგრამით და არც ელ.ფოსტით არ მიუღია, რაც, მისი აზრით, ტექნიკურად იოლი გადასამოწმებელია. ის აღნიშნავს, რომ სოფიო ქაცარავას სტრატეგიული კომუნიკაციები აერია საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში. ამასთან, ფანიაშვილის ინფორმაციით, ორივე მიმართულებით საელჩოში მუშაობენ ადამიანები. მიუხედავად ამისა, დიპლომატი აცხადებს, რომ ჩართული იყო სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე საელჩოს საქმიანობაში და ამ მხრივ, მოვალეობის შესრულებისგან თავი არ აურიდებია.

ფანიაშვილი ახსნა-განმარტებაში პასუხობს ელჩის წერილის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია დაკისრებული დავალებების შეუსრულებლობის შესახებ, კერძოდ კი, „ბრიტანეთის მთავრობის „უსაფრთხო კორიდორებთან“ მიდგომის შესახებ“, რაც, დიპლომატის განცხადებით, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს. ფანიაშვილი კვლავ ტერმინების არასწორი გამოყენების შესახებ მიუთითებს: „ამ მხრივ, გამაჩნია ელექტრონული მიმოწერა, თუ როგორ ვუგზავნიდი ელჩს ინფორმაციას სამგზავრო კორიდორებისა (და არა უსაფრთხო კორიდორები) და საერთაშორისო მგზავრობის წესებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რისი ასლიც ასევე ეგზავნებოდა სამინისტროსა და საელჩოს სხვა თანამშრომლებსაც. აქაც, ელჩს კვლავ განზრახ ან გაუფრთხილებლობით აერია „უსაფრთხო კორიდორების“ საკითხი მისივე სხვა დავალებასთან, რომელიც მოიცავდა პანდემიის პირობებში ქართველი სტუდენტების გაერთიანებულ სამეფოში შემოსვლასთან დაკავშირებით, წესების და რეგულაციების გარკვევას, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს სცდებოდა ჩემს უფლებამოსილებას და უფრო ქ. თბილისში ბრიტანეთის საელჩოს კომპეტენციას წარმოადგენდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დავეხმარე საკითხის გარკვევაში, რისი წერილობითი დასტურიც ასევე არსებობს“.

გიორგი ფანიაშვილის ახსნა-განმარტება

როგორც გიორგი ფანიაშვილი აცხადებს, დისციპლინურმა წარმოებამ ვერაფერი დაადგინა და ის რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს.

ფანიაშვილმა გათავისუფლების შემდეგ „ფეისბუკზე“ დაწერა: „ფიქრის, მოსაზრების ქონის, აზრის გამოხატვის, წერის, დისკუსიის თავისუფლებები ეს ის თავისუფლებებია, რომლებიც უკეთესი, ევროპული მომავლის ვაგონს უნდა აგორავებდნენ. ამ თავისუფლებების მოვლა და გაფრთხილება ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია.

ეს თავისუფლებები არ უნდა გახდეს სისტემური თავდასხმების საგანი მითუმეტეს ისეთი უწყების მხრიდან, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, მით უმეტეს არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების/შევიწროების, დისკრიმინაციისა და რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი“.

რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გიორგი ფანიაშვილის საკითხზე განმარტება წერილობით მოაწოდა.

სამინისტრო უარყოფს კავშირს მედიაში დიპლომატის მოსაზრებების გამოქვეყნებასა და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას შორის და მის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინსაინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად, ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ გიორგი ფანიაშვილს შეეხო სამინისტროში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია, „რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია და ... ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს, გაუქმდა“.

სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაცია არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს შეეხო, არამედ საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში, საერთო ჯამში, გაუქმდა 9 თანამდებობა.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შესახებ, გიორგი ფანიაშვილს ეცნობა ერთი თვით ადრე, ხოლო „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199-ე დადგენილების შესაბამისად, მას შესთავაზეს სისტემაში (კერძოდ, დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც უარი განაცხადა.

გიორგი ფანიაშვილმა გვითხრა, რომ ფორმალურად მართლა მიიღო შეთავაზება ინდოეთში ან მოლდოვაში საქმიანობის გაგრძელების შესახებ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ორი სამუშაო დღეც კი არ ჰქონდა მოსაფიქრებლად, ხოლო უპასუხობა უარად ჩაითვლებოდა. მისი შეფასებით, ეს იყო ფორმალური შეთავაზება, რითაც კანონი ზედაპირულად დაიცვეს.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG