Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის კოდექსი და სამი მოადგილე - როგორი იქნება მინისტრ წულუკიანის კულტურა


თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მეხუთე დღეს მოადგილეები წარადგინა - 3 ადამიანიდან ორი იუსტიციის სისტემაში მუშაობდა, ერთი - საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

პირველ ბრიფინგზე, კულტურის ახალ მინისტრს არაფერი უთქვამს ამ სფეროში გეგმებზე, თუმცა ვრცლად ისაუბრა პოლიტიკურ თემებზე: რომ ამერიკა და კერძოდ აშშ-ის სენატი ოპოზიციით უკმაყოფილოა, ქართულ ოცნებას კი დემოკრატიულ ძალად მიიჩნევს.

რა მოლოდინებით დახვდა სექტორი ახალ მინისტრს და როგორია პირველი შეფასებები

ჯერ კიდევ მაშინ, როცა თეა წულუკიანი პარლამენტის დეპუტატი იყო, დაიწყო კამპანია CancelThea - რომლის მიზანიც იყო ხელი შეეშალათ იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის გამხდარიყო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი. კამპანიის მონაწილეები თვლიდნენ, რომ: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული.”

კულტურის მინისტრმა მოლოდინები სექტორში გარკვეულწილად თავად განსაზღვრა. ჯერ კიდევ პარლამენტარის რანგში ის ხვდებოდა კულტურის მუშაკებს და სტუმრობდა კულტურულ ინსტიტუციებს. ის ადამიანები, რომელებიც ამ დახურულ შეხვედერებს ესწრებოდნებ რადიო თავისუფლების ეუბნებიან,რომ კულტურის მომავალი მინისტრი საკმაოდ ხისტი იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე, მიუთითებდა კონკრეტულ პროექტებზე, რომელთა დაფინანსებასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამართებულად მიიჩნევდა და აფრთხილებდა კულტურის მუშაკებს, რომ თუკი მისთვის მისაღებად არ იმუშავებდნენ, მათთან საუბრის ტონს კიდევ უფრო გაამკაცრებდა.

ახლა, როცა წულუკიანი უკვე მინისტრია კულტურის სფეროს ის მუშაკები, რომლებიც დამოუკიდებელი პროექტებისთვის ფულს ბიუჯეტიდან იღებენ, საჯაროდ ახალი მინისტრის პოლიტიკის კრიტიკისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ იმ ადამიანებს, ვინც მათთან ერთად მუშაობს.

ის, რომ კულტურის მინისტრისთვის განსხვავებული აზრის კვლევა მნიშვნელოვანი იქნებოდა სისტემის შიგნით, მან საჯაროდაც თქვა პოსტ ტვ-სთან ინტერვიუში.

“თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას. თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი. ამიტომ ეს მე არ მეჩვენება ერთი და იმავე სისტემად” ,– განაცხადა თეა წულუკიანმა შალვა რამიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დღეს მედიას შეეძლო მოესმინა მინისტრისგან როგორ აპირებს ის განსხვავებული აზრის გამოვლენას და როგორ იმოქმედებს, თუ კი ჩათვლის რომ ეს აზრები ორგანიზაციის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს, თუმცა თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენის შემდეგ ამერიკის სენატში პოლიტიკურ განხილვებზე ისაუბრა და კითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.

“დიქტატურა ყველგან! გეშინოდეთ ანუ საკუთარი აზრის გამოხატვის და “ენა დაიმოკლეთო” სამსახურის შენარჩუნება თუ გინდათო! გილოცავთ! გააგრძელეთ დუმილი კოლეგებო! იქამდე არ იქნება ჩემი ფეხი საქართველოს სცენაზე სანამ ეს ძალიან არაჰუმანური და დიქტატორი “ქალბატონი” მართავს ჩემს სფეროს!” - ასე გამოეხმაურა საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მინისტრის განცხადებას. ჯერჯერობით ეს არის ყველაზე მკვეთრი საჯარო პასუხი სახელოვნებო სფეროდან, რაც მინისტრის “ხელოვნების მოთვინიერების” მცდელობას მოყვა.

მწერალ და დრამატურგ ლაშა ბუღაძისთვის გაურკვეველია, რატომ ამოიღო სამიზნედ კულტურის მინისტრმა თეატრის მსახიობები, მაშინ როდესაც მათი უმეტესობა ისედაც ჩუმადაა.

“ძირითადად ამ ქალს [თეა წულუკიანს] პასუხობენ მწერლები და მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. მსახიობების დუმილს საქართველოში ტრადიცია აქვს, ეს პრაგმატული დუმილია, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ უტიფრობას თუ ახლა აიტან, მერე უფრო მეტი უტიფრობის ატანა მოგიწევს, ეს ლოგიკური იქნება” - ამბობს ლაშა ბუღაძე.

“ვინც შეიძლებოდა დანიშნულიყო, მათ შორის საუკეთესო კანდიდატურაა, უფრო მალე ამოვა ზედაპირზე ის ცუდი, რაც კულტურაში ხდება. წულუკიანზეა მიმართული მედიაყურადღება და როგორც კი რაიმე გადაცდომა იქნება, რეაგირება მედიისგან უფრო სწრაფი იქნება. აქამდე მხოლოდ კულტურის სფეროს მუშაკები ვიბრძოდით და ვლაპარაკობდით სისტემის ხარვეზებზე და მინისტრების შეცდომებზე და ახლა მგონია, რომ მხოლოდ ჩვენი საჯიკაო აღარ იქნება და საზოგადოება უფრო გაიგებს” - უთხრა რადიო თავისუფლებას თანამედროვე ხელოვნების მკვლევარმა, ნიკოლოზ ნადირაშვილმა.

ის თვლის, რომ კულტურის სამინისტრო თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელოვნებო წრეს ვერაფერს დააკლებს მხოლოდ იმის გამო, რომ არც აქამდე უკეთებდა მნიშვნელოვანს არაფერს. უწყების ბიუჯეტის 80% ნიკოლოზ ნადირაშვილის გათვლით მასსავე დაქვემდებარებულ ორგანიზაციებზე, სსიპ-ებსა დ აიპპ-ებზეა მიმართული და დამოუკიდებელ პროექტებს სახელმწიფო არც აქამდე თვლიდა მნიშვნელოვნად.

მათი ნაწილი ვინც დღეს თავისუფლებას ესაუბრა, ამბობს, რომ მინისტრი არ დაუპირისპირდება სისტემასთან ჰარმონიულად შეზრდილ სახელოვნებო ინსტიტუციებს. ის მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამცემ ორგანიზაციებს, მაგალითად კინოცენტრს და წიგნის სახლს, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალებზე, სახელოვნებო ბაზრობებსა და პროექტებზე წარსადგენი ნამუშევრების შერჩევაზე.

“მწერლებს შეხება კულტურის სამინისტროსთან თითქმის არ აქვთ, ირიბი შეხება აქვთ წიგნის სახლის გავლით. თუკი ეს ქალი [ თეა წულუკაინი] გადაწყვეტს დამატებითი პრობლემები შეუქმნას მთარგმნელობით პროგრამას, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ეს უკვე სხვა საკითხი იქნება და რეაქციას ნამდვილად მიიღებს და საკმაოდ მკვეთრსაც” - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე. მას აქვს მოლოდინი, რომ მინისტრი მისი გუნდის პოლიტიკური ციკლის დასასრულს კულტურის სფეროში ბევრი ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებს.

“ასეთი დასარულის დროს უფრო უხეში და ბანალურად შეუბრალებელი ხდება ხოლმე ყველა პოლიტიკური რეჟიმი. ყველა გრძნობს, რომ აქ რაღაც გარღვევასთან და რეფორმასთან კი არა, სხვადასხვა ფორმით სადამსჯელო ღონისძიებებთან და კონტროლთან გვექნება საქმე, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. ბოლოს და ბოლოს როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება? სადღაც ვიღაცამ კულისებში რომ შეაგინოს ივანიშვილს, წულუკიანი როგორ გამოააშკარავებს ამას?” - კითხულობს ლაშა ბუღაძე.

რეფორმების გატარების დაპირება თეა წულუკიანს ჯერ არ გაუცია. ერთადერთი, რაც 24 მარტს ითქვა, იყო ის, რომ სამინისტრო კულტურის კოდექსს შეიმუშავებს - რა საკანონმდებლო ხარვეზებს ამოავსებს ეს კოდექსი, ან რა იქნება მისი მოქმედების არეალი უცნობია.

“კანონი უნდა ეფუძნებოდეს საჭიროებების კვლევას, ანალიზს. ჩვენ კულტურის კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ გვაქვს დასახვეწი. რა მხრივაც არის დასახვეწი, იმ მხრივ უნდა დაიწყოს მუშაობა. მე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, როცა ერთი დღის მოსული მინისტრი მეუბნება, რომ ქმნის კულტურის კოდექსს. საერთოდ, რომელ კულტურაზე ლაპარაკობს, კულტურის გაგება მრავალმხრივია, რას გულისხმობს ის? კანონმდებლობა ურთიერთობის კულტურის გარეშე უკვე დიქტატურაა” - უთხრა რადიო თავისუფლებას ხელოვნების კურატორმა ლალი პერტენავამ.

მინისტრის პირველი პრესკონფერენცია და ახალი მოადგილეები

თეა წულუკიანის პრესკონფერენცია 11:30-ზე იყო დანიშნული, 10 წუთით ადრე მეხუთე სართულზე მდებარე დარბაზის კარი დაიკეტა, დაცვის სამსახურმა კი ბრიფინგზე დასწრების მსურველი ჟურნალისტები, ვინც 11:20 წუთის შემდეგ მივიდნენ, ზემოთ აღარ აუშვა. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობას ჯერ-ჯერობით მთავრობის პრესსამსახური კურირებს. ბუნდოვანია სამინისტროს იმ თანამშრომლების ბედი, ვინც სამინისტროების გაყოფამდე კულტურის და სპორტის მიმართულებით მუშაობდა - არც ის არის ცნობილი, როდის წარადგენს მინისტრი თავის ხედვას და გუნდის დანარჩენ წევრებს. 24 მარტს თეა წულუკიანმა თქვა მხოლოდ ის, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და ამ კანონზე ახლადდანიშნული მოადგილეებიდან ერთ-ერთი, იოსებ ბაღათურია იმუშავებს.

თეა წულუკიანი სამინისტროში მოადგილეებს წარადგენს
თეა წულუკიანი სამინისტროში მოადგილეებს წარადგენს

კახა სიხარულიძე - პირველი მოადგილე

კარიერული დიპლომატი, როგორც მინისტრმა თქვა, “პატივსაცემი ასაკის ადამიანი” რომელიც დიპლომატიურ სამსახურში იყო 1993 წლიდან ყოფილი ელჩი რამდენიმე ქვეყანაში. კახა სიხარულიძე მინისტრთან ერთად საგარეო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდება.

“ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. კახა სიხარულიძე ჩვენს სამინისტროში საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს“, – თქვა თეა წულუკიანმა.
კახა სიხარულიძის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ პროფესიით ჟურნალისტი საგარეო უწყებაში მუშაობამდე იყო საავიაციო ქარხნის გაზეთის და გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” კორესპონდენტი. “ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა” მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო, რომელიც 1987 წელს დაიცვა. სიხარულიძე იტალიაში ელჩად დანიშვნამდე, 2012 წლის ივლისიდან „მეცხრე არხზე“ საერთაშორისო სიახლეებს კურირებდა.

სოსო გიორგაძე - მეორე მოადგილე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი

სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოქმედი მოადგილეა 1 აპრილამდე. სისტემაში ის 2013 წლიდან მუშაობს, თუმცა როგორც თეა წულუკიანმა თქვა, ის მისი გუნდის წევრი იყო 2012 წლიდან, როცა პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდნენ ის და მისი თანამოაზრეები. ახლა, თეა წულუკიანის უწყებაში, “როგორც ყველაზე ახალგაზრდა”, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულების კურატორი იქნება.

“სხვადასხვა დროს ის იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ბოლოს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო”- განაცხადა წულუკიანმა.

სოსო გიორგაძის სახელი ნახსენები იყო 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სავარაუდოდ ათასობით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმეზე. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმეში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები. იუსტიციის მინისტრი და სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობდნენ და ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებდნენ.

სოსო გიორგაძე იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის სამმართველოს უფროსი იყო მაშინ, როცა საქართველომ უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები გაამკაცრა. საქართველოში მცხოვრები და მომუშავე უცხოელებისთვის ეს ცვლილება მაშინ მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წერდა, რომ “ახალი კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება არაგონივრულად ართულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურებს, გაუმართლებელ პრობლემებს უქმნის საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს, ინვესტორებს თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ცხოვრების მსურველებს.”

იოსებ ბაღათურია - მესამე მოადგილე

„იოსებ ბაღათურია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსი იურისტია. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იოსებ ბაღათურიას აქვს გენპროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული გამოცდილება და იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“, – განაცხადა წულუკიანმა მისი წარდგენისას.

მართლაც, 1998 წლიდან 2008 წლამდე იოსებ ბაღათურია სხვადასხვა საპროკურორო საქმიანობას ეწეოდა, 2008 წლიდან 2014 წლამდე სხვადასხვა მუნიციპალური სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013 წლის სექტემბრიდან სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრია, 2016 წლიდან კი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი. კულტურის მინისტრის მოადგილე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლის ბოლოდან იკავებს, 2014 წლიდან კი სისხლის სამართლის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრია.

“სოსო ბაღათურია არის მართლმსაჯულებისთვის დანაკარგი, ხოლო იუსტიციის სამინისტროსთვის ის შენაძენია” - ასე წარადგინა თეა წულუკიანმა ის 2014 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე. თავად ბაღათურია ამბობდა, რომ სასამართლოდან იმიტომ წამოვიდა, რომ იუსტიციის მინისტრთან მუშაობა საამაყოა.

კულტურის მუშაკთა ნაწილი იმას, რომ არც მინისტრს და არც მის მოადგილეებს კულტურის სფეროსთან ამ დრომდე მჭიდრო კავშირი არ ჰქონიათ და სფეროს არ იცნობენ, პრობლემად მიიჩნევს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს არსებითი პრობლემა არ იქნებოდა, მათ რომ რეალური გეგმა, საინტერესო ხედვა და სფეროში დაგროვილი პრობლემის გადაჭრის გზები შემოთავაზებინათ.

XS
SM
MD
LG