Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაული თბილისში - დიღმის ჭალები ქრება 


დიღმის ჭალების უნიკალურ ეკოსისტემას მიზანმიმართულად ვანადგურებთ. ჭალების ნაცვლად, წითელ წიგში შეტანილი ცხოველები ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდნენ.

დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ჭალა და მისი მიმდებარე ტერიტორია სულ 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი დღეს კერძო საკუთრებას წარმოადგენს, 123 ჰექტარი კი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია.

ბოლო წლების განმავლობაში და, განსაკუთრებით, 2015 წლიდან დიღმის ჭალების ტყეები შეუქცევლად ნადგურდება. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ამ ტერიტორიაზე მშენებლობები, ინერტული მასალის მოპოვება და ასე შემდეგ.

დიღმის ჭალების ტერიტორიის ნაწილი 2010 წელს
დიღმის ჭალების ტერიტორიის ნაწილი 2010 წელს

იგივე ტერიტორია 2020 წელს
იგივე ტერიტორია 2020 წელს

„ეს ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაულია თბილისში“, - ამბობს მკვლევარი ანა ტრაპაიძე, რომელმაც მარიამ ხვედელიძესთან ერთად ეს საკითხი შეისწავლა. აქტივისტები ცდილობენ დიღმის ჭალების ეკოლოგიური კრიზისის გადაჭრის გზები იპოვონ.

რატომ არის დიღმის ჭალები მნიშვნელოვანი

ჭალის ტყეები ისრუტავს მდინარის კალაპოტიდან გადმოსულ წყალს, რითაც წყალდიდობის პრევენცია ხდება. გარდა ამისა, ჭალა უამრავი იშვიათი ფრინველისა თუ ცხოველის საცხოვრებელი ადგილია. აქ ბინადრობს წავი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. წავების ჰაბიტატის შესანარჩუნებლად 2020 წლის ბოლოს ჭალის კუნძული ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორიაც კი გახდა.

ჭალის ტყეში ღამით დაფიქსირებული წავები წყარო: http://ecofilms.ge/
ჭალის ტყეში ღამით დაფიქსირებული წავები წყარო: http://ecofilms.ge/

აქვე ბინადრობენ ბერნის კონვენციით დაცული ცისფერი ალკუნი, დიდი თეთრი ყანჩა, პატარა ყანჩა, ღამის ყანჩა, ჭაობის კუ და ხმელთაშუაზღვეთის კუ, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

შაგრენის პარკი

2015 წელს თბილისის მერიამ დიღმის ჭალები შეამჩნია და გადაწყვიტა იქ ქალაქის ყველაზე დიდი პარკი გაეშენებინა. თავიდან პარკს 50 ჰექტარი უნდა დაეკავებინა, 2019 წელს კი ეს ფართობი 15 ჰექტარამდე შემცირდა. დაპირებიდან 6 წლის შემდეგაც კი პარკის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. არადა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ნაგავსაყრელი შუა ქალაქში

დიღმის ჭალებს დღეს უამრავი პრობლემა აქვს, ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებით დაწყებული, განაშენიანებით დასრულებული, თუმცა ამჯერად ყურადღებას უკანონო ნაგავსაყრელებზე შევაჩერებთ. დიღმის ჭალების უნიკალური ეკოსისტემა ნარჩენების განთავსების ადგილად არის ქცეული. ადგილობრივმა აქტივისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ დაბინძურებულია 40 ჰექტარამდე ტერიტორია ზედ განთავსებული 400 000 კუბური მეტრზე მეტი ნარჩენით, ანუ ჭალის ტყის უდიდესი ნაწილი ნაგვის გორებშია ჩაფლული.

ხეების ფესვები გაშიშვლებულია, საკვების გარეშეა დარჩენილი და გახმობა ემუქრება. მტკვარში ჩაყრილია ნარჩენები, რომელიც, შესაძლოა, იყოს კანცეროგენული“, - ამბობს მარიამ ხვედელიძე.

ნაგავსაყრელი დიდ საფრთხეს უქმნის ცხოველებსაც, ის აბინძურებს, ასევე, მტკვარს, რადგან ნარჩენები წვიმას მდინარეში ჩააქვს, ხანდახან კი ნაგავს პირდაპირ წყალში ყრიან.

ნაგავსაყრელი დიღმის ჭალებში
ნაგავსაყრელი დიღმის ჭალებში

საქართველოს ნარჩენების კოდექსის მე-8 მუხლით, „მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს დააკისროს“.

თუ დაბინძურებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში არაა, მისი დასუფთავების ვალდებულება თავად მუნიციპალიტეტს ეკისრება.

ჩვენი დაკვირვებით, სატვირთო მანქანები სამშენებლო ნაგვით მოდიოდნენ, ამ ნაგავს კარიერში ყრიდნენ, მაშინვე ხრეშით იტვირთებოდნენ და მიდიოდნენ. ეს ფინანსურად ძალიან მომგებიანია. რადგანაც მერიამ ვერ აღმოაჩინა, ვინ ყრის ნაგავს, ვისიც არის ტერიტორია, იმან უნდა დაასუფთაოს. ნაწილი არის მერიის საკუთრება, ნაწილი - განათლებისა და მეცნირების სამინისტროსი. ჩვენ მერიას მივართეთ, რომ ზომები მიეღო და განათლების სამინისტროსთვისაც დაევალებინა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. თუ ისევ არაფერი გაკეთდა, სასამართლოს მივმართავთ“, - ამბობს ანა ტრაპაიძე.

სამშენებლო ნაგავს დიღმის ჭალაში ყრიან
სამშენებლო ნაგავს დიღმის ჭალაში ყრიან

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიღმის ჭალების ნაგვისგან გასათავისუფლებლად ათობით ოქმია გამოწერილი, რომლებიც უკვე სააღმსრულებლო სამსახურს გადაეცა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ისინი ზომებს მიიღებენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG